მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია საქართველოსთვის არის უფრო სერიოზული პარტნიორობის შესაძლებლობა, რაც მიმართული იქნება როგორც ევროპის, ასევე საქართველოს კეთილდღეობისკენ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.
"რა თქმა უნდა, ჩვენს პრიორიტეტებზე შესაძლებლობის ფარგლებში უნდა ვისაუბროთ. კერძოდ, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა სურს საქართველოს, როგორ ხედავს საქართველო ევროპის უსაფრთხოებას, როგორ განვიხილავთ საკუთარ თავს ევროპის უსაფრთხოების ნაწილად და რა წვლილი შეაქვს საქართველოს სწორედ იმაში, რაზედაც მსჯელობა მიმდინარეობს დღეს ევროპაში.
ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შეხედონ სერიოზულად და იყოს ის დამოკიდებულება, რაც შესაძლებელს გახდის უფრო სერიოზულ პარტნიორობას, რაც მიმართული იქნება როგორც ევროპის, ასევე თავად საქართველოს კეთილდღეობისკენ”, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, კონფერენციის ფარგლებში ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელთაგან ერთ-ერთი მიეძღვნება დაკავშირებადობას და შუა დერეფნის მნიშვნელობას ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ამ თვალსაზრისით იყოს საქართველო წარმოჩენილი და სწორედ ამ კონტექსტში ვისაუბროთ საქართველოს მნიშვნელობაზე შუა დერეფანში და ზოგადად შუა დერეფნის მნიშვნელობაზე დღეს ევროპისთვის და ევროპა-აზიის დაკავშირებისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილის კომენტარს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.