ავტორი:

“ერთადერთი მოლოდინი, რაც შეიძლება მე ან ნიკას გქონდეს, ერთმანეთის ნახვაა - პროცესზე ახალს არაფერს ველი“ - ნიკა გვარამიას მეუღლე

“ერთადერთი მოლოდინი, რაც შეიძლება მე ან ნიკას გქონდეს, ერთმანეთის ნახვაა - პროცესზე ახალს არაფერს ველი“ - ნიკა გვარამიას მეუღლე

“ერთადერთი მოლოდინი, რაც შეიძლება მე ან ნიკას გვქონდეს, ერთმანეთის ნახვა და ხალხის ნახვაა - სასამართლო არ არსებობს და რაიმე კანონიერი მოლოდინები დღეს არ გაგვაჩნია“,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას ცოლმა, სოფო ლილუაშვილმა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ჩანიშნული სასამართლოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მსგავს სპექტაკლზე ბევრჯერ ყოფილა.

„ერთადერთი მოლოდინი, რაც შეიძლება მე ან ნიკას გქონდეს, ერთმანეთის ნახვა და ხალხის ნახვაა - რაღაც ემოციების გაზიარებაა დისტანციურად. დანარჩენი რა გითხრათ, ასეთ სპექტაკლზე ბევრჯერ ვყოფილვარ, არაფერს ახალს არ ველი. ვიცი, ნიკას საქმე რომ ჩაბარდა, შიგნით არაფერი ეწერა, ცარიელი ფურცლები იყო პრაქტიკულად. დღეს სასამართლო არ არსებობს და რაიმე კანონიერი მოლოდინები დღეს არ გაგვაჩნია", - ამბობს სოფო ლილუაშვილი.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის - მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ელენე ხოშტარიას წინასასამართლო სხდომაა ჩანიშნული. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან, გადაწყდება, საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა.

უფრო კონკრეტულად, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს. მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეში გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.

გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.