ჩინეთმა გადაწყვიტა, უკრაინას ენერგეტიკული სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების დამატებითი პაკეტი გამოუყოს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
უკრაინული მედიის ცნობით, სიბიგამ მიუნხენში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ისთან შეხვედრა გამართა.
"მიუნხენში მნიშვნელოვანი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ისთან. ყურადღება გავამახვილეთ ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ორმხრივი სავაჭრო და ორმხრივი კავშირების განვითარების გზებზე. დავადასტურე უკრაინის ინტერესი ჩინეთთან უმაღლეს დონეზე კონტაქტების მიმართ. განვიხილეთ სამშვიდობო ძალისხმევა და ჩინეთის მნიშვნელოვანი როლი ომის დასრულებაში. მადლობელი ვარ პეკინის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, უკრაინის ენერგეტიკისთვის ჰუმანიტარული დახმარების დამატებითი პაკეტი გამოყოს“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი ინფორმაციით, ვან ის მიაწოდა ინფორმაცია ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების, უკრაინის ენერგოსისტემაზე რუსეთის თავდასხმების და რუსული დარტყმების შედეგად ჩინური კომპანიებისთვის მიყენებული ზარალის შესახებ.
სიბიგას განცხადებით, შეხვედრა დასრულდა კონტაქტებისა და ორმხრივი ვიზიტების გაგრძელების შეთანხმებით და მან ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში მიიწვია.