Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარია მომღერალი, ტელეწამყვანი და მსახიობი ნინი ბადურაშვილი. მან ჩვენი მკითხველის შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ინტერვიუდან საინტერესო ეპიზოდებს, ხოლო "სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიას ნახავთ სტატიის ბოლოში.

თიკო:
- ნინი, მოგესალმებით. როგორ მიდის თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ტელევიზიიდან წამოხვედით. დროს ძირითადად რას უთმობთ?
- ტელევიზიას დიდი დრო უნდოდა, ბევრს ვშრომობდი. ახლა მეტი დრო მაქვს იმისთვის, რომ ვიფიქრო, როგორ წარვმართო ცხოვრება კარიერული თვალსაზრისით, როგორ დავლაგდე, რადგან ბევრი რამ მინდა შევცვალო. ის ნინი, რაც იყო, ბოლომდე არა, მაგრამ თითქოს ამოიწურა. მინდა, სიახლეები შევთავაზო ჩემს თავს და მერე - მსმენელს. ამიტომ ახლა ძიების, დაკვირვების, განვითარების პროცესში ვარ და ძალიან მსიამოვნებს, თუმცა თვიდან გამიჭირდა.
ნინო:
- ისე, მაინც რატომ დატოვეთ ცნობილი გადაცემა და წამყვანის სტატუსი, ამას არ ნანობთ?
- რა თქმა უნდა, ეს იყო მძიმე და რთული გადაწყვეტილება, მაგრამ არ ვნანობ, რადგან ცხოვრებაში რაღაც უნდა დასრულდეს მაშინ, როცა ფიქრობ, რომ იმ კონკრეტულ საქმეში თავი ამოწურული გაქვს. შემდეგ ახალი უნდა დაიწყოს და ამის ძიებაშიც ვარ ახლა. ამიტომ არ ვნანობ.
ნათია:
- 2025 წელს ვენეციის კინოფესტივალზე როგორ აღმოჩნდით და რა სტატუსით იყავით იქ წარმოდგენილი? აქვე გაგვიზიარეთ თქვენი ემოციები...
- ეს იყო სრულიად მოულოდნელი, ასეთი რამ ვერც წარმომედგინა. არც ვიცოდი, რომ ამ ფესტივალი სპონსორი "არმანი“ იყო... ამ კომპანიის შუამავალმა ჩემთან დაკავშირება სცადა. "ინსტაგრამზე" ჰქონია მოწერილი, მაგრამ იმის გამო, რომ გზავნილი გამომრჩა, არ წამიკითხავს, ვერ დამიკავშირდნენ. შემდეგ ჩემს მეგობარ კოკის მისწერეს, რადგან მას უწერია, რომ ჩემი მენეჯერია. მისგან შევიტყვე, ვენეციის კინოფესტივალზე უნდა წახვიდე და "არმანის“ სახე უნდა იყოო. სასაცილოდ და არასერიოზულად აღვიქვი, ვიღაც გვაშაყირებს-მეთქი. მანამდე არ დავიჯერე, ვიდრე არ დავრწმუნდი იმაში, რომ ის წარმომადგენელი გოგონა რეალური ადამიანი იყო. მოკლედ, სხვადასხვა ქვეყნიდან სხვადასხვა ცნობილ სახეებს იწვევდნენ, როლებიც ვენეციის კინოფესტივალზე "არმანის“ სახეები იქნებოდნენ. სრულიად ლამაზ ზღაპარში ასე შემთხვევით მოვხვდი.


ემოციები ფანტასტიკური და გასაგიჟებელი იყო იმიტომ, რომ უშუალოდ შევეხე ასეთი დიდი სახლისა და ბრენდის ისტორიას. ამ ფესტივალზე მისი ნაწილი გავხდი და თან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, რადგან იქ ჩემს ქვეყანას წარმოვადგენდი და ამხელა მსოფლიო ბრენდს. ძალიან დიდი ემოციების ქვეშ ვიყავი, მაგრამ მეორე მხრივ მშვიდიც. ჩემი სიმშვიდე წითელ ხალიჩაზე გასვლისას მიკვირდა. საერთოდ არ მინერვიულია, თითქოს ჩემთვის ეს ჩვეული ამბავი იყო - თავდაჯერებული ვიყავი. არ ვიცი, შესაძლოა, გამოცდილების ბრალია, გასვლამდე კი ვღელავდი. ძალიან მსიამოვნებდა ის, რაც იქ ხდებოდა.
უცნობი:
- საკუთარ თავს შორიდან რომ შეხედოთ - როგორ შეაფასებდით და რას ეტყოდით?
