თბილისში, "ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გამართულ ფორუმზე - "ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება საქართველოს გულისთვის“, მსახიობმა ნინო კასრაძემ ვრცელი და ემოციური სიტყვა წარმოთქვა. მან პირველად ისაუბრა რუსთაველის თეატრიდან წასვლის მიზეზებზე და კულტურის სფეროში არსებულ მძიმე კრიზისზე.
"მე რუსთაველის თეატრის მსახიობი აღარ ვარ 2019 წლიდან. ამაზე არასოდეს არ მისაუბრია, მაგრამ ახლა ვიტყვი: იმ ცნობილი მოვლენების, გავრილოვის საქმის შემდეგ, ჩავთვალე, რომ შეუძლებელი იქნებოდა ჩემი იქ ყოფნა. რუსთაველის თეატრმა გამხადა ის, რაც ვარ, მაგრამ ადამიანები და ვითარება იცვლება - ჩვენ უნდა მოვიქცეთ ჩვენი მრწამსის და სინდისის მიხედვით.
მომავალ პოლიტიკოსებს მინდა ვუთხრა, - საქართველო მხოლოდ კულტურასთან ერთად უნდა დაინახოთ. მხოლოდ კულტურა უნდა იყოს ქვეყნის ავანგარდი. დღეს რაც ხდება, უმძიმესი მდგომარეობაა. სულ რამდენიმე დღის წინ ბათუმის თეატრმა სპექტაკლი მოხსნა იმ მიზეზით, რომ რეჟისორი თავის პოლიტიკურ აზრს გამოხატავდა. ეს დასასრულის დასასრულია. როცა სცენაზე განსხვავებული აზრი იდევნება, იქ თეატრი და კულტურა ვერ იარსებებს.
პარადოქსულ მდგომარეობაში ვართ. როგორც ჰამლეტმა თქვა, რაღაც დალპა ამ დანიაში... აი, ასეთ კანონებს იღებენ. თუ ასე ვიცხოვრეთ, ხვალ პროტესტის გამომთქმელი აღარავინ დარჩება, რადგან ხელოვნება თავისი არსით სუბიექტურია.
იგივე ხდება კინოშიც. მესამე წელია კინოცენტრი აღარ ფუნქციონირებს. თბილისის საერთაშორისო ფესტივალი დაფინანსების გარეშეა და სულს ღაფავს. კერძო თეატრები განწირულები არიან - გადასარჩენად ან კომპრომისზე უნდა წავიდნენ, ან გაჭირვებაში იყვნენ. კინოცენტრი ჩვენი მთავარი არტერია იყო, ახლა კი კინოხელოვანების 70% ბოიკოტშია. ეს ხალხი რეკლამებში ან დროებით სამუშაოებზე გადავიდა. დღესვე რომ შეიცვალოს სიტუაცია, ხუთ-ექვს წელიწადშიც ვერ დავუბრუნდებით იმ დონეს, სადაც გაგვაჩერეს.
კულტურა ისეთივე მნიშვნელოვანია მომავალი საქართველოსთვის, როგორც ჯანდაცვა, უსაფრთხოება თუ სტრატეგიული პარტნიორობა. ნახეთ, რა ხდება წიგნის ფესტივალზეც - 2018 წელს ფრანკფურტში ჩვენი კულტურა უნიკალურად წარვადგინეთ, დღეს კი ფესტივალს დაფინანსება არ აქვს და წვალობს. მუზეუმებშიც უმძიმესი მდგომარეობაა.
დმანისის თეატრის რეჟისორი, ლაშა ჩხვიმიანი, რომელმაც იქაურობა გააცოცხლა, გაუშვეს. მას შემდეგ იქ ერთი სპექტაკლიც არ ჩატარებულა. ახალგაზრდებს ჩამოსვლის ეშინიათ - შიშია დამკვიდრებული.
ადამიანი დღეს ისეა დაკავებული თავის გატანით, რომ შეიძლება ვერც ამჩნევდეს, რა ხდება გარშემო. ზუსტად ამისთვისაა საჭირო ხელოვნება, თეატრი და კინო. ეს არის ის, რაც გადაარჩენს მომავალ თაობას ნარკოდამოკიდებულებისგან თუ სხვა მავნე ჩვევებისგან. კულტურა ჩვენი სისხლმდინარე ჭრილობაა და მას გაფრთხილება სჭირდება".