მოსკოვის ოლქის ყოფილი მინისტრი, ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია, გახმაურებული კრიმინალური სკანდალის შემდეგ, ძველ ოჯახს უბრუნდება. 30-წლიანი არაფორმალური თანაცხოვრების შემდეგ, ის მისი უფროსი შვილების დედაზე, ეკატერინე ჯანაშიაზე ქორწინდება.
ამის შესახებ ხუბუტიამ "ინსტაგრამის" პირად გვერდზე თავად განაცხადა და ბარვიხის მუნიციპალიტეტიდან მიღებული დოკუმენტის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ადასტურებს, რომ წყვილის ოფიციალური ქორწინება თებერვალში იგეგმება. "ეკამ თანხმობა განაცხადა! ურა!" - ასე დაასათაურა პოსტი ყოფილმა ჩინოვნიკმა.
ნაჯახით თავდასხმა და სისხლიანი გარჩევა საყვარელთან
ხუბუტიას ეს გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან სულ რაღაც ერთი წლის წინ ის მთელი რუსეთის ყურადღების ცენტრში სისხლის სამართლის დანაშაულის გამო მოექცა. 2025 წლის გაზაფხულზე, მოდელმა იულია ვანმა ბიზნესმენი სასტიკ თავდასხმაში დაადანაშაულა.
გოგონას თქმით, ხუბუტია, რომელთანაც მას საერთო შვილი ჰყავს, სახლში ნაჯახით შეუვარდა და ფიზიკურად გაუსწორდა. მოდელმა სოციალურ ქსელში დასისხლიანებული ხელ-ფეხის კადრები გაავრცელა. მოგვიანებით, საავადმყოფოს პალატიდან მან ინტერვიუ ქსენია სობჩაკსაც მისცა, სადაც ჰყვებოდა, რომ თავიდან ბიზნესმენი "ჯენტლმენივით" იქცეოდა. საბოლოოდ, იულიამ შვილთან ერთად რუსეთი დატოვა, რადგან საკუთარი სიცოცხლის უსაფრთხოების გარანტია არ ჰქონდა.

სასამართლო და ანდრეი მალახოვის სკანდალური ეთერი
მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ხუბუტია ყველაფერს უარყოფდა და აცხადებდა, რომ მოდელთან მხოლოდ "ფინანსური თანამშრომლობა" აკავშირებდა (მისი თქმით, გოგონა სექსუალური მომსახურების სანაცვლოდ თვეში მილიონ რუბლს ითხოვდა), სასამართლოზე მან ბრალი სრულად აღიარა.
სასამართლომ ექს-მინისტრს ერთი წლით პირობითი სასჯელი მიუსაჯა. მათ შორის გაფორმდა მორიგებაც: ხუბუტია ვალდებულია შვილის სარჩენად ყოველთვიურად 150 ათასი რუბლი გადაიხადოს, თუმცა საჯაროდ მამობას დღემდე ეჭვქვეშ აყენებს.
ამ თემას გადაცემა ანდრეი მალახოვმაც მიუძღვნა, სადაც სტუმრად ეკატერინე ჯანაშია იმყოფებოდა. თოქ-შოუმ საზოგადოების დიდი პროტესტი გამოიწვია - მაყურებელმა ტელეწამყვანი დამნაშავის რეპუტაციის "გათეთრების" მცდელობაში დაადანაშაულა.
როგორც ჩანს, "კანონიერმა მეუღლემ" ხუბუტიას ღალატიც აპატია და ნაჯახით თავდასხმის ისტორიაც, რის შემდეგაც წყვილმა ურთიერთობის დაკანონება გადაწყვიტა.
მიხეილ ხუბუტიას და ეკატერინე ჯანაშიას ტრაგიკული ისტორია აკავშირებთ — მათ უფროსი ვაჟი, ნიკოლოზ ხუბუტია, დაეღუპათ.
ეს შემთხვევა 2018 წელს მოსკოვში მოხდა. 26 წლის ნიკოლოზი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა (ცეცხლსასროლი იარაღით), რასაც წინ მძიმე დეპრესიული პერიოდი უძღოდა.
ამჟამად წყვილს ორი ვაჟი ჰყავს. ამ ტრაგედიის შემდეგ ხუბუტია ხშირად აღნიშნავდა ინტერვიუებში, რომ ნიკოლოზის სიკვდილმა მისი ცხოვრება სრულად შეცვალა, თუმცა, როგორც ჩანს, ამას ხელი არ შეუშლია მოგვიანებით სკანდალურ ისტორიებში გახვეულიყო.
წაიკითხეთ ასევე: