“მე, როგორც კრიტიკული მართვის მენეჯერი, ვერ დავუშვებ იმას, რომ ჩემი წარმოება იყოს დაუცველი და კონკრეტულად არ ვიშოვო იმდენი ფული, მეყოს იმისთვის, რომ ეს დარგი რისკების გარეშე ვამუშაო“, - ამის შესახებ კვერცხის მწარმოებელი კომპანიის "დილის პროდუქტები“ დირექტორმა, გია ლობჟანიძემ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.
"ჩვენი კვერცხის მომავალი წლის ფასი ყოველთვის დგება ოქტომბრის თვეში, როდესაც რუსეთიდან იწყება ხორბლის და სიმინდის შესყიდვა. ტენდენციას ვუყურებთ, რა სიტუაცია არის. ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული... იქ არის აქციზები, ამინდი, ფასი, მოსავალი და ყველაფერი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეთანხმება სუპერმარკეტებთან, რომ ერთი თვით ადრე უნდა მივწეროთ კვერცხის გაძვირების შესახებ. რაც მოხდა წელს. მივწერეთ სუპერმარკეტებს, ახალი წლისთვის არ გვინდოდა კვერცხის გაძვირება და გავაძვირეთ 9 იანვრიდან. 25 დეკემბერს მოხდა ბატონი პრემიერის გამოსვლა ამ საკითხთან დაკავშირებით და ისეთნაირად გამოჩნდა, რომ თითქოს საბოტაჟთან გვქონდა საქმე. კიდევ კარგი გვქონდა საშუალება სხვადასხვა ორგანიზაციებში და ბატონ პრემიერთანაც პირადად აგვეხსნა ეს სიტუაცია, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი. და შესაბამისი ნაბიჯიც გავაკეთეთ საიმისოდ, რომ დავუბრუნდით ძველ ფასებს, მაგრამ იმიტომ არ დავუბრუნდით, რომ დიდი მარჟა გვქონდა, ჩვენი მოგების ხარჯზე დავუბრუნდით და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე როგორც კრიტიკული მართვის მენეჯერი ვერ დავუშვებ იმას, რომ ჩემი წარმოება იყოს დაუცველი და კონკრეტულად არ ვიშოვო იმდენი ფული, მეყოს იმისთვის, რომ ეს დარგი რისკების გარეშე ვამუშაო. ჩვენ რომ გავაძვირეთ კვერცხი, ეს იყო გარდაუვალი აუცილებლობა. ახლაც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კონკრეტულად ჩემს საწარმოს კვერცხის ერთი თეთრით გაიაფების საშუალება არ აქვს. თუკი იქნება კომპლექსური მიდგომა, თუ დაიწევს 18- 27%, რა თქმა უნდა, შეგვიძლია დავსხდეთ და დავწიოთ ფასი“, - განაცხადა გია ლობჟანიძემ.
"რა თქმა უნდა, პრობლემები, რაც გვესმის, რეალურად არსებობს. ამ კამპანიის დაწყების დღიდან ჩვენი დარგი ყოველთვის იმაზე ფიქრობდა, რა საქმიანი წინადადებები მოემზადებინა და წამოეყენებინა იმისთვის, რომ გარღვევა ყოფილიყო. კვერცხზე ფასის 2 თეთრით დაწევა გარღვევას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს უბრალოდ ფასის დაწევას. ეს ის მაჩვენებელი არ არის, რომელიც მოსახლეობას იმის თქმის საშუალებას მისცემს, რომ კვერცხზე ფასი დაიწია.
იმ მწირე შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს კომპანიას და ალბათ, დარგს აქვს, შემიძლია ვთქვა შემდეგი: - პირველ რიგში, სამართლიანობის აღდგენა იქნება დღგ-ს საკითხი კვერცხთან და ქათამთან დაკავშირებით. ისტორიული უსამართლობაა - 13 წელია დირექტორი ვარ და შესაბამისად, ამ საკითხს 13 წელია ვაყენებ, რაზეც საკმაოდ არაერთგვაროვანი პასუხები მიგვიღია. მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლებიდან იყო საუბარი, რომ აწარმოვეთ ბატის კვერცხი და დღგ-დან გაგათავისუფლებთ, ხოლო ქათმის კვერცხს დღგ-დან არ გავათავისუფლებთ, რადგან დღგ შემოდის და ეს სახელმწიფოს სჭირდება.
გასაგებია, სჭირდება სახელმწიფოს, ბიუჯეტიდან პროექტებია დასაფინანსებელი, მაგრამ თუ ჩვენ გარღვევა გვინდა, ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი, რაც შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა ლობჟანიძემ დროებითი კომისიის სხდომაზე.
პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი დროებითი კომისიის პირველი სამუშაო სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე ბაზრის სტრუქტურასთან, ფასწარმოქმნის ჯაჭვთან და სექტორის საოპერაციო პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
იხილეთ ასევე: