ავტორი:

სიზერონ-ბოდარის გამარჯვება გაბრიელას აჩრდილით და სკანდალების სერიით - ფრანგმა ყინულზე მოცეკვავემ, რომელიც ყოფილმა პარტნიორმა ჩაგვრაში დაადანაშაულა, მეორე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა

სიზერონ-ბოდარის გამარჯვება გაბრიელას აჩრდილით და სკანდალების სერიით - ფრანგმა ყინულზე მოცეკვავემ, რომელიც ყოფილმა პარტნიორმა ჩაგვრაში დაადანაშაულა, მეორე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა

მილანი/კორტინას ზამთრის ოლიმპიადაზე ყინულზე მოცეკვავეების ფრანგმა წყვილმა - გიიომ სიზერონმა და ლორანს ფურნიე-ბოდრიმ ოქროს მედალი მოიპოვეს პარტნიორობის დაწყებიდან ერთ წელზე ნაკლებ დროში. მათი საოცარი სრიალი, თანხვედრა მოძრაობებში, პლასტიკა და გამარჯვება შეიძლება სენსაციად და ზღაპრულ შედეგად ჩათვლილიყო, რომ არა ის სკანდალები, რაც ამ წყვილთან დაკავშირებით აგორდა, განსაკუთრებით კი მამაკაცი მეწყვილის გარშემო, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა.

შეგახსენებთ, 2022 წელს, პეკინში მან ეს დიდი ტურნირი სხვა მეწყვილესთან - გაბრიელა პაპადაკისთან ერთად მოიგო.

სიზერონი, რომელმაც 2020 წელს საჯაროდ განაცხადა, რომ გეია, გაბრიელასთან 2004 წლიდან ცეკვავდა. წყვილი 2013 წლიდან მოყოლებული დომინირებდა ამ სახეობაში, სამ-სამჯერ გახდნენ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები, არიან ოლიმპიადის როგორც ვერცხლის, ისე ოქროს მფლობელები.

2022 წლის ოლიმპიადიდან მალევე დუეტმა გამოაცხადა, რომ პაუზას იღებდნენ შეჯიბრებებიდან. 2024 წელს კი ოფიციალურად დაადასტურეს, რომ დიდი სპორტიდან მიდიოდნენ, თუმცა... რამდენიმე თვის შემდეგ სიზერონმა სპორტში დაბრუნება გადაწყვიტა და ახალი პარტნიორის შესახებაც საჯაროდ ისაუბრა.

მისმა ახალმა პარტნიორმა ლორანს ფურნიე-ბოდრიმ, რომელიც მანამდე ეროვნულ დონეზე კანადასა და დანიას წარმოადგენდა, გასულ წელს, ზამთრის ოლიმპიადამდე სულ სამი თვით ადრე, საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო.

ოთხშაბათს, 11 თებერვალს, მილანო–კორტინა 2026-ის ყინულზე ცეკვის ფინალში მათ დაამარცხეს ამერიკელი ცოლ-ქმრის დუეტი ევან ბეიტსი და მედისონ ჩოკი. ბრინჯაოს მედალი კი კანადელებმა - პაიპერ გილესმა და პოლ პუარიემ მოიპოვეს.

"ეს ძალიან დიდი შრომის შედეგია, თუმცა თავიდანვე ბევრი საერთო გვქონდა, როგორც ვარჯიშის სტილში, ისე საქმისადმი მიდგომაში... ამავე დროს, ეს განვითარების შესაძლებლობაც იყო. ყველაფერი თამაშივით მიდიოდა, თავიდანვე ძალიან ვერთობოდით", - თქვა სიზერონმა შეჯიბრების შემდეგ.

ა.წ. იანვარში პაპადაკისმა გამოაქვეყნა მემუარები "Pour ne pas disparaître" ("რომ არ გავქრე“), რომელშიც სიზერონი "კონტროლირებად“ და "მომთხოვნ“ ადამიანად აღწერა.

გაბრიელას წიგნი 2026 წლის 15 იანვარს გამოვიდა, თუმცა მანამდე გავრცელდა ნაწყვეტები, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ შოკში ჩააგდო ფიგურული ციგურაობის სამყარო. გაბრიელა ამბობს, რომ ეს წიგნი არ არის სიზერონზე, არც მათ ურთიერთობაზე, ეს არის სისტემაზე, რომლის მსხვერპლადაც გრძნობს თავს, თუმცა თავდაპირველად გავრცელებულმა წიგნის ფრაგმენტებმა ისე წარმოაჩინა, რომ გაბრიელა ყოფილ მეწყვილეს უპირისპირდებოდა...

გიომ სიზერონი და გაბრიელა პაპადაკისი

თუმცა ფაქტია, გაბი, როგორც მას ახლობლები მოიხსენიებენ, წიგნში თავისი ყოფილი პარტნიორზე ნამდვილად ცოტას არ ლაპარაკობს, შედეგად კი დუეტის იმიჯი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ჰარმონიისა და წარმატების ეტალონად მიიჩნეოდა, ფერფლად იქცა.

გაბრიელა სიზერონს არა პარტნიორად, არამედ მაკონტროლებელ ნარცისად და მჩაგვრელ მანიპულატორად აღწერს. მისი თქმით, დუეტში მკაცრი იერარქია სუფევდა, სადაც თავს მეორეხარისხოვან სპორტსმენად გრძნობდა და საკუთარი პროგრამების განხილვაშიც კი სიტყვის უფლება არ ჰქონდა.

"მასთან მარტო დარჩენის ფიქრი მაშინებდა, მისი სიცივე კი სისხლს მიყინავდა“, - წერს პაპადაკისი.

მისი თქმით, იგი ორ ტირანს შორის აღმოჩნდა მოქცეული: ძალაუფლების მქონე პარტნიორსა და დედა-მწვრთნელს შორის, რომლებიც ზოგჯერ მის წინააღმდეგ ერთიანდებოდნენ.

პაპადაკისმა ასევე თქვა, რომ სიზერონი მას ემუქრებოდა პარტნიორობის შეწყვეტით, მანამდე, ვიდრე მათი დუეტი ოფიციალურად დაიშლებოდა, მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ სურდა სამართლებრივი საჩივრის შეტანა ფრანგი ფიგურული სრიალის მწვრთნელის წინააღმდეგ, რომელმაც, მისი თქმით, მოზარდობისას გააუპატიურა.

"მითხრა, რომ თუ ამას გავაკეთებდი, აღარ ისურვებდა ჩემთან ცეკვას", - წერს პაპადაკისმა.

სიზერონმა საპასუხოდ სამართლებრივი დავა დაიწყო და პაპადაკისი "ცილისწამების კამპანიაში“ დაადანაშაულა.

ფიგურული სრიალის რთულ სამყაროში, განსაკუთრებით კი ყინულის ცეკვის სფეროში, პირადი ურთიერთობები ხშირად ერწყმის პროფესიულ პარტნიორობას. პაპადაკისი ამტკიცებს, რომ მისი წიგნი ებრძვის ძალებს, რომლებიც მისი ხმის გადაფარვას ცდილობენ.

"მე დავწერე წიგნი ჩემი ცხოვრების დასაბრუნებლად - მას იტაცებენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ჩემს გაჩუმებას“, - განმარტა მან.

  • სკანდალი ბოდარის ყოფილი მეწყვილის გარშემო

ლორანს ფურნიე-ბოდრის შესაძლებლობა გამხდარიყო სიზერონის ახალი პარტნიორი შემთხვევითი არ ყოფილა - ამასაც წინ სკანდალი უძღოდა.

ფურნიე-ბოდრი 2013 წლიდან ცეკვავდა ნიკოლაი სიორენსენთან ერთად, რომელიც იყო, როგორც პარტნიორი ყინულზე, ასევე მისი მეგობარიც. მათ ერთად მოიპოვეს არაერთი მედალი დანიისა და კანადის ჩემპიონატებზე და სხვა საერთაშორისო შეჯიბრებებშიც.

ფურნიე-ბოდრი ყოფილ მეწყვილესთან ნიკოლაი სიორენსენთან ერთად

2023 წელს სიორენსენს ბრალი დასდეს, რომ 2012 წელს ამერიკელ მოციგურავეს დაესხა თავს და გაუპატიურება სცადა. ამის შემდეგ იგი სპორტიდან ექვსი წლით ჩამოაშორეს - ამ გადაწყვეტილებამ, ფაქტობრივად, დაასრულა 35 წლის სპორტსმენის კარიერა და, თითქოს, ფურნიე-ბოდრისიც...

სიორენსენმა ბრალდება უარყო და საქმე სასამართლომდე არ მისულა. მოგვიანებით დისკვალიფიკაცია გაუქმდა.

ფურნიე-ბოდრიმ საჯაროდ დაუჭირა მხარი თავის მეგობარს და ზამთრის ოლიმპიადის წინ გამოსულ Netflix-ის დოკუმენტურ ფილმში Glitter & Gold თქვა: "მე ჩემს მეგობარს ასი პროცენტით ვიცნობ. მე ვიცი, ვინ არის ის.“

ქალმა, რომელმაც სიორენსენი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა, გააკრიტიკა ფურნიე-ბოდრის პოზიცია და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებები "სახიფათო გარემოს ქმნის იმ მოციგურავეებისთვის, რომლებიც ძალადობის მსხვერპლები ხდებიან და ამაზე ვერ ლაპარაკობენ..."

აქვე გეტყვით, ყინულზე ცეკვებში დიანა დევისის და გლებ სმოლკინის წყვილმა საქართველოდან ოლიმპიადაზე გამოსვლა მე - 13 პოზიციაზე დაასრულა.

ფიგურულ ციგურაობაში ასპარეზობა 13 თებერვალს, ვაჟთა თავისუფალი პროგრამით განახლდება, რომელშიც გამოვა ნიკა ეგაძე. ის მოკლე პროგრამის შემდეგ მე-15 ადგილზეა. პირველი სამეული კი ამ ეტაპზე ასეთია: ილია მალინინი (ამერიკა), იუმა კაგიამა (იაპონია), ადამ სიაო ჰიმ ფა (აფრანგეთი).

იხილეთ ასევე: