ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა და სომხეთის პრემიერ მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს "სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სექტორში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას." შეთანხმება ვენსის ერევანში ვიზიტის დროს შედგა.
ხელშეკრულება 123-ე მუხლის შეთანხმების სახელით არის ცნობილი და ის არის ერთგვარი სამართლებრივი ჩარჩო ამერიკული კომპანიებისთვის, რათა მათ სომხეთში ბირთვული ტექნოლოგიებისა და საწვავისა ექსპორტის შესაძლებლობა მიეცეთ.

როგორც Bloomberg წერს, ეს ამერიკულ ფირმებს საშუალებას მისცემს, კონკურენცია გაუწიონ სომხეთში არსებულ საბჭოთა ეპოქის მეწამორის ატომურ ელექტროსადგურს, რომელიც ამჟამად, მცირე მოდულური რეაქტორებით, ქვეყნის ელექტროენერგიის 40%-ს გამოიმუშავებს.
"ეს [შეთანხმება] ამერიკულ და სომხურ კომპანიებს მომავალში სამოქალაქო ბირთვულ პროექტებზე შეთანხმებების დადების საშუალებას მისცემს. ეს საწყის ეტაპზე ნიშნავს 5 მილიარდ დოლარამდე ამერიკულ ინვესტიციას, პლუს დამატებით 4 მილიარდ დოლარს საწვავისა და ტექნიკური მომსახურებისთვის კონტრაქტების მეშვეობით, გრძელვადიანი მხარდაჭერის სახით“, - განაცხადა ვენსმა ერევანში გამართულ ბრიფინგზე.

"ეს ნიშნავს უფრო ძლიერ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას სომხეთისთვის და ასევე, შექმნის უამრავ ახალ სამუშაო ადგილს“, - აცხადებს აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი.
აღსანიშნავია, რომ ვენსის ვიზიტამდე "როსატომის" წარმომადგენლები მოსკოვში სომეხ ლიდერებს შეხვდნენ და ახალი ბირთვული სიმძლავრეების საკითხზე ყოვლისმომცველი თანამშრომლობა შესთავაზეს.
რეგიონული ალიანსების ცვალებადობის ფონზე. ვაშინგტონი და ერევანი ასევე ზრდიან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, ფაშინიანის თქმით, სომხეთი მიიღებს 11 მილიონი დოლარის ღირებულების ამერიკული დრონების პარტიას.
კავკასიაში ამერიკელი მაღალჩინოსნის ვიზიტი რამდენიმე თვის შემდეგ შედგა, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაში შუამავლის როლი შეასრულა.
ამ შეთანხმების ფარგლებში, სომხეთში გამავალ სატრანზიტო კორიდორს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის ტრამპის მარშრუტი, ანუ TRIPP ეწოდა.