განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, სამინისტრო ახალ კანონპროექტზე - “განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონზე” მუშაობს.
მისივე თქმით, სამინისტროს მიზანია, რომ აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტს წარუდგინოს.
მინისტრი ფიქრობს, რომ ახალი კანონი, რომელიც განათლების და მეცნიერების მიმართულებით უკვე არსებულ შვიდ კანონს აერთიანებს, კიდევ უფრო გააძლიერებს იმ რეფორმებს და მიმართულებებს, რომელიც მეცნიერების და განათლების ყველა საფეხურთან არის დაკავშირებული.
"ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა სრულიად ახალ კანონპროექტზე. დღეს განათლების და მეცნიერების მიმართულებას შვიდი კანონი აერთიანებს, ამიტომ, ვახდენთ კოდიფიცირებას.
პარლამენტის წევრები დამეთანხმებიან, რომ პარლამენტის არც საგაზაფხულო და არც საშემოდგომო სესია ისე არ ჩაივლის, ცვლილებების საკმაოდ დიდი მოცულობა არ წარვადგინოთ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც საჭიროებს ამ შვიდ კანონში შესაბამის ცვლილებებს. ამიტომ, ჩვენ უკვე დავიწყეთ ახალი კანონპროექტის მზადება, რომელსაც “განათლებისა და მეცნიერების შესახებ” კანონი ერქმევა. ის გააერთიანებს შვიდივე კანონის მოცემულობას და ის იქნება თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებზე მაქსიმალურად ორიენტირებული. მიზნად გვაქვს რომ პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე უკვე წარვადგინოთ ეს კანონპროექტი განხილვისთვის და მხარდაჭერისთვის.
ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ეს კიდევ უფრო გააძლიერებს იმ რეფორმებს და მიმართულებებს, რომელიც მეცნიერების და განათლების ყველა საფეხურთან არის დაკავშირებული”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.