- მთელი ცხოვრებაა, ვმღერი, ამიტომ საკუთარ თავს, როგორც პროფესიონალს, ისე შევაფასებ. ჩემზე საერთოდ ორი მოსაზრება არსებობს: ადამიანებისგან გამიგია, რომ მათი აზრით, ვარ ძალიან ცივი, უკარება და ამპარტავანი. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, არც ცივი, არც უკარება და არც ამპარტავანი ვარ, მაგრამ არის ამის საპირისპირო მოსაზრებაც... მე მათი ამ მოსაზრებების სადღაც შუაში ვარ. ამპარტავნება ნამდვილად არ მახასიათებს, შეიძლება უცხო ადამიანებთან დისტანციას ვიჭერ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანებთან კომუნიკაცია არ შემიძლია. პირიქით, ძალიან მიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა, ვფიქრობ, რომ მარტივად შევდივარ კონტაქტში... რეალურად ვარ ძალიან თბილი იმ ადამიანების მიმართ, ვინც ძალიან მიყვარს, ასევე ერთგული, ერთგული მეგობარი, ძალიან შრომისმოყვარე, მიყვარს ჩემი საქმე და ამას დიდ დროს ვუთმობ. არც უხასიათო ვარ, ძალიან მხიარული ვარ, უბრალოდ, მიყვარს ჩემი წრე. ჩემს წრეში ვარ ისეთი, როგორიც ვარ. საკუთარ თავს ვურჩევდი, მეტად რისკიანი ვყოფილიყავი, ახალ-ახალი რაღაცები გამერისკა. მგონი, ახლა სწორ გზას ვადგავარ... ჩემი იმიჯი მაკმაყოფილებს, მაგრამ მინდა რისკები და ახალ-ახალი პროექტები. ვისურვებდი, ნაკლებად ემოციური ვიყო, ამიტომ, ვცდილობ, ემოციის მართვა ვისწავლო.
ნანა:
- ცნობილი ოჯახიშვილობა სასტარტო სიტუაცია იყო იმ იმ კარიერისთვის, რაც დაიწყეთ, თუ თქვენი მონაცემებით ისედაც შეძლებდით საკუთარი თავის იმ დონეზე წარდგენას, როგორც შეძელით?
- ხშირად მესმის, რომ ამას გაუმართლა იმიტომ, რომ ცნობილ ოჯახის შვილია, რა ენაღვლება?! კი, გამიმართლა, რომ ამ ოჯახში დავიბადე, ყველა მხრიდან ცნობილი ადამიანები მახვევია, მაგრამ შრომის გარეშე არაფერი გამომსვლია. გამიმართლა, რომ "ბასტი-ბუბუში“ მოვხდი, ოღონდ, იქ არც ჩემი და არც ჩემი ოჯახის ინიციატივით არ მოვხვედრილვარ. მაკა აროშიძე, რომელიც ძალიან მიყვარს და "ბასტი-ბუბუს“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, ჩვენთან სახლში მოვიდა და ეკას უთხრა, ვიცი, რომ ნინი კარგად მღერის და მინდა, "ბასტი-ბუბუში“ მოვიდეს, ჩვენი სოლისტი გახდესო...

ისე არ ყოფილა, რომ ჩემი ოჯახი სადღაც რეკავდა და ეუბნებოდა, გინდა, თუ არა ნინი ამღერეთ და რაღაც ასეთი. ზღაპრულ "ბასტი-ბუბუში“ რომ მოვხვდი, ეს მართლა გამართლება იყო, სადაც დიდი გამოცდილება მოვიღე. მერეც ისე წარიმართა ჩემი ცხოვრება და გზა, რომელიც ალბათ ბევრი ადამიანისთვის რთულად გასავლელია. ყველაფერი ჩემს შემთხვევაში რაღაც თავისით და ბუნებრივად მოხდა. ცნობილმა ოჯახმა კი შემიწყო ხელი, მაგრამ ეს საქმე არანორმალურად რომ არ მყვარებოდა, დიდი ენერგია არ დამეხარჯა, მგონია, რომ ამდენს ვერ მივაღწევდი...
ვიკა:
- დედამ - ეკა კახიანმა, ბაბუამ - იმედა კახიანმა და მამამ - ერეკლე ბადურაშვილმა თქვენს ცხოვრებაში რა როლი ითამაშეს?
