გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ალექსეევის მკვლელობის მცდელობის შემსრულებელი, ლიუბომირ კორბა უკრაინის სპეცსამსახურების აგენტი იყო, - ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა.
უწყების მტკიცებით, ლიუბომირ კორბას ვაჟი, ლუბოშ კორბა, პოლონეთის სადაზვერვო სამსახურების დახმარებით რეკრუტირებაში მონაწილეობდა. რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ლიუბომირ კორბა რუსეთში კიშინიოვისა და თბილისის გავლით ჩავიდა და თვეში 2 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ სამხედროების, მათ შორის ალექსეევის, თვალთვალი დაიწყო.
მათივე ინფორმაციით, მკვლელობის მცდელობის დღეს კორბა რუს გენერალს ლიფტთან დაელოდა და ოთხჯერ ესროლა, რის შემდეგაც დუბაიში გაფრენის ინსტრუქცია მიიღო, საიდანაც რუმინეთში, შემდეგ კიევში უნდა გამგზავრებულიყო.
რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მკვლელობის მცდელობის კიდევ ერთი თანამონაწილე, ვიქტორ ვასინი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის“ მხარდამჭერი იყო და თავდასხმის მზადებაში ტერორისტული მოტივით მონაწილეობდა. მან კორბასთვის ბინა იქირავა და მგზავრობის ბილეთები უყიდა.
ცნობისთვის, რუსული მედია წერს, რომ კორბამ 6 თებერვალს, ალექსეევს ცეცხლი მაყუჩიანი „მაკაროვის „სისტემის პისტოლეტიდან გაუხსნა და მიიმალა. რუსი გენერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე საათის შემდეგ კოლბა რუსეთიდან გაიქცა. დუბაიდან ექსტრადირების შემდეგ, იგი მოსკოვში დააკავეს.