"გერმანიის საგარეო უწყების გვერდზე საქართველოს პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილია მითითებული, საგარეო მინისტრად - ილია დარჩიაშვილი - "აიტიშნიკი" მაინც  გაგვაცნონ" - პაპუაშვილი

"გერმანიის საგარეო უწყების გვერდზე საქართველოს პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილია მითითებული, საგარეო მინისტრად - ილია დარჩიაშვილი - "აიტიშნიკი" მაინც  გაგვაცნონ" - პაპუაშვილი

გვეკითხება ჩვენი მოსახლეობა, რა სჭირს, რა დაემართა გერმანიას, რომ მისი ელჩი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქართულ დემოკრატიას - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე კვლავ სალომე ზურაბიშვილი არის მითითებული პრეზიდენტად და ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად - [გერმანიის საგარეო უწყების]ის „აიტიშნიკი“ მაინც გაგვაცნონ, შეიძლება ქართველი „აიტიშნიკია“ ვინმე „ნაცი“ და ამიტომ ცდილობს, რომ დააზიანოს საქართველო. ამაზე მე პირადად, პასუხს ველი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

  • მისი თქმით, კითხვას, თუ რატომ არის მითითებული გერმანიის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი, მარტივად შეუძლია უპასუხოს გერმანიის ელჩმა, „რომელიც გვანებივრებს ხოლმე მისი პოლიტიკური განცხადებებით და პოლიტიკური ინტერვიუებით“.

„მათ შორის, ბოლო ინტერვიუში ვნახეთ, რომ თითქოს და საკმაოდ ყალბად, ჩემი აღქმით, გამოხატავდა წუხილს, რომ ურთიერთობები საქართველოს და გერმანიას შორის არის გაუარესებული და ცდილობდა ამის გადაბრალებას საქართველოს მთავრობისთვის. აქ მაქვს წამოღებული მონაცემები, ეს არის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან აღებული ოფიციალური მონაცემები, ყველა ქვეყანასთან დაკავშირებით აქვს მოკლე ინფორმაცია, ვინ არის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრი. საქართველოსთან დაკავშირებით 2024 წლის ოქტომბრიდან ანუ არჩევნების შემდეგ არც ერთხელ არ განახლებულა [ინფორმაცია] მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტულად, 6 თვეში ერთხელ ხდება ნებისმიერი ქვეყნის მონაცემების განახლება. საქართველოს შემთხვევაში კვლავ სალომე ზურაბიშვილი არის მითითებული პრეზიდენტად და ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად. ვისთან აქვს გერმანიის ელჩს კომუნიკაცია? რომ დაიბარეს ის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვისთან მივიდა? ილია დარჩიაშვილი ნახა იქ სადმე, კაბინეტებში, თუ კორიდორში? ეს ხომ სამარცხვინოა, რასაც ვხედავთ და რა თქმა უნდა, ეს არ არის რომელიმე ვებ-ადმინისტრატორის ხარვეზი და გერმანიის ელჩს აქვს შესაძლებლობა შემისწოროს, თუ ეს ასე არ არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ჩამოთვალა ის ქვეყნები, რომელთა მონაცემები განახლებულია გერმანიის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე. პაპუაშვილის თქმით, ესენია, რუსეთი, სირია, ირანი და ა.შ.

„რუსეთი თუ არ ავიწყდება გერმანიის ვებ-ადმინისტრატორს, ქვეყანა, რომელზეც გემიანის წინა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა თქვა, რომ ომში არიან რუსეთთან და თუ ომში არიან რუსეთთან, მის მონაცემებს აახლებენ, არ ეზარებათ და არ ავიწყდებათ.

არათუ რეგიონი, მსოფლიოში ქვეყანა არ ავიწყდება იმ ვებ-ადმინისტრატორს, მითიურ „აიტიშნიკს“, რომელსაც ვინმემ შეიძლება დააბრალოს, რომ საქართველო გამორჩა. აი, ეს არის ის მდაბიო ქცევა, რომელიც სინამდვილეში აზიანებს ურთიერთობას საქართველოსა და გერმანიას შორის. გერმანიის ელჩს საქართველოსთან სულ სამწლიანი მისია აკავშირებს, მე პირადად და ბევრს ჩვენ გუნდში მრავალწლიანი ურთიერთობა გვაქვს, მათ შორის ჩვენი პროფესიული გამოცდილებიდან, თუ განათლებიდან გამომდინარე გერმანიასთან და გერმანელ ხალხთან და მისი წუხილი რა მოსატანია იმ წუხილთან, რომელიც ჩვენ გვაქვს იმის გამო, თუ რა უქნეს ქართულ-გერმანულ ურთიერთობას იმ ხელმძღვანელობამ, რომელმაც ფაქტობრივად, აგურ-აგურ ნაშენი 30-წლიანი მეგობრობა ჩვენ ორ ქვეყანას და ხელისუფლებებს შორის, რომელიც ხაზს ვუსვამ, გენშერის დროიდან დაიწყო და გერმანიის რეპუტაცია ქართულ საზოგადოებაში განსაკუთრებით მაღალი იყო. დღეს როდესაც საზოგადოებას, ადამიანებს ვხვდები, მეკითხებიან, რა სჭირს გერმანიას, რატომ იქცევა ასე? ქვეყანა, რომელმაც პირველი საელჩო გახსნა საქართველოში, დღეს მისი ელჩის სახით ქართველი ხალხის თვალში არის ისე, თითქოს არის ქვეყანა, რომელიც პირველი უთხრის ძირს ქართულ დემოკრატიას. ამას გვეკითხება ჩვენი მოსახლეობა, ადამიანები, რომ რა სჭირს, რა დაემართა გერმანიას, რომ მისი ელჩი ცდილობს ძირის გამოუთხაროს ქართულ დემოკრატიას. ასე რომ პასუხი გასცენ ქართველ ხალხს, რაც მთავარია, გვაინტერესებს. მაშინ ის „ატიშნიკი“ მაინც გაგვაცნონ, შეიძლება ქართველი „აიტიშნიკია“ ვინმე „ნაცი“ და ამიტომ ცდილობს, რომ დააზიანოს საქართველო. ამაზე მე პირადად, პასუხს ველი, რასთან გვაქვს საქმე,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.