ავტორი:

ტრამპი ირანის სანაპიროსკენ მსოფლიოში უდიდეს ავიამზიდს გზავნის - "შეთანხმებას თუ არ მივაღწევთ, მათთვის რთული დრო დადგება"

ტრამპი ირანის სანაპიროსკენ მსოფლიოში უდიდეს ავიამზიდს გზავნის - "შეთანხმებას თუ არ მივაღწევთ, მათთვის რთული დრო დადგება"

ირანზე ზეწოლის გაზრდის მიზნით, დონალდ ტრამპი მსოფლიოში ყველაზე დიდ ავიამზიდს ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით გზავნის.

აშშ-ის ფლოტის უახლესი ავიამზიდმა USS Gerald R. Ford - მა უკვე დატოვა კარიბის ზღვა, სადაც ის ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა და არაბეთის ზღვაში, ირანის სანაპიროსკენ გაემართა.

მანამდე კი ტრამპმა განაცხადა: "ირანთან შეთანხმებას თუ არ მივაღწევთ, ეს ძალიან ტრავმული იქნება, მათთვის რთული დრო დადგება".

მისი თქმით, ირანელებთან იმდენ ხანს ისაუბრებს, რამდენიც სურს.

ავიამზიდსა და მის თანმხლებ ხომალდებს შესაძლოა მინიმუმ ორი კვირა დასჭირდეთ დანიშნულების ადგილზე მისაღწევად, რის შემდეგაც ისინი ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ის დამრტყმელ არმადას შეუერთდებიან.

აშშ-ის პრეზიდენტმა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ერთი კვირის წინ ომანში ირანის ბირთვულ შესაძლებლობებზე, ბალისტიკურ რაკეტებსა და მისი პროქსი-ძალების მხარდაჭერაზე არაპირდაპირი მოლაპარაკებები წამოიწყო.

ორივე მხარემ მოლაპარაკებების პირველ რაუნდით ფრთხილი კმაყოფილება გამოხატა და განაცხადა, რომ მზად არიან კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა, მომდევნო შეხვედრის თარიღი და ადგილი ჯერ შეთანხმებული არ არის.

ირანის ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობის შეზღუდვა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომელიც მან ვაშინგტონში ვიზიტისას გაახმაურა, თუმცა, როგორც ჩანს, შინ იმედგაცრუებული დაბრუნდა. მოგვიანებით ალი შამხანიმ, ირანის უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის მრჩეველმა განაცხადა, რომ რაკეტებზე უარის თქმა “წითელი ხაზს“ წარმოადგენდა .

USS Gerald R. Ford-ის ახლო აღმოსავლეთში ჩასვლა, რომელსაც საკუთარ ბორტზე 80-მდე თვითმფრინავის განთავსება შეუძლია, მნიშვნელოვნად გააძლიერებს აშშ-ის შესაძლებლობას, რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიური შემტევი კამპანია აწარმოოს ირანის რეჟიმის წინააღმდეგ.

ბირთვული ენერგიაზე მომუშავე USS Gerald R. Ford F/A-18 Super Hornet ტიპის გამანადგურებლებით ოპერირებს. მისი აშენება 13 მილიარდი დოლარი დაჯდა. ავიამზიდი უახლესი თავდაცვითი და სარადარო სისტემებით არის აღჭურვილი. ის ერთხელ უკვე იმყოფებოდა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, როდესაც აშშ - ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხომალდი 2023 წელს ღაზას სექტორში კონფლიქტის დროს ისრაელის მხარდასაჭერად გააგზავნა.

გარდა საზღვაო ძალებისა, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ახლო აღმოსავლეთში განთავსებული აშშ-ს სახმელეთო სამხედრო ძალების მოცულობაც, მათ შორისაა საბრძოლო თვითმფრინავები, საჰაერო საწვავით მომარაგების ტანკერები და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები.

თუმცა, დამატებითი ძალების გაგზავნის მიუხედავად, კვლავ არსებობს სერიოზული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, შეძლებს თუ არა აშშ მხოლოდ საჰაერო იერიშებით რეჟიმის შეცვლას.

წყარო