ბრიტანულ ქალაქ დერბიში ერთი დაუჯერებელი და საზარელი ისტორია დასრულდა. ქალი, რომელიც 15 წლის განმავლობაში ახლობლებსა და პოლიციას ატყუებდა, საკუთარი პარტნიორის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ეს არ არის უბრალო კრიმინალური შემთხვევა – ეს არის ამბავი ადამიანურ სისასტიკეზე, რომელიც წლების შემდეგ „ამოტივტივდა“.
მკვლელობა "ყასბის სიზუსტით"
ყველაფერი 2010 წელს დაიწყო. ანა პოდედვორნამ, რომელიც ფრინველის ფაბრიკაში ყასბად მუშაობდა, მეგობარ გოგონასთან, იზაბელასთან იჩხუბა. დავა ფატალურად დასრულდა: ანამ მას ცხენის ფიგურა ჩაარტყა და სასიკვდილოდ დაჭრა.
იმის ნაცვლად, რომ სასწრაფო გამოეძახებინა, ანამ თავისი „პროფესიული უნარები“ გამოიყენა. მან ცხედარი ისე დაანაწევრა და შეკრა, როგორც ამას სამსახურში, ხორცის დამუშავებისას აკეთებდა. შემდეგ კი ნეშტი საკუთარი სახლის ბაღში დამარხა და ზემოდან ბეტონი დაასხა, რომ კვალი სამუდამოდ წაეშალა.

15 წლიანი ტყუილი და დამსხვრეული იმედები
იზაბელას დედა და მისი 9 წლის შვილი პოლონეთში წლების განმავლობაში ელოდნენ ზარს. ყოველ დაბადების დღეზე გოგონას იმედი ჰქონდა, რომ დედა გამოჩნდებოდა, თუმცა პოდედვორნა ყველას აჯერებდა, რომ იზაბელამ ის უბრალოდ მიატოვა და სადღაც გაუჩინარდა.
აღიარება, რომელიც ჟურნალისტმა აიძულა
დანაშაული ალბათ არასოდეს გაიხსნებოდა, რომ არა ერთი ჯიუტი პოლონელი ჟურნალისტი. მან დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო, ბრიტანეთში ჩავიდა და ანასთან ინტერვიუ ჩაწერა.

ეტყობა, მრავალწლიანმა შიშმა და ჟურნალისტის კითხვებით გამოწვეულმა წნეხმა თავისი ქნა – „მონსტრმა“ (როგორც მას დეტექტივებმა უწოდეს) ვეღარ გაძლო და პოლიციას აღიარებითი მეილი თავად გაუგზავნა. ბაღში ბეტონის ფილების აყრის შემდეგ, გამომძიებლებმა ზუსტად ის იპოვეს, რასაც ანა წერდა.
სასამართლო და განაჩენი
სასამართლოზე ანა თავს იმართლებდა, ვითომ ეს ყველაფერი თავდაცვა იყო, თუმცა ნაფიცი მსაჯულებისთვის მისი ქმედება – ცხედრის დანაწევრება და 15 წლით დამალვა – უფრო მეტზე მეტყველებდა, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა.

დეტექტივების თქმით, ის პარტნიორს ისე მოექცა, როგორც „ხორცის მორიგ ნაჭერს“. ახლა 40 წლის მკვლელს სამუდამო პატიმრობა ელის, იზაბელას ოჯახმა კი, როგორც იქნა, სიმართლე გაიგო, თუმცა ეს სიმართლე ძალიან მწარე აღმოჩნდა.