8 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ გარდაიცვალა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ბექა გოცირიძე. 37 წლის სპორტსმენის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
ის 2005-2009 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების ერთ-ერთ იმედისმომცემ თავდამსხმელად მიიჩნეოდა. მიუხედავად სპორტული კარიერისა, ბოლო პერიოდში იგი აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში, იყო "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი და საკუთარ პოზიციას სოციალური ქსელების მეშვეობითაც ხშირად გამოხატავდა.
მომხდარს უკვე გამოეხმაურნენ როგორც სპორტული სამყაროს წარმომადგენლები, ისე პოლიტიკური ოპონენტები. კერძოდ, პოლიტიკური მოძრაობის "სართული - ახალი თაობის ძალა“ ლიდერმა, ვადო მაჭავარიანმა, სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ხაზი გაუსვა, რომ სიკვდილთან ყოველგვარი პოლიტიკური დაპირისპირება სრულდება და საზოგადოებას გარდაცვლილის მიმართ ეთიკური მოპყრობისკენ მოუწოდა.

"ბექა გოცირიძე გარდაიცვალა; და მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებით ამ ბოლო დროს გადაკიდებული იყო ჩემზე და ჩვენზე, ყველა მეორე ვიდეოში მახსენებდა, გვახსენებდა უზრდელურად, მაინც მინდა ვთქვა, რომ სიგიჟეა და არ შეიძლება, რომ ადამიანის სიკვდილი გვანიჭებდეს სიხარულს.
ამიტომ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ გვისმენთ, ჩვენ გვენდობით და ვინც ჩვენი ვიდეოებიდან გაიცანით ის უარყოფით კონტექსტში, ძალიან გთხოვთ, რომ ნუ მოვიხსენიებთ გარდაცვლილ ადამიანს ცუდად და მოდი, ვუთხრათ საკუთარ თავებს უბრალოდ ის, რომ ცხონდეს ყველა ისე, როგორც დაიმსახურა.
პირადად ჩემის მხრიდან, მინდა მივუსამძიმრო იმ ორ მოხუც ადამიანს, ვისთვისაც ის შვილი იყო და ასევე ბავშვს, პატარას, ვისთვისაც ის მამა იყო. მოდი ვიფიქროთ, ამ ადამიანებზე, ვინც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან და არაფერი დაუშავებიათ.
ეს მინდოდა მეთქვა და იმიტომ მინდოდა ეს მეთქვა, რომ პასუხისმგებლობა ვიგრძენი, რადგან ბევრი მის მიმართ აგრესიული იყო, მათ შორის ჩვენი, პირადად ჩემი ჩაწერილი ვიდეოების გამო, რომლებშიც მის გამო დაჭერილ ორ ბიჭზე ვსაუბრობდი.
რა თქმა უნდა, თავისუფლებას ვუსურვებ ჩვენს თანამებრძოლებს. რა თქმა უნდა, ეს ვიდეო შეიძლება ბევრს არ მოეწონოს; ვიღაცამ დამიძახოს ამის გამო პოპულისტი, რაღაც პიედესტალზე მდგომი, მაგრამ რა ვიცი, აბსოლუტურად, გულწრფელად მინდოდა, რომ ეს მეთქვა და ვიგრძენი, რომ ეს უნდა მეთქვა.
ასე გამზარდეს, ეგეთი ვარ და ეს მგონია ახლა სწორი: სიკვდილთან ყველანაირი პოლიტიკური მტრობა ან დაპირისპირება მთავრდება..." - ამბობს ვადო.
წაიკითხეთ ასევე: