პროკურატურის მიერ გავრცელებული უმძიმესი კადრების შემდეგ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულების ოჯახის წევრები პირველ კომენტარს აკეთებენ.
"ამ კადრებში, რაც პროკურატურამ დღეს გვაჩვენა, ერთადერთ ვიდეოში, სკვერში ჩხუბის ვიდეოში არის ჩემი შვილი, ღია სკვერში, სადაც არის ჩხუბი. დანარჩენ ჩხუბში, სადაც წერია, ერთი ეპიზოდია თუ არ ვცდები, სადაც დემეტრე ჩიქოვანი წერია, დემეტრე იმ ჩხუბში არ არის. ეს არის აბსურდი, ეს არის ბუნებაში რომ არ არსებობს ისეთი ბრალდება. დემეტრე ჩიქოვანის ტელეფონიდან არავითარი ვიდეო არ არის ამოღებული. ეს არის შურისძიება კონკრეტულად პროკურატურის მხრიდან ჩემს ოჯახზე.
იმ სკვერში იყო ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ჩხუბი, არ ვიცი რასთან დაკავშირებით მოხდა ჩხუბი, მაგრამ რაც დავინახე სკვერში გოგოები, ბიჭები და უამრავი ხალხი, სახე დაფარული ჰქონდა მე რაც დავინახე, მაგრამ ჩემი შვილია და ვიცანი," - ამბობს სოფო ძნელაძე ტვ პირველთან საუბრისას.
რაც შეეხება ბრალდებულ ალექსანდრე გაბაშვილის მამას, ამჯერად ის მოკლედ კომენტარით შემოიფარგლა:
"...სათქმელი არაფერი არ მაქვს, ზოგადად ვიცი, რომ რაღაც ერთი წლის წინანდელი ვიდეო უპოვეს ვიღაც ბავშვს ტელეფონში, არა ჩემ შვილს, სადაც რაღაც ჩხუბი ჩანს, ამის მეტი მე ინფორმაცია არ მაქვს," - ამბობს ალექსანდრე გაბაშვილი.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურა გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა ფაქტებში მონაწილეობასაც ედავება. პროკურორის ინფორმაციით, საუბარია ძალადობის კიდევ 5 ეპიზოდზე.
პროკურატურა გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულების - ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მონაწილეობით ჯგუფური ძალადობის სხვა ეპიზოდების ამსახველ ვიდეოკადრებსაც აქვეყნებს, მათ შორის პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალაში ჩანს ალექსანდრე გაბაშვილი სხვადასხვა სახის იარაღით.
ძალადობის 5 ეპიზოდიდან ხუთივეში მონაწილეობს გიორგი რიკაძე; ოთხ ეპიზოდში მონაწილეობს დიმიტრი ჩიქოვანი; ალექსანდრე გაბაშვილი კი 2- ეპიზოდში.
როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ერთ-ერთი ძალადობრივი ეპიზოდის ამსახველი ვიდეო გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მობილურ ტელეფონში ინახებოდა.
წაიკითხეთ ასევე: