ავტორი:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან დაუყოვნებლივ შეხვედრასა და გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან დაუყოვნებლივ შეხვედრასა და გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს და ითხოვს სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები პირები დაუყოვნებლივ შეხვდნენ საუნივერსიტეტო საზოგადოებას.

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოების განცხადებაში ითხოვენ გაუქმდეს გადაწყვეტილება.

"დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გააკეთა განცხადება სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით „უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად, არსებითად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით“.

ამ დადგენილების მიხედვით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეკრძალება სტუდენტების მიღება ყველა სასწავლო პროგრამაზე, გარდა პედაგოგიკისა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებისა.

აღნიშნული გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია და ასამარებს საქართველოს უმაღლეს განათლებას, უნივერსიტეტების ავტონომიასა და აკადემიურ თავისუფლებას, კლავს საერთაშორისოდ აღიარებულ კვლევით მიმართულებებსა და სასწავლო პროგრამებს, ქვეყნის ევროპული განვითარების პერსპექტივას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუცია, რომელსაც აღნიშნული გადაწყვეტილებით ეკრძალება მიღება სრულად აკრედიტებულ პროგრამებზე; უნივერსიტეტს ერთმევა შესაძლებლობა, წარმართოს კვლევა მაღალი დონის სამეცნიერო ლაბორატორიებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსებულ უნიკალურ ბაზებზე, რომლებიც წლების განმავლობაში იქმნებოდა ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში.

ამ დადგენილებით ილიას უნივერსიტეტს ერთმევა შესაძლებლობა, განახორციელოს სასწავლო და კვლევითი პროგრამები მეცნიერების ყველა იმ დარგში (სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, ზუსტი მეცნიერებები), რომლებშიც ილიაუნი საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით უპირობო ლიდერია საქართველოში.

ეს დამაზიანებელი გადაწყვეტილება ეხება არა მხოლოდ ილიას უნივერსიტეტის 17000-ზე მეტ სტუდენტსა და 3000-მდე თანამშრომელს, არამედ მთელ საზოგადოებას, რომლის განვითარებაში ილიას უნივერსიტეტს განსაკუთრებული წვლილი შეაქვს.

მოვითხოვთ, გაუქმდეს აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც არ ეფუძნება მტკიცებულებებსა და კვლევის მონაცემებს, არ ითვალისწინებს დარგის ექსპერტთა პოზიციებს და ანადგურებს ილიას უნივერსიტეტის მიღწევებს კვლევასა და სწავლებაში.

მოვითხოვთ, გადაწყვეტილების მიმღები პირები დაუყოვნებლივ შეხვდნენ საუნივერსიტეტო საზოგადოებას", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ხელს აწერენ:

▪ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო

▪ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო

▪მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბჭო

▪სამართლის სკოლის საბჭო

▪საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბჭო

▪ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბჭო.