ავტორი:

"პარტიას ვეღარ შევქმნი, ჩემთვის ეს დრო დასრულებულია, ახლა ჩემი როლი სხვა არის..." - სალომე ზურაბიშვილი

"პარტიას ვეღარ შევქმნი, ჩემთვის ეს დრო დასრულებულია, ახლა ჩემი როლი სხვა არის..." - სალომე ზურაბიშვილი

რეალურად, საკმაოდ მყარად დგას ოპოზიცია - მე არ მაქვს იმის ამბიცია, რომ შევქმნა პოლიტიკური პარტია, ხვალ ვიყო ვინმეს კონკურენტი და ეს ყველამ უნდა გაიგოს. ამიტომ შეიძლება უფრო მისაღები ვიყო ყველასთვის, როგორც შუამავალი, კოორდინატორი და გარეთ საზოგადოების ხმის გამტანი, რომელიც პოლიტიკურ პარტიულ ლიდერს უფრო გაუჭირდება იმიტომ, რომ ის წარმოადგენს თავის პარტიულ ხედვას, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "რადიო პალიტრის“ ეთერში განაცხადა.

მან ისაუბრა ოპოზიციის ერთიანობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა.

"მთავარი არის შეიქმნას პოლიტიკური ალტერნატივა, რომ დაინახოს საზოგადოებამ და დაინახონ პარტნიორებმა, რა მოხდება და ვინ იქნება პასუხისმგებელი სტაბილურობაზე, როცა ეს რეჟიმი ჩამოიშლება ან წავა არჩევნებზე, იმიტომ, რომ გათვლის, "შეიძლება მოვიგო ეს არჩევნები“. ვინც კითხულობს, რა გეგმაა - გეგმა რომ ააწყო, უნდა იცოდე შემდეგი ეტაპი, რომელსაც უნდა უპასუხო და ჩვენ არ ვიცით, რომელი იქნება შემდეგი ეტაპი. ჩანს, რომ ეს რეჟიმი ძალიან მყარად არ არის და გადასულია ისტერიულ ქმედებებში, ყოველდღიურად ხან ახალი კანონები, ხან სამ-სამ საათიანი მონოლოგები ტელევიზიაში და ა.შ. მყარ და სტაბილური რეჟიმის განცდას არ გვაძლევს, მათი შიდა დაპირისპირებები "ფული მომიტანე“- რეალურად მთლიანად ფულზე გადასული რეჟიმი...

მთავარი დაბრკოლება არის ის, რომ ვერც საზოგადოება და ვერც ჩვენი პარტნიორები ვერ ხედავენ, რომ არის რაღაც ბირთვი, რომელიც კომპეტენტურადაც და პოლიტიკურადაც მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა ამ გარდამავალ, ძალიან რთულ პერიოდზე. ამ ბირთვის ჩამოყალიბებას ხელს უშლის რეჟიმი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან უპასუხა კითხვას: მონაწილეობს თუ არა იმ მოლაპარაკებებში, რომელიც ოპოზიციური ერთობის შექმნას ეხება.

"ჯერ ერთი, მე წამოვიწყე ეს მოლაპარაკებები თავის დროზე, არაერთხელ. მე ვარ ინიციატორი იმ ქარტიის, რომელიც ჯერ კიდევ რჩება და მე მგონი, სხვა ალტერნატივა არ გააჩნია, გამაერთიანებელი ვინც მართლა ოპოზიციურად თვლის თავს იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს ის გარდამავალი პერიოდი და ეს არის მნიშვნელოვანი. ამის იქეთ, ცხადია, რომ პარტიებს ექნებათ თავიანთი ხედვა, რა უნდა იყოს განათლების ნამდვილი რეფორმა, რა უნდა იყოს ეკონომიკის აღზევების ერთ-ერთი ფორმა, ეს არის პარტიული სხვადასხვაობა, რომელიც უნდა შეიქმნას ამ ქვეყანაში და რომელზეც იმედი მაქვს, რომ მოვისმენთ ნამდვილ დებატებს, ეს არის ჩემი ნამდვილი ოცნება, მრავალპარტიული, ნამდვილი დებატები და არა ერთმანეთზე ჭორაობა, მანამდე გვჭირდება წინააღმდეგობის ფრონტი. ამაზე მიდის მოლაპარაკებები ხან ჩემთან, ხან ერთმანეთში და ხან კიდევ სხვა ფორმატში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ "რეალურად, საკმაოდ მყარად დგას ოპოზიცია“.

