ავტორი:

ბიჭი, რომელიც თმას მანამდე არ იჭრის, ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედი" ზედიზედ 5 თამაშს არ მოიგებს - მას 2024 წლის შემდეგ თმა არ შეუჭრია: სოცქსელებს ახალი ვარსკვლავი ჰყავს

ბიჭი, რომელიც თმას მანამდე არ იჭრის, ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედი" ზედიზედ 5 თამაშს არ მოიგებს - მას 2024 წლის შემდეგ თმა არ შეუჭრია: სოცქსელებს ახალი ვარსკვლავი ჰყავს

ყველაფერი 493 დღის წინ, საზოგადოებისთვის უცნობი ბიჭის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით დაიწყო, მაგრამ ისეთ ამბავში გადაიზარდა, რაზეც პოსტის ავტორი ვერასდროს იფიქრებდა.

  • "მანჩესტერ იუნაიტედის" გულმხურვალე ფანმა, ფრენკ ილეტმა 2024 წლის 5 ოქტომბერს გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ თმას იჭრიდა და ამის გაკეთებას აღარ აპირებდა მანამდე, სანამ "მანჩესტერ იუნაიტედი" ზედიზედ 5 თამაშს არ მოიგებდა.

მან გამოკითხვა ჩაატარა და თავის მცირერიცხოვან გამომწერებს ჰკითხა, როდის მოუწევდა თმის შეჭრა - 2025 თუ 2026 წელს?

პოსტმა მალევე მოიპოვა პოპულარობა და გამოკითხვაში ათასობით ადამიანი ჩაერთო. 27 000 ადამიანიდან 90% ამბობდა, რომ 2026 წლამდე ბიჭს თმის შეჭრა არ მოუწევდა.

  • მართლაც, 2026 წელს გაჩნდა შანსი, რომ მანჩესტერული გუნდი ზედიზედ 5 თამაშს მოიგებდა. 4 თამაში მართლაც მოიგეს, ხოლო მეხუთე, 10 თებერვალს, "ვესტ ჰემთან" გაიმართა. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ფრენკ ილეტის თმის შეჭრის ამბავი ამ დღეს განსაკუთრებით პოპულარული გახდა - თუმცა იუნაიტედმა ვერ მოიგო, მატჩი ანგარიშით 1-1 დასრულდა.

ილეტს ამჟამად ინსტაგრამზე 1.4 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. მანჩესტერი-ვესტჰემის თამაშის დროს ის YouTube-ზე პირდაპირ ეთერში ჩაერთო, ვიდეოში ჩანდა, თუ როგორ გულშემატკივრობდა ბიჭი საყვარელ გუნდს - სტრიმს 100 000-ზე მეტი ადამიანი უყურებდა.

"მე უბრალოდ მინდა, რომ მაშინ როცა კლუბს რთული პერიოდი აქვს, მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრებს სიხარული მოვუტანო“, - ამბობს ილეტი.

ბიჭის თქმით, როდესაც ვიდეო გამოაქვეყნა, არანაირი გრანდიოზული გეგმა არ არსებობდა - მხოლოდ ენთუზიაზმი.

"მეგონა, რომ ეს სამ ან ოთხ თვეში დასრულდებოდა. ეს იმისთვის იყო, რომ ცოტა გართობის ელემენტები შემომეტანა.

ჩემი თმა ვიზუალურად ასახავს იმას, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი“ იმ პოზიციაზე არ არის, სადაც უნდა იყოს," - განუცხადა ილეტმა BBC Sport-ს.

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი, მაიკლ კერიკი

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ლეგენდარულმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა მანჩესტერ იუნაიტედი დატოვა, კლუბს პრობლემები აქვს და ვეღარ ახერხებს ისეთ მაღალ საფეხურზე ყოფნას, როგორსაც ამ გუნდის ფანები შეჩვეულები არიან. გუნდმა ფერგიუსონის შემდეგ რამდენიმე მწვრთნელი შეიცვალა, თუმცა ვერც ერთმა მათგანმა ვერ გაამართლა. ამჟამად კლუბის დროებითი მთავარი მწვრთნელის პოზიციას მაიკლ კერიკი იკავებს. აღსანიშნავია, რომ ზედიზედ თამაშების მოგება მანჩესტერულმა კლუბმა სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც რუბენ ამორიმი გაუშვეს და ის მწვრთნელის პოსტზე კერიკმა ჩაანაცვლა

როდის შეჭრის ფრენკი თმას? - ლოდინი გრძელდება.