ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, თითქმის ერთთვიანი დუმილის შემდეგ, პირველად გააკეთა კომენტარი ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, მისი შვილი, ადამ კადიროვი ავტოავარიაში მოჰყვა, რა დროსაც მძიმედ დაშავდა.
კადიროვმა გავრცელებულ ინფორმაციას "საინფორმაციო ნაგავი“ უწოდა და მომხდარი "ტექნოლოგიურ მანიპულაციებს" დააბრალა.
კადიროვის თქმით, ჩეჩნეთი აძლიერებს ბრძოლას კიბერდანაშაულსა და "ფეიკ-ნიუსებთან“, რომლებიც რეგიონის წინააღმდეგ არის მიმართული.
ცნობისთვის, ინფორმაცია 18 წლის ადამ კადიროვის მძიმე მდგომარეობის შესახებ პირველად 16 იანვარს გავრცელდა.
ადამ კადიროვი რამზან კადიროვის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი შვილია. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, მას ჩეჩნეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი უკავია.
მისი სახელი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში 2023 წელსაც მოექცა, როდესაც გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში ყურანის დაწვაში ბრალდებულ ნიკიტა ჟურაველს ფიზიკურად უსწორდებოდა. ამ ფაქტის შემდეგ ადამს "ჩეჩნეთის გმირის“ წოდება მიანიჭეს და არაერთი სახელმწიფო ჯილდო გადასცეს.
დამოუკიდებელი მედიასაშუალებები აღნიშნავენ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ჩეჩნური სამთავრობო არხები ადამ კადიროვის მონაწილეობით ძველ კადრებს ავრცელებენ, რათა შექმნან ილუზია, თითქოს ის თავს კარგად გრძნობს და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
წაიკითხეთ ასევე: