ავტორი:

გრიგოლ ლილუაშვილი ისევ პატიმრობაში რჩება - რა თქვა ადვოკატმა სასამართლო პროცესის შემდეგ

გრიგოლ ლილუაშვილი ისევ პატიმრობაში რჩება - რა თქვა ადვოკატმა სასამართლო პროცესის შემდეგ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ ლილუაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელა და მისთვის შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. ამის შესახებ პროკურორმა პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაგრძელებულიყო წინასასამართლო სხდომის ვადა. პროცესის მიხედვით, საკითხი მოითხოვს შემდგომ უკვე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვას. ვინაიდან ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილს შეფარდებული აქვს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, სასამართლომ იმსჯელა მის პროპორციულობაზე, რელევანტურობაზე, ბრალდების მხარემ წარუდგინა პოზიცია, რომ საფრთხეები, რაც არსებობდა, კვლავ ძალაშია. დაცვის მხარემაც მისი პოზიცია დააფიქსირა სასამართლოს წინაშე. დღეს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პატიმრობა ძალაში დაეტოვებინა“,- განაცხადა პროკურორმა.

  • რაც შეეხება მტკიცებულებებს, მარიამ ბერძენიშვილის განმარტებით, საქმეზე გამოძიება გრძელდება, რაც ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ მოცულობითი ინფორმაცია არის გამოძიების მიერ მოპოვებული.

„რა თქმა უნდა, არსებობს საქმეში პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები, თუმცა ამ ეტაპისთვის, ვინაიდან ჩვენ ჯერ გამოძიება დასრულებული არ გვაქვს, იმისთვის, რომ გამოძიებას საფრთხე არ შეექმნას და სრულყოფილი შედეგი მივიღოთ ამ სისხლის სამართლის საქმეზე, ვერ მოგახსენებთ იმ მოწმეების შესახებ, რომლებიც საქმეზე არიან გამოკითხულები და თავისთავად ვერც შინაარსზე ვერ ვისაუბრებ“,-განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება კითხვას, მოსალოდნელია თუ არა ბრალის დამძიმება, ეს მტკიცებულებების ერთობლიობაზე იქნება დამოკიდებული.

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის ადვოკატის განცხადებით, “აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები არ არის.“

“დაცვას მიაჩნია და აქამდეც ასე მიაჩნდა, რომ საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები არ არის, მითუმეტეს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, როგორიც არის პატიმრობა“, - განაცხადა ლილუაშვილის ადვოკატმა, რობერტ გრიგალაშვილმა.

მისივე თქმით, მას რა საქმის მასალებიც გადმოეცა, იქ არის „ირიბ მოწმეთა ჩვენები“.

„რა თქმა უნდა, დაცვის პოზიცია განსხვავდება ბრალდების პოზიციისგან. დაცვას მიაჩნია და აქამდეც ასე მიაჩნდა, რომ საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები არ არის, მითუმეტეს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, როგორიც არის პატიმრობა. უბრალოდ, მნიშვნელოვანია აქ ხაზი გაესვას, რომ პატიმრობა რომელიც შეფარდებული იყო აქამდე, მოხდა ვადის გაგრძელება. მითუმეტეს ხანგრძლივის პატიმრობის გამოყენების საფუძველსაც ადგილი არ აქვს და არ არის მიზანშეწონილი და სწორი. სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის პოზიცია, არ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ გამოძიებაზე ხელის შემშლელი გარემოებები არ არსებობს. თვითონ გრიგოლ ლილუაშვილიც დაინტერესებულია გაირკვეს სიმართლე. მოხდა ვადის გაგრძელება, რა თქმა უნდა, კანონით დადგენილ ვადაში დაცვა გაასაჩივრებს ამას და დაველოდებით ზემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილებას.

გუშინ ჩავიბარე დამატებით ის მასალები, რაც დღემდე აქვს ნაწარმოები გამოძიებას და თამამად შეიძლება ითქვას, რომ არსებობს მოწმეთა ჩვენებები, მაგრამ ყველა ეს მოწმეთა ჩვენება განეკუთვნება ირიბ მოწმეთა ჩვენებათა კატეგორიას“,- განაცხადა რობერტ გრიგალაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.