სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახური მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინმა საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება თავისი ქალიშვილი კიმ ჩჟუ ე მემკვიდრედ გამოაცხადოს და ამისთვის უკვე დგამს გარკვეულ ნაბიჯებს, რათა მმართველი ელიტის წრეებში მისი პოზიციები გააძლიეროს და ამით მომავალი მხარდაჭერა მოუპოვოს.

ორი წლის წინაც სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახური (NIS) ასევე ამბობდა, რომ კიმ ჩენ ინი საკუთარ ქალიშვილს მემკვიდრედ ზრდიდა, თუმცა როგორც ამჟამად სამხრეთ კორეის პარლამენტის დეპუტატები აცხადებენ, დაზვერვის მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი აღზრდის ეტაპიდან უკვე პირდაპირ მემკვიდრის დანიშვნის ეტაპზე გადავიდა.
დეპუტატების თქმით, NIS გეგმავს დააკვირდეს, გამოჩნდება თუ არა ჩჟუ ე თებერვლის ბოლოს ჩრდილოეთ კორეის შრომის პარტიის ყრილობაზე და თუ გამოჩნდება, რა სტატუსით დაესწრება მას

“იმის გათვალისწინებით, რომ კიმ ჩჟუ ე სხვადასხვა ღონისძიებებზე იმყოფებოდა და დაფიქსირდა ნიშნები, რომ მან გარკვეულ სახელმწიფოებრივ საკითხებზე საკუთარი აზრი გამოთქვა, NIS მიიჩნევს, ის უკვე მემკვიდრის დანიშვნის სტადიაში შევიდა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა ლი სონ კვონმა.
სამხრეთ კორეის დაზვერვა მიიჩნევს, რომ კიმს კიდევ ჰყავს უფროსი შვილი, ვაჟი, თუმცა მისი არსებობის შესახებ არც თავად ლიდერს და არც ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიას საჯაროდ არასოდეს უსაუბრია.
თავად ჩჟუ ე-ს არსებობის შესახებ მსოფლიომ საკმაოდ მოულოდნელი წყაროდან შეიტყო: ამერიკელმა კალათბურთელმა დენის როდმანმა, რომელმაც 2013 წელს ჩრდილოეთ კორეა ქვეყნის ხელმძღვანელობის მიწვევით მოინახულა, ბრიტანულ პრესას განუცხადა რომ “ხელში პატარა ჩჟუ ე ეჭირა“.

ამჟამად ჩჟუ ე სავარაუდოდ 13 წლისაა. ტელერეპორტაჟებში მამის საქმიანობის შესახებ ის პირველად 2022 წელს გამოჩნდა, კიმ ჩენ ინი მოზარდ ქალიშვილთან ერთად ახალ კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტას ათვალიერებდა.
პაპის, კიმ ირ სენისა და მამის, კიმ ჩენ ირის შემდეგ, კიმ ჩენ ინი კიმების დინასტიის უკვე მესამე მმართველია , კიმ ჩჟუ ე კი სავსებით შესაძლოა, არც თუ ისე შორეულ მომავალში დინასტიის უკვე მეოთხე წარმომადგენელი გახდეს.