ავტორი:

თბილისში ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა - რატომ შეწყდა წინა ტენდერი?

თბილისში ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა - რატომ შეწყდა წინა ტენდერი?

თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ 13 თებერვალს კიდევ ერთხელ გამოაცხადა ტენდერი ტრამვაის ხაზის გასაყვანად. ამ ხაზმა დიდი დიღომი დიდუბეს უნდა დააკავშიროს.

ტენდერის ღირებულება უცვლელია - გამარჯვებულ კომპანიას 7,5 კმ სიგრძის ხაზის გაყვანაში, დეპოსა და 11 გაჩერების მოწყობაში 416 592 000 ლარს გადაუხდიან. ამ თანხაში არ არის გათვალისწინებული შემადგენლობების შეძენა.

  • რატომ შეწყდა წინა ტენდერი?

მერიამ ტენდერი თავდაპირველად გასული წლის ოქტომბერში გამოაცხადა. მოგვიანებით წინადადებების წარდგენის ვადები 2026 წლის 16 თებერვლამდე გადაიწია. თუმცა, საბოლოოდ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის 21 ოქტომბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტებში გათვალისწინებული არ იყო ხეების გადატანისა და მგზავრთა გადასასვლელების მოწყობა.

ამჯერად თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 27 მარტს იწყება და 31 მარტს სრულდება.

ინფორმაციისთვის,

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, ტრამვაის ხაზი იწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრო რაიონების შერწყმის მიმდებარე ტერიტორიიდან, დავით აღმაშენებლის ხეივნის და დიღმის მასივის გავლით უკავშირდება მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიას.

თბილისში ტრამვაის დაბრუნება დედაქალაქის მოქმედი მერის, კახა კალაძის დაპირებაა. ამის შესახებ მან თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ისაუბრა