- ეკამ უდიდესი როლი ითამაშა ჩემი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. ახლა ბავშვებს დიდი არჩევანი აქვთ, მარტივად შეუძლიათ ყველაფრის მოსმენა. ინტერნეტი არსებობს და ბევრი სხვადასხვა მუსიკალური პლატფორმაა. ჩემ დროს ასე არ იყო... ეკამ მომცა კასეტები (მაშინ კასეტები იყო), სადაც ჩაწერილი იყო მაიკლ ჯექსონის მთლიანი კონცერტი, უიტნი ჰიუსტონის, სტივი უანდერის, ჯენეტ ჯექსონის სიმღერები და მითხრა, მომესმინა. მოვიხიბლე იმ ყველაფრით, გავგიჟდი. დღემდე მაიკლ ჯექსონის ერთგული ფანი ვარ. ეკამ ამით სწორ გზაზე დამაყენა, მაგრამ მე რომ ასე არ მეცხოვრა, თვითონ არ შემესწავლა, არაფერი გამოვიდოდა. რაც შეეხება ერეკლეს, იმედას, ლალის - უდიდესი როლი აქვთ ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში. განსაკუთრებით ბებია ფლორას. თუ დღეს სწორ ადამიანად აღვიქმები საზოგადოების თვალში, ფლორას დიდი დამსახურებაა. საბოლოოდ კი ყველასი ერთად. მასწავლეს ურთიერთობები, როგორი უნდა იყო ადამიანი, რა არის მიუღებელი, რა არის დასაშვები, სხვას რომ პატივი უნდა სცე. მოკლედ, მათი ერთობლიობა, ამ ოჯახში გაზრდა, მიუხედავად იმისა, რომ დედა და მამა ჩემთან ერთად არ ცხოვრობდნენ. მიუხედავად ამისა, არც ერთთან ურთიერთობა არ დამკლებია.
ლაკო:
- გაიხსენეთ მამასთან ბოლო შეხვედრა...
- ავად იყო, მეც და ყველას ისე გვეგონა, რომ ვირუსი ჰქონდა, ყელი სტკიოდა, ანგინის გამო ხმა ჩახლეჩილი ჰქონდა და ვერ ლაპარაკობდა. მახსოვს, მასთან სახლში ბოლო ასვლა - იწვა და მითხრა, შეუძლოდ ვარო, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ის ჩემი ბოლო შეხვედრა იყო ერეკლესთან. ვერც ის დავუშვი, რომ ჩვეულებრივი ვირუსისგან შეიძლებოდა, ადამიანი აღარ ყოფილიყო. არანაირი წინასწარი გრძნობა არ მქონია, რომ რაიმე ცუდი იყო მოსალოდნელი. მასაც ასე ეგონა, რომ მალე აუცილებლად მორჩებოდა… იმ დღეს მეგობრებთან ერთად უცხოეთში მივფრინავდი და დავემშვიდობე. რომ ჩამოვიდოდი, რაღაც გეგმები გვქონდა - ფილმს იღებდა... სწორედ იმ ფილმის გადაღებების დროს გაცივდა... ის ბოლო შეხვედრა ძალიან ჩვეულებრივი იყო... მერე ჩვენი ნათესავის მიწერილი მესიჯი ვნახე, რომელიც ერეკლეს რამდენიმე დღეში გაუგზავნია: "მგონი, ეს ჩემი ბოლო მესიჯია და მალე აღარ ვიქნები“, - უკვე ძალიან ცუდად გრძნობდა თავს...

ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ მე რატომ არ მითხრა, რომ ასე ცუდად იყო, ეს ნამდვილად არ ვიცოდი. არადა, ყოველდღიური კომუნიკაცია მქონდა, მაგრამ ბოლოს როდესაც მივწერე, აღარ მიპასუხა. მივხვდი, რაღაც არ იყო ისე. რადგან საქართველოში არ ვიყავი, სახლში დავრეკე, ლალის ველაპარაკე. ლალიმ მითხრა, - სასწრაფო გვყავდა, თქვეს, - გადავიყვანთო, მაგრამ არ გაჰყვა, ვირუსი მაქვს და მალე მორჩებაო. რას წარმოვიდგენდი, რომ ვირუსისგან და ჩვეულებრივი გაციებისგან შეიძლება ადამიანი გარდაცვლილიყო. თან ერეკლე ახალგაზრდა, ჯანმრთელი, სიცოცხლით აღსავსე ადამიანი იყო. დიდი გეგმები ჰქონდა... რთულია ამასთან შეგუება... უკვე 6 წელი გავიდა, მაგრამ არის მომენტები, როდესაც სახლში მივდივარ და მინდა დავურეკო, იმ დღის ამბები მოვუყვე, რადგან ასე ხდებოდა ხოლმე, - დღის ბოლოს ვურეკავდი და ამბებს ვუყვებოდი... ვერც იმას ვიჯერებ, რომ ლალიც აღარ არის... აი, ვერ მიიღო ჩემმა ტვინმა რომ ეს ადამიანები ცოცხლები აღარ არიან იმიტომ, ჩემს ცხოვრებაში უდიდესი ადგილი ეკავათ. ვერაფრით ვხვდები, რანაირად აღარ არიან და რანაირად არ შემიძლია, რომ ავდგე, დავურეკო და მოვუყვე ჩემი ამბები...