მისი თქმით, ის პოლიტიკური პარტიის შექმნას არ აპირებს.

"მე პოლიტიკურ პარტიას ვერ შევქმნი, ჩემთვის ეს დრო დასრულებულია. მე პოლიტიკურ პარტიას დღეს ვეღარ შევქმნი. ჩემი როლი არის სხვა, რომ ვიყო სახელმწიფოს ერთგვარი ინსტიტუციურ წარმომადგენელი იმ ერთიანობისა, რომელიც უნდა გადარჩეს. სწორედ იმიტომ, რომ მე არ მაქვს იმის ამბიცია, რომ შევქმნა პოლიტიკური პარტია, რომ ხვალ ვიყო ვინმეს კონკურენტი და ეს ყველამ უნდა გაიგოს, ამიტომ შეიძლება უფრო მისაღები ვიყო ყველასთვის, როგორც შუამავალი, კოორდინატორი და გარეთ საზოგადოების ხმის გამტანი, რომელიც პოლიტიკურ პარტიულ ლიდერს უფრო გაუჭირდება იმიტომ, რომ ის წარმოადგენს თავის პარტიულ ხედვას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა დებატებზეც.

"პარლამენტის დებატები ხომ ვხედავთ, როგორ ვითარდება, სპორტსმენებსა და უვიცებს შორის, არანაირი არსებითი დებატი არ არსებობს. კომენტარს არ გავაკეთებ, რა ტიპის ოპოზიციაა [პარლამენტში]. მე ვამბობ, რომ არ არსებობს რეალური შინაარსობრივი დებატი კომიტეტებში, ეს მორჩა, დიდი ხანია არ ყოფილა და ალბათ, არასდროს აღარ იქნება ერთპარტიულ პარლამენტში. რაც არ უნდა სხვადასხვა დასახელებები იყოს, ერთპარტიული პარლამენტი გვაქვს დღეს და პრემიერის ასეთ გადმოგდებულ შემოთავაზებაზე რომ "აბა, მოდით, დებატები“ იმიტომ, რომ რაღაც ფორმით სჭირდებათ ამ იზოლაციიდან და ერთპარტიულობიდან სურათის შემსუბუქება, არ ვიცი, მხარდამჭერებისთვის, ვინც დარჩათ, არ ვიცი, მსოფლიოსთვის, სადაც როგორც ჩანს, უნდათ ხელის ჩამორთმევა, რაღაც აღიარება. რა მიზანს ემსახურება (დებატები) ზუსტად ძნელი სათქმელია, მაგრამ ეს არის მათი მიზნის მისაღწევად. არ არსებობს იმის ვარიანტი, რომ ერთ საათიან დებატში, პრემიერთან, რომელიც არ წარმოადგენს სფეროს ექსპერტს, რამეს მიაღწიო. სხვა იქნებოდა, რაც საზოგადოების მოთხოვნაა, რომ გაეხსნათ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელმაც როგორც ვიცი, ევროპული მაუწყებლის ორგანიზაციიდან მიიღო რაღაც შენიშვნები. იმათ გაეხსნათ თავისუფალი სივრცე თემატურად- საზოგადოება, ექსპერტები, არაექსპერტები, მშობლები, სტუდენტები, ყველას განეხილა ეს და საზოგადოებრივი აზრი ყოფილიყო ჩამოყალიბებული. ეს შეიძლება ყოფილიყო რეალური დისკუსიის ერთგვარი ნაბიჯი. დანარჩენი ყველაფერი არის ფიგურული სრიალი,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ის, რომ დებატებში ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობს და ნაწილი არ მონაწილეობს, ამის ერთ-ერთი მიზანი ოპოზიციის დაყოფაა.

"ეს ძალიან კარგად იციან. ქვეყნის მართვა ნამდვილად არ იციან და არც არაფერში ჩანს, მაგრამ დაყოფა "იმისთვის, რომ იბატონო“, ეს კარგად იციან. ეს არის ძველი ტექნოლოგია, რომელსაც, რაღაც მომენტში, ყველა რეჟიმი იყენებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.