სენატში ჩვენების მიცემისას, დემოკრატმა კონგრესმენმა რო ხანამ ეპშტეინის საქმის ის მასალები გამოაქვეყნა, რომელიც აქამდე დარედაქტირებული იყო და საჯაროდ არ იძებნებოდა დოკუმენტებში ნახსენები 6 პიროვნება.
კალიფორნიის დემოკრატმა წარმომადგენელმა სახელები სამშაბათს, სენატში ჩვენების მიცემის დროს, იუსტიციის დეპარტამენტში ვიზიტისას გაავრცელა - მან და კენტუკის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა თომას მესიმ ორი საათი დაუთმეს დაურედაქტირებელი დოკუმენტების განხილვას.
ხანამ საჯაროდ გაამხილა 6 ადამიანის ვინაობა, რომელთა სახელი და გვარებიც აქამდე დამალული იყო.
ახლად გამოაშკარავებულ სახელებს და გვარებს შორისა არის ვინმე ზურაბ მიქელაძე. ის ისეთ პირებს შორის ფიგურირებს, როგორიცაა Victoria's Secret-ის დამფუძნებელი ლესლი "ლეს“ ვექსნერი, DP World-ის აღმასრულებელი დირექტორი, არაბთა გაერთიანებული საემიროების მილიარდერი ბიზნესმენი სულთან აჰმედ ბინ სულაიმი და სხვა.
ხანას თქმით, როდესაც მან და მესიმ დოკუმენტების გასაიდუმლოებული ფაილები აღმოაჩინეს, იუსტიციის დეპარტამენტმა “აღიარა მათი შეცდომა“ და დაადასტურეს დოკუმენტების ავთენტურობა.
მისი თქმით, კვლავ გასაიდუმლოებული რჩება ფაილების უმეტესობა.
ლესლი "ლეს“ ვექსნერი
88 წლის ვექსნერმა შექმნა საცალო ვაჭრობის იმპერია, მათ შორის Victoria's Secret-ი, Abercrombie & Fitch-ი და Bath & Body Works-ი.
ვექსნერი მჭიდრო ფინანსურ ურთიერთობაში იყო ჯეფრი ეპშტეინთან და მრავალი წლის განმავლობაში მართავდა მის ინვესტიციებს.
დუბაიში მოღვაწე ბიზნესმენი ხელმძღვანელობს მრავალეროვნულ პორტებისა და ლოჯისტიკის კორპორაცია DP World-ს, რომელიც 80-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს.
ის ასევე არის ორგანიზაცია FIA-ს ხელმძღვანელის, მოჰამედ ბინ სულაიმის ძმა. ჰოლდინგი მართავს მსოფლიო საავტომობილო სპორტის ჩემპიონატებს, მათ შორის "ფორმულა 1"-ს.
კონგრესმენ მესის განცხადებით, იუსტიციის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ სულაიმმა მიიღო ელ.წერილი ეპშტეინისგან, რომელშიც ის წერდა: "მე ძალიან მომეწონა წამების ვიდეო“.
ნიკოლა კაპუტო იტალიელი პოლიტიკოსია, რომელიც 2014 წლიდან 2019 წლამდე წარმოადგენდა თავის ქვეყანას ევროპარლამენტში, თუმცა, ოფიციალურად, გამოქვეყნებულ დოკუმენტებში მისი ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.
the guardian-ის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია ვინ არის სიაში მოყვანილი ბოლო სამი ადამიანი ან რა კავშირები აქვთ მათ ეპშტეინთან.
გამოქვეყნებული ფაილების მიხედვით, ელენა ქანთარია, რომელიც რუსეთში მოღვაწე მოდელი იყო, ჯეფრი ეპშტეინთან რეგულარულ და საკმაოდ ნდობით აღსავსე ურთიერთობაში იმყოფებოდა. მათი მიმოწერა 2017-2019 წლებს მოიცავს და ცხადყოფს, რომ მილიარდერი მოდელს პირადი საკითხების მოგვარებაში ეხმარებოდა.
2025 წლის 20 ნოემბერს ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტს ეპშტეინის ფაილების გასაჯაროებას ავალებდა. 2024 წლის დასაწყისში მხოლოდ მათი ნაწილი გასაჯაროვდა.
ახლახან კი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული მილიონობით ახალი დოკუმენტი გამოაქვეყნა - სულ 3 მილიონი გვერდი, 180 ათასი ფოტო და 2 ათასი ვიდეო გასაჯაროვდა. დოკუმენტები მოიცავს ჯეფრი ეპშტეინის ციხეში ყოფნის დეტალებსაც, მის ფსიქოლოგიურ შეფასებას, პატიმრობაში გარდაცვალების გარემოებების აღწერას, ასევე მასალებს გილეინ მაქსველის - ეპშტეინის თანამზრახველის საქმიდან.
იხილეთ ასევე: