ჩვენ ყველანაირად, მათ შორის სამართლებრივი და პროტესტის გზით, დავიცავთ ოცი წლის მონაპოვარს, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ აკადემიური საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რითაც უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ განათლების მინისტრის განცხადებებს გამოეხმაურა.
ნინო დობორჯგინიძის თქმით, ეს არ არის მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის პრობლემა, ეს არის ამ ქვეყნის მომავლის განადგურება.
„საზოგადოებას გამოუცხადეს, რომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ილიას უნივერსიტეტის 97-98% ფაქტობრივად დაშალეს, დაანგრიეს. ეს არ არის მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის პრობლემა, ეს არის ამ ქვეყნის მომავლის განადგურება ისე, რომ ამაზე პასუხისმგებლობა არავინ არ აიღოს. ამას ვერანაირად ვერ დავუშვებთ.
ჩვენ პრინციპულად არ ვეთანხმებით საქართველოში საუნივერსიტეტო განათლების დანგრევას და ჩვენ ყველანაირად, მათ შორის სამართლებრივი და პროტესტის გზით, დავიცავთ ამ ოცი წლის მონაპოვარს“, - განაცხადა ნინო დობორჯგინიძემ.
ცნობისთვის, განათლების მინისტრმა დაასახელა, რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტი რომელ ფაკულტეტზე გამოაცხადებს მიღებას.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით; სამართალი; ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება; სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება საინჟინრო-ტექნიკურ დისციპლინებზე.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში - მედიცინის სპეციალობებზე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში - პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში - აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობებზე.
სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე.
ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას.
ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე.
ამ ეტაპზე, მთავრობის მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში აგრარული მიმართულება დროებით რჩება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შესაბამისად, მიღება გამოცხადდება ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით. თუმცა, უახლოეს დღეებში დაიწყება რეორგანიზაციის პროცესი, რომლის საფუძველზეც, რამდენიმე თვეში, აგრარული მიმართულება გადაინაცვლებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში.
შესაბამისად, 2026-2027 სასწავლო წელს ახლად მიღებული სტუდენტები აგრარულ ფაკულტეტზე სწავლას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყებენ", - განაცხადა გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.