მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ზომები ძალაში დატოვა. ამის შესახებ საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმის McLarty Associates უფროსმა მმართველმა დირექტორმა, კლერ კაისერმა აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობამ რეგიონში მიმდინარე "ამ ღრმა და პოზიტიურ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ტრანსფორმაციაზე" უარის თქმა გადაწყვიტა.
“იმედი მაქვს, რომ, როგორც მინიმუმ, რაიმე იდეების მიწოდებას შევძლებ ამერიკული მხარისთვის, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია, რათა საქართველოს დავეხმაროთ.
სტატუს-კვო არავისთვის არაფერს არ მოაგვარებს…ამ კომისიამ ძალიან კარგად იცის, თუ რა მასშტაბით შემცირდა აშშ-საქართველოს ურთიერთობები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში უფრო გაუარესდა, მაგრამ ეს ახალი ფენომენი არ არის. ეს ნამდვილად გამწვავდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და “ქართული ოცნების” შესაბამისი ზომების შემდეგ.
2009 წლის აშშ-საქართველოს “სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის” შეჩერება 2024 წლის ნოემბერში, ერთ-ერთი აღსანიშნავი ნაბიჯია, ისევე, როგორც მას შემდეგ მალევე ამერიკული სანქციების დაწესება ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” რეპრესიების სხვა საკვანძო ხელშემწყობების წინააღმდეგ.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ეს ზომები ძალაში დატოვა, და ამავდროულად მოულოდნელი ენერგიისა და ფოკუსის შეტანა დაიწყო კავკასიის რეგიონში. სიმართლე გითხრათ, ამან ბევრი ადამიანი დატოვა გაოცებული.
ვიცე-პრეზიდენტი [ჯეი დი ვენსი] თავის ვიზიტს ასრულებს ერევანსა და ბაქოში. პირველი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტია, რომელიც სომხეთს ეწვია და ყველაზე მაღალი თანამდებობის ამერიკელი ოფიციალური პირია, ვინც ათწლეულების მანძილზე აზერბაიჯანს ეწვია…
აღსანიშნავია, რომ კავკასიაში ამ ენერგიულ ამერიკულ პოლიტიკაში ცხადად არ არის საქართველო. თავის დროზე აშშ-ის მტკიცე პარტნიორი რეგიონში, დემოკრატიული რეფორმების მოდელი, რომელიც ამერიკულ ძალებთან ერთად იბრძოდა და რომლის ტერიტორიის 20% დღესაც ოკუპირებული რჩება რუსეთის მიერ.
საქართველოს მთავრობამ კავკასიის რეგიონში მიმდინარე ამ ღრმა და პოზიტიურ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ტრანსფორმაციაზე უარის თქმა გადაწყვიტა”, - განაცხადა კაისერმა.
მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, ლორა თორნტონმა განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ” „შეატრიალა სცენარი, ვინ არიან საქართველოს მეგობრები და ვინ არიან საქართველოს მტრები“.
"თუმცა, მგონია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა წარმოადგენს საქართველოს დასავლეთისგან საბოლოო მოწყვეტად და ავტორიტარიზმში სრულ გადაშვებას. საქართველომ სწრაფად დაიწყო რუსეთისთვის დახმარება, არა უკრაინისთვის. ის ჯერ კიდევ წარმოადგენს სანქციებისთვის გვერდის ავლის საკვანძო მარშრუტს რუსეთისთვის. ეს ნამდვილად ირონიულია იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინასა და საქართველოს ბევრი რამ აქვთ საერთო და საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.
საქართველოს ლიდერები უსასრულოდ თავს ესხმიან უკრაინასა და ზელენსკის. საკმაოდ ჩუმად არიან რუსეთზე და თავდასხმები ევროპასა და აშშ-ზე გადააქვთ. “მტრულ აქტორებად” მოგვიხსენიებენ, “გლობალური ომის პარტიის” ნაწილად ყოფნას გვაბრალებენ, რომელიც საქართველოს მეორე ფრონტში მიათრევს, და ევროპას, რასაც თავად ეძახიან, “ლიბერალურ ფაშიზმს” აბრალებენ.
საპირისპიროდ, “ქართული ოცნება” ღიად ეძახის ჩინეთსა და ირანს თავის მეგობრებს, მოკავშირეებსა და პარტნიორებს. მაგალითად, არის ფოტო, რომელშიც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე “ჰამასის” გვერდით დგას - თეირანში.
ასე რომ, “ქართულმა ოცნებამ” ნამდვილად შეატრიალა სცენარი, თუ ვინ არიან საქართველოს მეგობრები და ვინ არიან საქართველოს მტრები”, - განაცხადა თორნტონმა.