ავტორი:

“სასამართლოში ჯაყჯაყა დაჯავშნილი მანქანით წამიყვანეს, წინ მეჯდა ორი ხალისიანი ბადრაგი...“ - მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში მისი გადაყვანის დეტალებს ასაჯაროებს

“სასამართლოში ჯაყჯაყა დაჯავშნილი მანქანით წამიყვანეს, წინ მეჯდა ორი ხალისიანი ბადრაგი...“ - მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში მისი გადაყვანის დეტალებს ასაჯაროებს

გუშინ, 10 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის - მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ელენე ხოშტარიას წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

  • საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სასამართლო დარბაზში მისი გადაყვანის დეტალებს იხსენებს:

“სასამართლოში ჯაყჯაყა დაჯავშნილი მანქანით წამიყვანეს. წინ მეჯდა ორი ხალისიანი ბადრაგი.

როგორც კი დასხდნენ დაიწყო:

- ე ბიჭო გუშინ რა მაგარი სუფრა “გავმაზე“ სამსახურის გამო

- არა უშავს ძმა, დღეს წავიდეთ, ახალი უმაგრესი რესტორანი გაეძრო და უნდა განახო, იცი რა მწვადებია, ვერ ჩერდები, რომ იწყებ. მე რომ მომშივდება 5 კილოსაც შევჭამ და ხაშლამა კიდევ უფრო უკეთესი - პირში დნება.

-კაი მარა რა აფხაზურები და ფენოვანები იყო გუშინ სამსახურთან, იფ, იფ!

-კაი ახლა ძმა, მთლად იმ რესტორანზე რომ ამოგდის მზე და მთვარე, იცი რა მაგარი ზაქის კატლეტები გაიჩითა ქალაქის შემოსასვლელში, თან იაფია. მაგრა გირჩევ.

-ეუფ, ახლა დედაჩემის კატლეტებზეც თანახმა ვარ, კარგი შემწვარი კარტოფილით და რა აზრის ხარ ხაშის საღამოთი ჭამაზე?

- ხაში ყველა დროს კაია მუსკულებისთვის, ნორმატივების ჩაბარების წინ სამი დღე ვჭამ ხოლმე

ოღონდ ეს საუბარი გრძელდებოდა ზუსტად 1 საათი და 10 წუთი, რაც გზაში ვიყავით. მთელი ეს დრო არცერთ სხვა საკითხზე სიტყვა არ უთქვამთ. ერთადერთი მთელი გზა მგონი კედელზე დახატული ჯვრის გამოსახულებაზე ორივე კი გულმოდგინედ იწერდა პირჯვარს.

თქვენ კიდევ განათლების რეფორმაო, საერთაშორისო იზოლაციაო, ადამიანის უფლებებიო, ნუ აცდენთ ამ საუკუნოვანი ერის წარმომადგენლებს - ზაქის კატლეტები უფრო მნიშვნელოვანია, სამაგიეროდ სასამართლოს შენობაში, წინასწარ მოსაცდელ საკანში შემიყვანეს. 3 წლის წინ აქ კედლებზე დაჩხაპნილი იყო "ქურდებს სიცოცხლე" და მსგავსი გამონათქვამები.

ახლა კი მრავლად არის საქართველოს დროშები, გულები, ნატოს ემბლემა, "გაუძელით რეპრესიებს, ყველაფერი კარგად იქნება", "ძირს რეჟიმი", "ნინო დათაშვილო გვიყვარხარ", "ვემსახურებით საქართველოს", "გავიმარჯვებთ სახელოვნად", "გავათავისუფლებთ საქართველოს". ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით,“ - წერს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: