გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებული გიორგი რიკაძის დედა ამბობს, რომ მისი შვილი გიგა ავალიანის ცემაში არ მონაწილეობდა. როგორც თინა პაპასკირმა აღნიშნა, გიორგი რიკაძე ალექსანდრე გაბაშვილს "უბრალოდ თან ახლდა", როცა ის გიგა ავალიანთან სალაპარაკოდ წავიდა.
"საქმის მასალა გვიან გადმოგვცეს გუშინ. ვნახეთ ვიდეოები, სადაც იდენტიფიკაცია არ ხდება ამ ბავშვების. არაფერი ჩანს, რომ ამოვიცნო. ჩვენ ამოვიცანით რომ ეს ვიდეოები ტიკ-ტოკიდან იყო ჩამოტვირთული. ვუთხარით კიდეც გამომძიებელს, რომ ეს არის ტიკ-ტოკიდან ჩამოწერილი ვიდეო და ვერ ვცნობთ ვინ არიან ეს ბავშვები.
გიორგი იყო ადგილზე იღებდა, რატომ იღებდა ამ ვიდეოს, არ ვიკითხავ არ ვიცი. თუმცა ამ ვიდეოზე ჩანს ყველაფერი. ჩანს ერთი ხელის დარტყმა, როგორ ასულიერებენ და ცდილობენ დახმარებას. მეტი გიგა ავალიანის საქმეს არ დამატებია არაფერი. რომ გაურთულეს მუხლი და ვეკითხებით, რატომ გაართულეს, პასუხს ვერ გვცემენ.
ვიცი რომ ალექსანდრე გიგასთან სალაპარაკოდ მიდიოდა და ჩემი შვილი მას უბრალოდ ახლდა. არსებობს მტკიცებულება, მათ შორის ტაქსის მძღოლის ჩვენება, რომელიც ამბობს, გიორგი ეჩხუბებოდა ალექსანდრეს, რატომ დაარტყი ხელიო. ეს ნიშნავს, რომ მან ეს არ იცოდა, დაგეგმილი არ ჰქონდა. გიორგის თითი არ დაუდია ავალიანისთვის. 4 მოწმე არსებობს, რომლებიც ამბობენ, რომ სასწრაფო რომ მოვიდა გიგა ავალიანი წამოჯდა, გული აერია, გადავარდა, "რესკად" თავი დაარტყა და უზარმაზარი ხმა ჰქონდა. გადის თვე ნახევარი და ეს 4 მოწმე ამბობს, რომ გიგა წამოჯდა და ოდნავ მიწვა, კი არ გადავარდა. ვინ შეაცვლევინა ჩვენება" - განუცხადა თინა პაპასკირმა "რადიო თავისუფლებას".
გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ გარშაულიშვილმა მიიღო.საქმე, ჯგუფური ძალადობის სხვადასხვა ეპიზოდს ეხება.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი, ალექსანდრე გაბაშვილი და სხვა პირები კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით თავად, თითქოსდა გოგონების სახელით წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს და ახდენდნენ მათ გარეთ გამოტყუებას, ითანხმებდნენ მათ წინასწარ შერჩეულ დროსა და ადგილას შეხვედრაზე, უსაფრდებოდნენ და მათზე ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ, რაც მსხვერპლის უმოწყალო ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა.
ვინაიდან ბრალდებულები არასრულწლოვნები არიან, სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა.
ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა. არსებული ცნობებით, საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. დ.ჩ.-ს გამოძიება ახლა ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად. ამასთან, ა.ნ.-ს პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, რაც უფრო მძიმე მუხლია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან 7 წლამდე.
წაიკითხეთ ასევე: