პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ შეხებაშია, შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება.
კობახიძის თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პლასტმასის მოხმარების ისეთი მოდელი შეიმუშავა, რომელიც აბალანსებს ერთის მხრივ, ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის და მეორეს მხრივ, ეკონომიკურ ინტერესებს
„პლასტიკის პროდუქციასთან დაკავშირებით გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლეები. ამაზე აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ჩვენი მიზანია პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე ეტაპობრივად შეზღუდვების დაწესება, რომელიც არის სურსათთან პირდაპირ შეხებაში. არსებობს კვლევები, რომელიც ადასტურებს, რომ პლასტმასის გამოყენების გაზრდილი მასშტაბები უარყოფით გავლენას ახდენს გარემოზე და მეორე მხრივ, ადამიანების ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, აქ გვჭირდება მნიშვნელოვანი ზომების მიღება. კვლევების თანახმად, პლასტმასის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ონკოლოგიური დაავადებები, რეპროდუქტიული და ნევროლოგიური პრობლემები, ჰორმონალური დარღვევები, სხვა სამედიცინო დაავადებები. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი საგანგებო ყურადღებას საჭიროებს.
სამინისტრომ შეიმუშავა პლასტმასის მოხმარების შემცირების ისეთი მოდელი, რომელიც აბალანსებს ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის, ასვე, მეორე მხრივ ეკონომიკურ ინტერესებს, ასევე უზრუნველყოფს რეგულაციების გონივრულ ვადებში დანერგვას და ამოქმედებას.
პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია - 1-ელი იანვრიდან გარკვეული სახის პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის რეალიზაცია, წარმოება და იმპორტი უკვე აიკრძალა. ასევე, უკვე მომზადებულია მთავრობის დადგენილების პროექტი, რომლითაც 1-ელი ივლისიდან იკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის მიწოდება. 2027 წლის პირველი თებერვლიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება, რაც არ ეხება გარკვეული კატეგორიის პროდუქტებს და ეს ასახულია შესაბამის ნორმატიულ დოკუმენტებში. ეს ცვლილებები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უკეთ ვიზრუნოთ გარემოზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.