ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის შვილს, ადამს, გროზნოში მომხდარი ავტოავარიის შემდეგ, მოსკოვის საავადმყოფოში მკურნალობის დროს ელენთა ამოკვეთეს. უმცროს კადიროვს ასევე თვალის ნერვის სერიოზული დაზიანება აღენიშნება. ინფორმაციას "ნოვაია გაზეტა" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით აქვეყნებს.
- გამოცემის ცნობით, შესაძლოა ადამ კადიროვმა ცალ თვალში მხედველობა სრულად დაკარგოს. ის ამჟამად მკაცრ დიეტაზეა, რაც სავარაუდოდ მისი წონის კლების მიზეზია. ადამმა რომ წონაში მნიშვნელოვნად დაიკლო ეს ჩანს ავარიის შემდეგ, რამზან კადიროვის მიერ გამოქვეყნებულ შვილის პირველ ვიდეოში.
რამზანმა ვიდეო ავარიიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 10 თებერვალს გამოაქვეყნა.

როგორც "ნოვაია გაზეტა" იტყობინება, მოზარდის კიდევ სამმა თანმხლებმა პირმა ავარიის დროს სერიოზული დაზიანებები მიიღო. ავტომობილში იყო ადამის საუკეთესო მეგობარი, ბისლონ კაიმოვი, რომელსაც გამოცემის ცნობით, ხერხემლის სერიოზული დაზიანება აქვს.
- ავარიიდან თითქმის ერთი თვის განმავლობაში ადამ კადიროვის ჯანმრთელობის, ან ადგილსამყოფლის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა. ჩეჩნეთის ხელისუფლება და სახელმწიფო მედია ავარიის შესახებ დუმდა და რესპუბლიკის ლიდერის შვილის ძველი კადრები ახალ კადრებად წარმოაჩინა, ხოლო კადიროვ უმცროსის Instagram-ის ანგარიშზე გამოქვეყნდა ძველი ვიდეო, სადაც ის ლეზგინკას ცეკვავს და იარაღს ისვრის.

მოგვიანებით, რამზან კადიროვმა გააკეთა კომენტარი ავტოავარიის შესახებ და თქვა, რომ ეს ამბავი "საიდანღაც მოსული ფაბრიკაციაა".
ავარიის შემდეგ ადამ კადიროვს ელენთა ამოკვეთეს, შესაძლოა, ცალ თვალში მხედველობა სრულად დაკარგოს - რა ინფორმაცია ვრცელდება უმცროს კადიროვზე.