მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის მძღოლის განცხადებით, 2024 წელს ჯანგველაძე და საქმეში ბრალდებული ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ერთმანეთს და ჯანგველაძის საქართველოში შეხვედრების შესახებ ისაუბრა
ჩადუნელმა, რომელიც მსჯავრდებულ გელა უძილაურის მიერ ნასროლი ტყვიით ჭვჭვაძის გამზირე თავადაც დაიჭრა, დეტალურად ისაუბრა შემთხვევის დღეზე, ასევე, ლევან ჯანგველაძესთან მის ურთიერთობასა და ფარცხალაძესთან შეხვედრის ფაქტებზე.
ჩადუნელის ჩვენებით, ის ლევან ჯანგველაძესთან 17 წლის განმავლობაში მუშაობდა - თავდაპირველად მას დაცვის ფუნქცია ჰქონდა, შემდეგ კი, როგორც თავად თქვა, "ბიზნესმენს გამოცდილი მძღოლი დასჭირდა და მასთან სწორედ ამ პოზიციაზე მუშაობდა“.
მოწმემ 2024 წელს, ფარცხალაძე-რომანოვისა და ჯანგველაძის შეხვედრის ორი ეპიზოდი გაიხსენა.
"ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობ, ტელევიზიით მყავდა ნანახი. არასდროს, არანაირი კვეთა ოთარ ფარცხალაძესთან მანამდე არ მქონია, არც სატელეფონო და არც ნათესაური, გამარჯობა-გაგიმარჯოს, ესეც კი არ გვქონია.
პირადად მაშინ ვნახე, როცა ბატონი ლევანი შეხვდა მას. 2024 წლის ნოემბერში თუ ოქტომბერში, ფინანსურ პოლიციაში შეხვდა, დაახლოებით, ერთი საათი იყვნენ, რაზე იყო საუბარი, არ ვიცი. იქამდე, ზაფხულში, ვერაზე შეხვდნენ ერთმანეთს, რაღაც ოფისივით იყო, მე შიგნით არ შევსულვარ. მისვლამდე ლევანიმ გზაში, მანქანაში მითხრა, რომ ფარცხალაძეს უნდა შეხვედროდა. ვერაზეც შეხვედრა 1 საათი გაგრძელდა.
მეორე შეხვედრა 3-4 თვეში, ფინანსურ პოლიციაში მოხდა",- განაცხადა ჩადუნელმა.
მოწმის თქმით, აღნიშნული შეხვედრის შემდეგ მას ჯანგველაძე "გაკვირვებული და "დაგრუზული" მოეჩვენა. ჩადუნელის ჩვენებით, ჯანგველაძეს ვიღაცამ დაურეკა, რომელსაც უთხრა, რომ სასტუმროში მივიდოდა და ყველაფერს მოუყვებოდა.
ჩადუნელმა ასევე ისაუბრა შემთხვევის დღეზეც, როცა გელა უძილაურმა მას და ჯანგველაძეს ესროლა. მისივე თქმით, მსჯავრდებულ უძილაურს არ იცნობდა.
მოწმის თქმით, სამძიმარზე მისულ ჯანგველაძეს და მას გელა უძილაურმა ჩასაფრება ისეთ ადგილას მოუწყო, სადაც მასაც და აწ გარდაცვლილ ჯანგველაძესაც გააკონტროლებდა.
ჩადუნელის თქმით, ტელეფონის გარდა, ჯანგველაძესთან რაციით ჰქონდა კომუნიკაცია, ის სამძიმარზე კახაბერ ძანძავასთან ერთად მისულ ჯანგველაძეს გარეთ ელოდებოდა.
პროკურორის კითხვაზე, რატომ ესროლა უძილაურმა მას და არა ჯანგველაძის თანმხლებ პირს, კახაბერ ძანძავას, მოწმემ უპასუხა, რომ სავარაუდოდ, უძიალურისთვის მისი ვინაობა ცნობილი იყო.
"სავარაუდოდ, იცოდა, რომ მე ვიყავი შეიარაღებული მძღოლი, რატომ არ ესროლა კახაბერ ძანძავას?",- განაცხადა ჩადუნელმა.
ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.
გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძიალური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.