ნამდვილი დრამა გათამაშდა მილანის ოლიმპიურ ყინულზე ვაჟ მოციგურავეთა ასპარეზობისას - ყველა მოლოდინი და პროგნოზი, რაც მანამდე კეთდებოდა თავდაყირა დადგა. ამერიკელი ილია მალინინი, რომელიც ყველა დროის საუკეთესო მოციგურავედ მიიჩნევა და ოლიმპიური ოქროს მთავარი კანდიდატი იყო, უმედლოდ დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ მოკლე პროგრამის შემდეგ ის ასპარეზობის ლიდერი იყო, თავისუფალ პროგრამაში იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ მსოფლიო რეკორდსმენი მე-8 ადგილზე აღმოჩნდა.
ოქროს მედალი ვერც იაპონელმა სპორტსმენმა იუმა კაგიამამ მოიპოვა, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ მე-2 იყო - ისიც სრიალისას არაერთხელ შეცდა და მე-2 ადგილზე გავიდა, ოლიმპიური მედლის გარეშე დარჩა ფრანგი ადამ სიაო ჰიმ ფაც, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ მე-3 ადგილზე იყო.
ყველასთვის მოულოდნელად ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ყაზახი სპორტსმენი მიახაილ შაიდოროვი, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ მე-5 იყო და მალინინს მთელი 14 ქულით ჩამორჩებოდა, თუმცა თავისუფალი პროგრამის უშეცდომოდ შესრულების და მისი მეტოქეების წარუმატებელი გამოსვლების შედეგად, მან ოქროს მოპოვება მოახერხა.
ის ისტორიაში პირველი ყაზახი სპორტსმენია, რომელიც ამ სახეობაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
მე-3 ადგილზე გავიდა ასევე იაპონელი სპორტსმენი შუნ სატო, რომელიც მე-9 ადგილზე იყო მოკლე პროგრამის შემდეგ.
თავისუფალ პროგრამაში საკმაოდ კარგად იასპარეზა ქართველმა ნიკა ეგაძემ, რომელიც მე-10 ადგილზე გავიდა, შეგახსენებთ, ის მოკლე პროგრამის შემდეგ მე-15 ადგილს იკავებდა.