საქართველოს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად 564 625 ლარი გამოყო.
შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულებაშია ასახული.
"ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ლიკვიდაციის მიზნით სალიკვიდაციო კომისიის შექმნის, მისი შემადგენლობის, კომისიის საქმიანობის წესისა და უფლებამოსილების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 26 დეკემბრის №2244 განკარგულებით შექმნილი სალიკვიდაციო კომისიის გადაწყვეტილებისა და „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს კანონის საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის კომპენსაციის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 9 თებერვლის №316 განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში გამოუყოს 564 625 (ხუთას სამოცდაოთხი ათას ექვსას ოცდახუთი) ლარი, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად”,- ნათქვამია დოკუმენტში.