მნიშვნელობა არ აქვს გიყვართ, თუ გეზიზღებათ - მის განსაკუთრებულ ნიჭს ყველა აფასებთ. პეპ გვარდიოლას რევოლუციური იდეების გამო ფეხბურთის ჩე გევარას უწოდებენ და ის მართლაც არის მწვრთნელი, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა და სპორტის ეს სახეობა განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანა.
ის ოჯახის ოთხი შვილიდან მესამე იყო. მამა კალატოზი - ვალენტი გვარდიოლა, ხოლო დედა დოლორეს სალაა. ოჯახი ესპანეთის მუშათა კლასს წარმოადგენდა. დოლორესი და ვალენტი შვილებს ოჯახის ტრადიციული პრინციპებით ზრდიდნენ.
აი, რას ამბობს პეპ გვარდიოლას შესახებ მისი ახლო მეგობარი, მწერალი და კინორეჟისორი დავიდ ტრუება:
"არავის მიუქცევია ყურადღება იმ ფაქტისთვის, რომ გვარდიოლა კალატოზის შვილია.
პეპისთვის მამამისი პატიოსნებისა და შრომისმოყვარეობის მაგალითია. ოჯახმა მას ძველი ღირებულებები ჩაუნერგა, ღირებულებები იმ დროიდან, როდესაც მშობლებს არ ჰქონდათ ფული, ან ქონება, რომ შვილებისთვის გადაეცათ.
როდესაც საქმე გვარდიოლას შეფასებას ეხება, უნდა გახსოვდეთ, რომ მისი ელეგანტური კოსტიუმის, ქიშმირის სვიტერისა და ჰალსტუხის ქვეშ, მშენებლის შვილი იმალება. ძვირადღირებული იტალიური ფეხსაცმლის შიგნით ესპადრელებში გამოწყობილი ბიჭის გულია დამალული“.
"ცხოვრების საუკეთესო წლები "ლა მასიაში" გავატარე. ეს იყო დრო, როცა კონცენტრირებული ვიყავი მთავარ ოცნებაზე - მეთამაშა "ბარსას" მთავარ გუნდში. "ბარსელონასა" და ნიდერლანდების ნაკრების ლეგენდა, იოჰან კრუიფი გვარდიოლას მენტორი გახდა, ის იყო ადამიანი, რომელსაც რეგულარულად ხვდებოდა მწვრთნელობამდე და მას შემდეგ.
კრუიფი ერთადერთი ადამიანი არ არის, რომელმაც პეპზე გავლენა მოახდინა. კიდევ ერთი ასეთი ადამიანი არგენტინელი, "ელ კოკო" (გიჟი),. მარსელო ბიელსაა.
ბიელსას, ჩილესა და არგენტინის ნაკრებების ყოფილ მწვრთნელს, ბევრი ტიტული არ აქვს მოგებული, თუმცა გვარდიოლა ამბობს, რომ ეს მისთვის არაფერს ნიშნავს და რომ მარსელოს გენიალური აზრები აქვს.

ბიელსამ არგენტინის ვილაში 11-საათიანი საუბრის დროს გვარდიოლას უთხრა, რომ ფეხბურთი იდეაა და მწვრთნელმა მისთვის ბრძოლა, მოთამაშეების გაუმჯობესება არასდროს უნდა შეწყვიტოს, ფეხბურთისადმი ვნება არ უნდა დაკარგოს.
გვარდიოლა 13 წლის ასაკში შეუერთდა "ბარსელონას". საინტერესოა, რომ პეპმა თვითონ შეარჩია პოზიცია, სადაც ითამაშებდა. "ბარსელონაs" იმდროინდელ მწვრთნელს, იოჰან კრუიფს უთხრა, რომ მარჯვენა ნახევარმცველად ითამაშებდა.
პეპი იყო "ბარსას" იმ "ოცნების გუნდის“ წევრი, რომელმაც 1992 წელს ევროპის თასი მოიგო.

გვარდიოლა თამაშობდა ბრეშაში, რომაში, ალ-აჰლიში და დორადოსში, სანამ 2006 წელს ფეხბურთელის კარიერას დაასრულებდა. მან ასევე 47 მატჩი ჩაატარა ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში და ხუთი გოლი გაიტანა.

ამის შემდეგ იწყება უკვე მისი სამწვრთნელო კარიერა. ყველაფერი "ბარსელონას" ბ გუნდის მწვრთნელობიდან დაიწყო.
გვარდიოლას ასისტენტი სიტიში და მისი მეგობარი მანუელ ესტიარტე სიცილით ჰყვება, რომ ის ხშირად ესაუბრება პეპს მაშინ, როცა ზუსტად იცის, რომ გვარდიოლა სინამდვილეში არ უსმენს და მთლიანად ჩაფლულია "რაღაცის ანალიზში“.

ის ღრუბელივით ისრუტავს ცოდნას და მზად არის ისწავლოს ყველასგან. პრინციპები რაც მან ისწავლა და დროთა განმავლობაში განავითარა, მკაცრად ურყევია. სხვების მოსმენით შეიძლება რაღაცები დაამატოს, მაგრამ საფუძველი უცვლელია.
თუ ამ რწმენას შევურევთ გვარდიოლას აკვიატებულ სურვილს, ყოველთვის იპოვოს პრობლემების გადაწყვეტის გზა, მივიღებთ მწვრთნელს, რომელმაც გამარჯვების ახალი გზა შეიმუშავა - არა საუკეთესო, არამედ განსხვავებული.
პეპმა ბარსასთან ერთად 14 თასი მოიგო, ბაიერნთან ერთად 7 თასი, ხოლო მანჩესტერ სიტისთან ერთად - 18.

