ავტორი:

მთავრობა თსუ-ს და სტუს-ს შერწყმის გადაწყვეტილებას ცვლის - კობახიძის თქმით, "უნივერსიტეტები აღარ გაერთიანდება"

მთავრობა თსუ-ს და სტუს-ს შერწყმის გადაწყვეტილებას ცვლის - კობახიძის თქმით, "უნივერსიტეტები აღარ გაერთიანდება"

საქართველოს მთავრობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის.

შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. კობახიძემ ბრიფინგი განათლების მინისტრთან ერთად გამართა. კობახიძის თქმით, "უნივერსიტეტები აღარ გაერთიანდება"

ბრიფინგამდე კობახიძე სტუ-ის რექტორსა და პროფესორ - მასწავლებლებს შეხვდა.

ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი 29 იანვარს გახდა. გადაწყვეტილებას ორივე უნივერსიტეტის სამეცნიერო საზოგადოებისა და აკადემიური სექტორის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკა ახლდა. განცხადება გაავრცელა თსუ-ის სენატმა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაერთიანების ინიციატივა არ იყო დასაბუთებული და მიზანშეწონილი. ასევე, თსუ-ს წარმომადგენლობითი ორგანო მიიჩნევდა, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი ამ ფორმით უნდა შეწყვეტილიყო და გაგრძელებულიყო მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია. თავის მხრივ კი, განცხადება გაავრცელა სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ. მათი განმარტებით, არ ეთანხმებოდნენ უნივერსიტეტის ავტონომიის ნებისმიერი ფორმით შეზღუდვას, მათ შორის თსუ-თან შესაძლო შერწყმის გზით. საბჭო ასევე სთხოვდა მთავრობას, შეეჩერებინა პროცესი, ვიდრე არ შედგებოდა განხილვა და არ იქნებოდა უნივერსიტეტის თანხმობა.

  • მისი თქმით, სტუ-ში მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება დისციპლინებზე, რომლებიც 90-იან წლებამდე არ შედიოდა სასწავლო პროგრამაში - ტექნიკური პროფილის არმქონე პროგრამები მომავალი ორი წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად. შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 90-იან წლებამდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლებოდა. სტუ-ში მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 90-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი ორი წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში.“- განაცხადა კობახიძემ.