მეგონა, ჩვენთვის მთავარი იყო გვემუშავა, რომ არავის ეღიარებინა ოკუპირებული ტერიტორიები, თუმცა, როგორც ჩანს, მათთვის პრიორიტეტი შეიცვალა და დღეს გახდა: "მაღიარეთ, მაღიარეთ“ - სალომე ზურაბიშვილს არ ეხება ეს კანონი, ეს ეხება ყველას, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "რადიო პალიტრის“ ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ელოდება თუ არა მის დაპატიმრებას, თუ ძალაში შევიდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც არ ცნობს კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და სხვებსაც საჯაროდ მოუწოდებს მსგავსი ქმედებისკენ.
"მე ასე არ დავსვამდი კითხვას, ვერავინ იტყვის ამას, ამის პასუხი არ არსებობს. რეალურად, ეს მიმართულია არამარტო მხოლოდ ჩემკენ, უფრო მიმართულია სხვებისკენ, კერძოდ, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ, გაერთიანებამ არ დააყენოს კითხვის ქვეშ მათი ლეგიტიმურობა. ეს რატომ აღელვებთ ამდენად?! ჩემზე ამბობენ გიჟი არის და რაღაც... ძალით აღიარების მხოლოდ რამდენიმე მაგალითი ვიცი:
პირველი: ეშმაკი ეუბნება ქრისტეს, მაღიარეო.
მეორე: ისლამური იმპერიები სთხოვდნენ ჩვენს წმინდანებს გვაღიარეთ, შეიცვალეთ რჯულიო.
მესამე არის: საბჭოთა პერიოდი, როდესაც ყველას სთხოვდნენ ხელი მოეწერათ აღიარებაზე. დაგიჭერდნენ, გაგასამართლებდნენ, მთავარი იყო აღიარებაზე ხელის მოწერა.
მეგონა, ჩვენთვის მთავარი იყო გვემუშავა, რომ არავის არ ეღიარებინა ოკუპირებული ტერიტორიები, როგორც ჩანს, მათთვის პრიორიტეტი შეიცვალა, დღეს გახდა: "მაღიარეთ, მაღიარეთ“.
მე არ ვარ მთავარი ობიექტი. ყველამ რომ თქვას ლეგიტიმურია პარლამენტი, ხელისუფლება, მე რა?! ერთი ადამიანი ვარ, რომელიც არაფერ ცვლის. სხვებისგან, ოპოზიციური პარტიებისგან, საზოგადოებისგან სჭირდებათ [აღიარება]. სალომე ზურაბიშვილს არ ეხება ეს კანონი, ეს ეხება ყველას. გვახსოვს შემდეგ მიღებული კანონი ბიზნესზე, რომ არავის დაეხმაროთ...მათი მთავარი ინსტრუმენტია, ჰქონდეთ იმდენი კანონი, რამდენიც საჭიროა, რომ ყველას თავზე ჩამოკიდებული იყოს დამოკლეს მახვილი“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა და დასძინა: "მე არსად არ ვაპირებ წასვლას, რატომ უნდა წავიდე“.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, სალომე ზურაბიშვილმა შეაფასა ის ფაქტი, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, ერთი მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მეორე მხრივ კი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ამჟამად გერმანიაში მცხოვრები გიორგი გახარია მონაწილეობენ.
"ამ წელს არ იყო იმის საშუალება, რაც მე მიმაჩნია აუცილებლობად, რომ უნდა გამოვსულიყავი ერთ-ერთ პანელზე. მე არ გამიგია, რომ ბოჭორიშვილს და გახარიაზე, რომ რომელიმე პანელში მონაწილეობენ. ისე დასწრება ბევრს შეუძლია. მნიშვნელოვანია სად ხარ და რამდენად შეგიძლია იქაური ტრიბუნა გამოიყენო“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.