"პეპი ფეხბურთის ჩე გევარაა. მისი იდეა ურყევია. არასდროს შეცვლის ამას - მას სურს ლამაზი თამაში, სივრცის ფლობა, დროის მართვა, სურს, რომ ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყოს“, - ამბობს არგენტინის ყოფილი მწვრთნელი სესარ ლუის მენოტი.
ერთხელ ქალიშვილის სკოლის კონცერტი გამოტოვა, დაავიწყდა - იმ დროს "ბარსელონას" მომავალი მეტოქის, "ხეტაფეს" მატჩების ჩანაწერებს უყურებდა. მეგობრები იხსენებენ, როგორ განიცდიდა ამის გამო.
"ბარსელონიდან" წასვლის შემდეგ კარიერული ტაიმაუტის აღება ერთგვარი მცდელობა ჰქონდა, რომ ოჯახისთვის დრო დაეთმო და დანაკლისი აენაზღაურებინა, თუმცა ფეხბურთის გარეშე დიდხანს ვერ გაძლო და სულ რაღაც სამ თვეში "ბაიერნთან“ დაიწყო მოლაპარაკებები.
პეპი დაქორწინებული იყო კრისტინა სერაზე, თუმცა 30-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, წყვილმა დაშორდება გადაწყვიტა. წყვილს სამი შვილი ჰყავს - მარია, მარიუსი და ვალენტინა.

სამწვრთნელო კარიერის ადრეულ წლებში ნებისმიერი მატჩისთვის ერთნაირად ემზადებოდა. საათობით უყურებდა მეტოქის ვიდეოებს, რათა სუსტი მხარეები დაედგინა. შემდეგ ფეხბურთელებს ამონარიდებს აჩვენებდა და ამის შემდეგ ატარებდა ვარჯიშს, რომელიც კონკრეტულ თამაშზე იყო ორიენტირებული
"მან ძალიან ემოციური ვიდეო გვაჩვენა, კინაღამ ვიტირე, ზოგიერთმა ფეხბურთელმა ტირილი დაიწყო. ვიდეოში გასაჭირში მყოფი ადამიანები იყო ნაჩვენები. პეპმა გვითხრა: მინდა, ყველამ დაინახოთ, რამდენად იღბლიანები ხართ, რომ ამას აკეთებთ. ჩვენ გვაქვს საუკეთესო შენობა, საუკეთესო სავარჯიშო ბაზა, ვჩერდებით საუკეთესო სასტუმროებში“.
1992 წელს, როდესაც კატალონიის პარლამენტის შენობის აივანზე "ბარსას" მიერ მოგებული ევროპის თასი აღმართა, მან ასეთი სიტყვები თქვა "Ciutadans de Catalunya, ja la tenim aqui“ ("კატალონიის მოქალაქენო, ბოლოს და ბოლოს ის აქ გვაქვს“).

ეს კატალონიის ყოფილი ლიდერის, ჟოზეპ ტარადელიასის სიტყვებია. ტარადელიასი 1939 წლიდან საფრანგეთში, ემიგრაციაში ცხოვრობდა, თუმცა 1977 წლის 23 ოქტომბერს, ესპანელი დიქტატორის, გენერალ ფრანკოს გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ დაბრუნდა და იმავე ადგილიდან, სადაც მოგვიანებით გვარდიოლამ თასი აღმართა, თქვა - კატალონიის მოქალაქენო, ბოლოს და ბოლოს დავბრუნდი.
გვარდიოლა კატალონიის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს, თუმცა მისი პოლიტიკური შეხედულებები შორსაა ექსტრემიზმისა და რადიკალიზმისგან, ასევე გამორიცხავს, რომ მომავალში პოლიტიკოსი იყოს. ის ადრე მოითხოვდა დაკავებული კატალონიელი პოლიტიკოსების გათავისუფლებას.
რამდენიმე დღის წინ პეპ გვარდიოლა გლობალურ მოვლენებს შეეხო პრესკონფერენციაზე.
"ჩვენ ერთმანეთს ვკლავთ და რისთვის?" - ასე მიმართა მან ჟურნალისტებს, რომლებიც საპრესკონფერენციო დარბაზში "მანჩესტერ სიტის" არც ისე დამაჯერებელი თამაშის შესახებ სვამდნენ კითხვებს.

"მე ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნები. ყოველთვის. ათასობით უდანაშაულო ადამიანის მკვლელობა, ეს მტკივა
.ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ვინმე დარჩეს გულგრილი, როცა ყოველდღე ვხედავთ ამ კადრებს - ამ მამებს, ამ დედებს, ამ ბავშვებს, ამ დამსხვრეულ ცხოვრებებს და ოდნავი თანაგრძნობაც არ გაგაჩნდეს.
მაპატიეთ, მაგრამ მე არ შემიძლია. არის ვინმე, ვინც ამ კადრებს ხედავს და გულგრილი რჩება? არ ვსაუბრობ იმაზე, ვინ არის მართალი და ვინ არა. ადამიანებს ისტორიაში არასდროს გვქონია ინფორმაცია ისე მკაფიოდ და თვალნათლივ წარმოდგენილი, როგორც დღეს: რაც ხდება პალესტინაში, რაც მოხდა უკრაინაში, რუსეთში, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, სუდანში - ყველგან.
რა ხდება ჩვენს თვალწინ? გინდათ ამის დანახვა? ეს ჩვენი პრობლემებია, როგორც ადამიანების", - ამბობს პეპი.