“ამ პოლიტიკოსების საქციელი შეიძლება თავისუფლად შეფასდეს როგორც ღალატი პოლიტიკური მნიშვნელობით - როდესაც ცდილობ, გამოიწვიო ხან ბომბების, ხან სანქციების ხან განცხადებების წვიმა და ა.შ. როდესაც შენს ქვეყანას ებრძვი, ამ ქვეყნის მოწინააღმდეგე და მტრული პოლიტიკის გამტარებელი ხარ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ე.წ. საბოტაჟის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
„ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდებოდა. ამ პოლიტიკოსების საქციელი შეიძლება თავისუფლად შეფასდეს როგორც ღალატი პოლიტიკური მნიშვნელობით. მგონი მოსახლეობამ ეს უკვე ცალსახად როგორც ქვეყნის ღალატი ისე შეაფასა - როდესაც ცდილობ, გამოიწვიო ხან ბომბების, ხან სანქციების ხან განცხადებების წვიმა და ა.შ. როდესაც შენს ქვეყანას ებრძვი, ამ ქვეყნის მოწინააღმდეგე და მტრული პოლიტიკის გამტარებელი ხარ. პოლიტიკური სასჯელი მათ უკვე მიღებული აქვთ, რაც არჩევნებზეც გამოიხატა. რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ პროცესს, ამას მართლმსაჯულება განსჯის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ისტორიაში ნანახი გვაქვს, რომ როდესაც ქართველი სხვაგან გარბის იმისთვის, რომ იქ რაზმი შეკრა და შენი ხელისუფლება გადააგდო და ძირი გამოუთხარო ყველაფერს, ამას ისტორიის ნებისმიერ მონაკვეთში ღალატი ერქვა. ეს ხალხი, ვინც ამას ჩადიოდა - ბაღვაშები, ლიპარიტები, ორჯონიკიძეები და სხვები, ყველას საზოგადოებამ პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა და მოღალატე დაუძახა. ამას უნდა შეეგუონ, როცა სხვაგან გარბიხარ, რომ უცხო გამოიყენო შენის წინააღმდეგ, უცხოს გამომყენებელს მოღალატე გქვია. ეს გზა აირჩიეს და პოლიტიკურად ასეა შეფასებული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კითხვაზე, თუ პოლიტიკურ ოპონენტებს ამ ბრალით ასამართლებენ, ჰქონია თუ არა მნიშვნელობა სანქციებს, რომელიც მმართველი გუნდის წევრებს დაუწესდათ რიგი ქვეყნების მხრიდან იმის მიუხედავად, რომ ისინი ამას „ჩალის ფასს“ უწოდებდნენ, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ სანქციებს მნიშვნელობა ჰქონდა იმისთვის, რომ გაერკვიათ - ვინ არის მეგობარი და ვინ არა.
„სანქციებს რა თქმა უნდა, მნიშვნელობა ჰქონდა იმისთვის, რომ გაგვერკვია - ვინ არის ჩვენი მეგობარი და ვინ არა. ამ მხრივ ეს დიდი ლუსტრაციის პროცესი იყო. ვნახეთ, ბალტიისპირეთის ქცევა ქართველი ხალხის მიმართ. ეს ხომ ის დასკვნებია, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა. ბალტიის ქვეყნებს წლები და ბევრი ხელისუფლების შეცვლა დასჭირდება, რომ ქართველი ხალხის გული კიდევ ერთხელ მოიგონ. ის დანა, რომელიც ზოგიერთმა ხელისუფლებამ ზურგში ჩაგვარტყა, რა თქმა უნდა, გვემახსოვრება. ქართველ ხალხს კარგად ემახსოვრება როგორ მოიქცნენ ადამიანები, რომლებსაც ყველანაირად ვემეგობრეთ - ძმობა, პარტნიორობა და გვერდში დგომა ვაჩვენეთ. იმათმა კი წვრილმან სააკაშვილებსა და პოლიტიკურ ინტრიგებში გაგვცვალეს.
არასასურველ პირებად აღიარებას, სანქციებს და ა.შ. ჰქონდა ლუსტრაციის ეფექტი ქართველი ხალხისთვის, რასაც კარგად ვხედავთ. მათ შორის, ბრიუსელის ამ ქცევამ ქართველ ხალხს დაანახა, რომ ღირებულებებსა და ბრიუსელს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, რა შეიცვლება ამ მიმართულებით პოლიტიკოსების ციხეში წასვლით, პაპუაშვილმა უპასუხა: „ზოგიერთს რომ ვუყურებ ბრიუსელში და ზოგიერთ დედაქალაქში, სანქციები კი არა მათი ნება რომ იყოს, ტანკსაც შემოიყვანდა დემოკრატიის დასამყარებლად. საშუალება არ აქვთ, თორემ ჭკუა არ მოეკითხებათ“.
ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა.
უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.
მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.
აღნიშნულ საქმეში გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.