ავტორი:

“მედიკამენტების ფასების რეგულაციას სიფრთხილით უნდა მივუდგეთ - არ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ბაზარზე დეფიციტს გამოიწვევს“ - ამირან გამყრელიძე

“მედიკამენტების ფასების რეგულაციას სიფრთხილით უნდა მივუდგეთ - არ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ბაზარზე დეფიციტს გამოიწვევს“ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მედიკამენტების ფასების რეგულაცია ფრთხილ და გააზრებულ მიდგომას საჭიროებს, რათა ბაზარზე მნიშვნელოვანი პრეპარატების დეფიციტი არ შეიქმნას და მედიკამენტები მოსახლეობისთვის როგორც ფიზიკურად, ისე ფინანსურად ხელმისაწვდომი იყოს.

აღნიშნულით ამირან გამყრელიძე პრემიერის ინიციატივას ეხმაურება ფარმაცევტულ სექტორთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, „უნდა გამოინახოს გზები მედიკამენტებისა და სააფთიაქო სფეროში ფასების შემცირებისთვის, რის ფარგლებშიც სამთავრობო საკოორდინაციო კომისია მუშაობს“.

  • როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მედიკამენტის ღირებულების ძირითადი ნაწილი სახელმწიფოს ან დაზღვევის სისტემის მიერ უნდა იყოს დაფარული და მოქალაქეს არ უნდა უწევდეს წამლის რეალური ფასის სრულად გადახდა.

„ზოგადად, მედიკამენტების ფასების რეგულაციას სიფრთხილით უნდა მივუდგეთ. არ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ბაზარზე მნიშვნელოვანი მედიკამენტების დეფიციტს გამოიწვევს. წამლები მოსახლეობისთვის ფიზიკურად და ფინანსურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროებაა საკვები, შემდეგ კი – მედიკამენტი. ამიტომ რეგულაციების შემოღებისას აუცილებელია ბალანსირებული მიდგომა და მჭიდრო თანამშრომლობა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის.

დღეს საქართველოში თავისუფალი ბაზარია და იშვიათად ფიქსირდება რომელიმე მედიკამენტის დეფიციტი. აღარ არსებობს სახელმწიფო მომარაგების სისტემა, როგორიც საბჭოთა პერიოდში იყო, როდესაც მთავარი სააფთიაქო სამმართველო უზრუნველყოფდა წამლების შემოტანასა და განაწილებას და პროცესი სახელმწიფო სუბსიდირებით ხორციელდებოდა. მაშინ არჩევანი და ხარისხი გაცილებით შეზღუდული იყო, ვიდრე დღეს. სწორედ ამიტომ, არ უნდა დავუშვათ მედიკამენტების დეფიციტის წარმოშობა.

ქვეყანაში სააფთიაქო ქსელები ინფრასტრუქტურისა და მომსახურების კუთხით საკმაოდ ძლიერად არიან წარმოდგენილნი. ბრენდული აფთიაქები მომსახურების კულტურით დასავლურ სტანდარტებს არ ჩამოუვარდებიან. თუმცა პრობლემად რჩება ბაზარზე აფთიაქების სიჭარბე - როგორც მსხვილი, ისე წვრილი ობიექტების სახით. ეს საკითხი ჯერ კიდევ 1990-იან წლებში იდგა დღის წესრიგში, მათ შორის 1997 წელს, წამლის კანონის მიღების პროცესშიც, აქაც კარგად არის გასათვალისწინებელი საერთაშორისო გამოცდილება და ჯანმოს რეკომენდაციები, მაგრამ აქაც უცბად დანია და შვეიცარია თუ ავსტრია ვერ გავხდებით.

მეორე მხრივ, გვაქვს ვითარება, როდესაც მოქალაქეს უწევს ერთი აფთიაქიდან მეორეში გადასვლა, რადგან კონკრეტული მედიკამენტის ღირებულებას სახელმწიფო ვერ ფარავს. ასეთი პრობლემები ერთ ან ორ დღეში, ან თუნდაც ერთ-ორ თვეში ვერ მოგვარდება. საჭიროა მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიების შემუშავება, რათა მივუახლოვდეთ იმ სტანდარტებს, რომლებიც ცივილიზებულ ქვეყნებში მოქმედებს.

მედიკამენტები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მათი ღირებულების მაქსიმალური ნაწილი სახელმწიფოს ან დაზღვევის მიერ უნდა ანაზღაურდეს. ეს უნდა იყოს მთავარი მიზანი - ადამიანი არ უნდა იხდიდეს წამლის რეალურ ღირებულებას“, - აცხადებს გამყრელიძე.