ანა:
- საზოგადოების ყურადღების ცენტრში პერიოდულად ისეთ კონტექსტში ექცევით, როცა თქვენი მისამართით უარყოფითი შეფასებები მოდის. რატომ ხდება ასე, რით ხსნით ამას?
- არ ვიცი, რას ვაკეთებ ისეთ განსაკუთრებულს, რასაც სხვა არ აკეთებს, ვერაფრით ამოვხსენი... ვფიქრობ, ისეთს არაფერს ვაკეთებ, რომ ადამიანების გარკვეულ ნაწილში ასეთი აღშფოთება გამოიწვიოს. ყველაზე არ მაქვს ლაპარაკი... მაგ ნაწილის ასეთი აღელვება მაინც ხელოვნური მგონია, ალბათ ვიღაცას არ ვუყვარვარ, არ აწყობს ჩემი აქტივობა და უნდა, რეპუტაცია შემილახოს... ამიტომ ეს რაღაც ჯგუფი გადაირევა და საოცარი კომენტარებით შემომესევა ხოლმე.
უცნობი:
- თავის დროზე რატომ შეხვდა საზოგადოების უმეტესობა თქვენი გათხოვების ამბავს ასე ემოციურად?
- ვერც ეს ამოვხსენი. არ ვიცი, ასე ძალიან რატომ ინერვიულა საზოგადოების ასევე რაღაც ნაწილმა იმაზე, თუ ვის გავყევი ცოლად, რატომ გავყევი, მერე რატომ გავშორდი... მილიონი მითქმა-მოთქმა იყო... ხომ ვამბობ, არ ვიცი, ასეთი რეზონანსს რატომ იწვევს ჩემი ცხოვრება... ამიტომ ბოლო დროს საერთოდ არაფერს ვლაპარაკობ, ჩემთვის ვარ... ჩემზე ისიც წამიკითხავს, ნინის ძალიან სიამოვნებს ეს ხმაურიო. დამერწმუნეთ, არასდროს არაფერი სპეციალურად არ გამომიწვევია. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ამაზე პიარს აგებენ - ანტიპიარიც პიარია, მესმის, მუშაობს, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ასე არ არის. მოკლედ, ვერ გეტყვით, რატომ ვექცევი სწორად აღნიშნეთ, "პერიოდულადო"... შეიძლება ვიღაცას ჰგონია, რომ უდარდელი ცხოვრება მაქვს, ასე არ არის. საკმაოდ ემოციური ადამიანი ვარ, საკმაოდ გულთან მიმაქვს ყველაფერი. ძალიან ვცდილობ, რომ ასე არ იყოს, მაგრამ ასეთი ხასიათი მაქვს. ამიტომაც მინდა, რომ ემოციების მართვა ვისწავლო.
ლუკა:
- აპირებთ თუ არა მეორედ დაოჯახებას? გყავთ თუ არა შეყვარებული, თაყვანისმცემელი?
- კი, რა თქმა უნდა, მაქვს სურვილი, მეორედ დავოჯახდე და ისე, რომ მერე აღარ დაინგრეს ოჯახი. ვიტყვი იმას, რომ მარტო არ ვარ ნამდვილად, უბრალოდ, ამაზე დიდი ხნის წინ გადავწყვიტე, რომ საჯაროდ აღარ ვისაუბრო...
მერი:
- საქართველოში ჩემთვის ნომერ პირველი ხართ... როგორ გადაიტანეთ მეუღლესთან განშორება და რას ეტყოდით ქალებს, ვინც განქორწინება გადაწყვიტა?
