ავტორი:

"მარკო რუბიომ ცალსახად განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობებმა უნდა წამოიწიოს აშშ-ის დღის წესრიგში" - მაკა ბოჭორიშვილი

"მარკო რუბიომ ცალსახად განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობებმა უნდა წამოიწიოს აშშ-ის დღის წესრიგში" - მაკა ბოჭორიშვილი

აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას აქვს ძალიან ნეგატიური მემკვიდრეობა საქართველოსთან მიმართებით. სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ცალსახად განაცხადა, რომ ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს და საქართველოსთან ურთიერთობები უნდა წამოიწიოს აშშ-ის დღის წესრიგში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

  • ბოჭორიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში ვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც გადაიდგმება აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით.

"მქონდა შესაძლებლობა, მილანის ოლიმპიადის გახსნის ფარგლებში, გავსაუბრებოდი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს. ერთი რამ რაც ცხადია და გაცნობიერებულია, არის ის, რომ ახალ ადმინისტრაციას აქვს ძალიან ნეგატიური მემკვიდრეობა საქართველოსთან მიმართებაში, რაც დახვდათ. სახელმწიფო მდივანმა ცალსახად განაცხადა, რომ ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს, საქართველოსთან ურთიერთობები გარკვეულწილად უნდა წამოიწიოს აშშ-ის დღის წესრიგში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც გადაიდგმება აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების და შემდგომ უკვე იმ საკითხების განსახილველად, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. გვსურს სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან. სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დატვირთული იქნება შინაარსით ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, მარკო რუბიოსთან შეხვედრის პარალელურად, მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ, ვაშინგტონში არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გამართა, შესაბამისად, საბოლოო ჯამში, ქართულ მხარეს აქვს აშშ-ის დღის წესრიგში საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის საკითხის გააქტიურების მოლოდინი.

"პარალელურად, თქვენ იცით, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იმყოფებოდა ვაშინგტონში და მართავდა შეხვედრებს საკმაოდ მაღალი დონის წარმომადგენლებთან სხვადასხვა ინსტიტუტებში. რა თქმა უნდა, ესეც იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, ჩვენი ურთიერთობების დეტალებზე უფრო მეტად გვესაუბრა. ჩვენ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ აშშ-ის დღის წესრიგში საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის საკითხი უფრო აქტიურად დადგება“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

გარდა ამისა, ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ "საკმაოდ შინაარსიანი საუბარი შედგა“, როგორც ჯეი დი ვენსთან, ისე მარკო რუბიოსთან და განიხილეს ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც საქართველოს და აშშ-ის დღის წესრიგში დგას.

"ორივე დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა კომუნიკაცია გვქონოდა აშშ-ის წარმომადგენლებთან. პირველ დღეს უფრო მეტად კომუნიკაცია შედგა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან, ხოლო მეორე დღეს უფრო მეტად საუბარი შედგა სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან, რომელიც იყო საკმაოდ შინაარსიანი და იმ მოკლე დროშიც ჩვენ შევძელით იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილება, რაც დღეს დგას საქართველო-აშშ-ის დღის წესრიგში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.