დღეს ცნობილი გახდა, რომ "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარედგინება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განუცხადა.
"როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ნიკა მელიას ამ შემთხვევაშიც სასამართლოს შეურაცხყოფას ედავებიან, თუმცა ახლა უკვე საქმე ეხება ლისის ტბის ტერიტორიაზე, მისი დაკავების ადმინისტრაციული საქმის განმხილველ მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანს. ეს არის ის საქმე, როდესაც ნიკა მოიტაცეს, თუმცა, პირიქით, აქეთ დააჯარიმეს. აბსურდული ვერსია რომ შემოგვთავაზეს, თითქოს პოლიციელებს ვერაზე შეურაცხყოფა მიაყენა და მერე ლისის ტბაზე დაიჭირეს. რეალურად იყო მოტაცება.
ახალი ბრალი წარედგინება 366-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სწორედ სასამართლოს შეურაცხყოფას გულისხმობს. მითხრეს, მტკიცებულებებს გადმოგცემთ ბრალის წარდგენის შემდეგო".
მისივე ინფორმაციით, ბრალის წარდგენა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 15:00 საათზეა დაგეგმილი.
ნიკა მელიას მეუღლე მაიკო ბეგიაშვილი ახალ ცნობას სოცილურ ქსელში ეხმაურება და წერს:
"რას აკეთებთ, ნიკას ვერ მოერევით, თქვე უსამართლო ბოროტებო! ოჯახის წევრების დახოცვა თუ გადაწყვიტეთ, ნერვიულობით, ვერც მაგას მოესწებით".