- უპირველეს ყოვლისა მერის დიდი მადლობა ასეთი კომპლიმენტებისთვის. რთულად გადავიტანე, იმიტომ რომ, არ არის მარტივი ორი ადამიანის დაშორება, ოჯახის დანგრევა. მაგ დროს საკუთარ თავზე კი არ ვფიქრობდი, მეტად ელენეზე, რომელსაც მამისგან შორს ცხოვრება მოუწევდა. ბედნიერებაა, როდესაც ბავშვი ისეთ გარემოში იზრება, სადაც დედა და მამა ერთად არიან და ოჯახი სიყვარულით სავსეა. ქალები, რომლებიც ახლა ამ ძალიან რთული ნაბიჯის გადადგმას აპირებენ (ეს ნაბიჯი მამაკაცების ცხოვრებაშიც რთულია), ვურჩევ, ოჯახი შეინარჩუნოთ თუ კიდევ დარჩა პატივისცემა, სიყვარული. ეცადეთ, ოჯახი არ დაანგრიოთ, მაგრამ თუ პატივისცემა გაქრა, სიყვარულიც აღარ არის და ამ ურთიერთობას მხოლოდ იმიტომ ინარჩუნებთ, რომ ბავშვი არ დაზიანდეს, დამერწმუნეთ, ამ დაძაბულ, არაჯანსაღ გარემოში ის მეტად ზიანდება. ამიტომ დაფიქრდით და ეს ყველაფერი შეაფასეთ - ამ ურთიერთობამ კიდევ გააგრძელოს თავისი გზა, თუ ორივე მხრიდა პატარა შანსიც არსებობს, მაშინ ეცადეთ, ოჯახი არ დაანგრიოთ.
ვინი:
დიდი ტყუილი, რომელიც გითქვამთ, რა იყო?
- მატყუარა არ ვარ, უწყინარ პატარ-პატარა ტყუილებს არ ვგულისხმობ. ტყუილი, რომელიც ადამიანის სასიკეთოდ არ არის, მისი თქმა არ შემიძლია და არც მითქვამს. პირდაპირი ადამიანი ვარ, ტყუილს მირჩევნია, მწარე სიმართლე ვუთხრა და მეც მითხრან ასე სიმართლე, არ დამიმალონ.
ვახო:
- ყველაზე მატად რას ნანობთ?
- მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე შრომისმოყვარე ვიყავი, ჩემს პროფესიას არაფერი დავაკელი, ბევრი რაღაც გავაკეთე და მოვასწარი პროფესიონალური თვალსაზრისით, შემეძლო, მეტად განვვითარებულიყავი. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩემი პროფესიით წავსულიყავი უცხოეთში და ჩამებარებინა, იქ გამეღრმავებინა ცოდნა და დრო არასწორად არ გამეფლანგა... მაგრამ იმდენად მოცული ვიყვი ჩემი პროფესიით, თან შოუბიზნესიც აქტიური იყო, დროს სხვას არაფერს ვუთმოდბდი.
ნია:
- როგორი დედა ხართ? რას გვეტყვით ელენეზე - მღერის? აქვს თუ არა მამასთან ურთიერთობა?
- მეგობრული დედა ვარ ისეთივე, როგორც მე და ეკა ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენს შორის არსებობს ზღვარი. ეს აუცილებელია, რის იქითაც არც შვილი უნდა გადავიდეს და არც - დედა. ამ ზღვარის დაცვას ვცდილობ და მგონი, კარგი ურთიერთობა მაქვს ელენესთან... სამოყვარულო დონეზე მღერის. გეგმაში არ აქვს, რომ მომღერალი იყოს. სხვა განხრით უნდა, რომ წავიდეს. მამასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.

ხშირად ჩადის მასთან და მამაც ხშირად ჩამოდის. ზოგადად მამის ოჯახთან თბილი ურთიერთობა აქვს ისეთი, როგორიც უნდა ჰქონდეს შვილს მამასთან, ასევე ბაბუასთან და ბებიასთან...
უცნობი:
- რა რჩევას მისცემდით დამწყებ მომღერელბს?
- კარგად დაფიქრდნენ, უნდათ თუ არა ამ გზის არჩევა. არ არის მარტივი გზა, მით უფრო, საქართველოში. სამწუხაროდ, ეს შრომა სათანადოც არ ფასდება. ამ პროფესიაში დიდი ენერგიის ჩადება მოუწევთ. თუ მაინც აირჩევენ მომღელის კარიერას, ვურჩევდი, თავიანთი ინდივიდუალიზმი დაამკვიდრონ. სხვებს არ მიბაძონ, მოუსმინონ კარგ მუსიკას. სტილთან ერთად, უნდა ჰქონდეთ საკუთარი რეპერტუარი, საკუთარი მანერა, ტემბრი. ამ ყველაფერზე უნდა იმუშაონ და თავისი სიტყვა ასე თქვან ამ სფეროში, რადგან დიდი კონკურენციაა... ასე რომ, კარგად დაფიქრდნენ, უნდათ თუა არა, ამ სფეროში შემობიჯება.
ბოლოს გეტყვით, მადლობას ჩემ მიმართ გამოჩენილი ამ ინტერესისთვის. საინტერესო იყო ეს ინტერვიუ. ვეცადე, გულწრფელი ვყოფილიყავი.