ავტორი:

"სახელმწიფომ მანქანა აჩუქა, თუმცა საღ გონებაზე ამ საჩუქარს არ აიღებდა" - მსახიობი, რომლის შესახებ თითქმის არაფერი იყო ცნობილი: ვასო კახნიაშვილის ოჯახი და როლები

"სახელმწიფომ მანქანა აჩუქა, თუმცა საღ გონებაზე ამ საჩუქარს არ აიღებდა" - მსახიობი, რომლის შესახებ თითქმის არაფერი იყო ცნობილი: ვასო კახნიაშვილის ოჯახი და როლები

მამუკა კახნიაშვილი პროფესიით ჟურნალისტია, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ჟურნალისტიკის განხრით აქვს განათლება მიღებული. 2001 წლის მერე აქტიურ ჟურნალისტიკას ჩამოშორდა. ოღონდ, თავისთვის რაღაც ჩანაწერებს სულ აკეთებს. ამბობს, რომ ეს მხოლოდ საკუთარ სურვილების დაკმაყოფილებაა და სხვა არაფერი.

"2001 წლიდან ფაქტობრივად მარკეტინგის სფეროსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით გადავინაცვლე. ვმუშაობდი საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად, სპეციალისტად, მარკეტინგის მენეჯერად, მარკეტინგის სპეციალისტად, მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელად სხვადასხვა კომპანიაში“ - გვეუბნება მამუკა კახნიაშვილი.

ალბათ ბევრმა არც იცის, რომ ის ქართული კინოსა და თეატრის დიდი მსახიობის, ვასილ კახნიაშვილის შვილიშვილია. ვასო კახნიაშვილის შესახებ ინტერნეტსივრცეში ზოგადად მწირი ინფორმაციაა, თუმცა მისი გაკეთებული საქმე ქართულ ხელოვნებაში კი არც ისე მცირე. დაუვიწყარია მისი კინოროლები... ამ ყველაფრის გვირგვინი კი ბატონი ვასოს როლია, ფილმიდან „ცისფერი მთები,“ სადაც მისი პერსონაჟი, რომელიც „ომამდე ტანკისტი იყო“, გამუდმებით მოითხოვს „გრელანდიის“ გატანას - „გა-ი-ტა-ნეთ“...

მამუკა კახნიაშვილთან ჩაწერილი ეს ინტერვიუ კი მსახიობის შესახებ ბევრ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის.

- მამუკა, თქვენი პაპის, ცნობილი მსახიობის ვასო კახნიაშვილის ცხოვრებაზე და მის ოჯახზე უნდა ვისაუბროთ...

- ნამდვილად სასიამოვნოა, რომ ადამიანებს ამდენი წლის შემდეგ ასე ახსოვთ პაპაჩემი. ეს მახარებს და ამაყს მხდის. კი, მე ვარ მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის ვასილ კახნიაშვილის შვილიშვილი. ვასოს ორი ვაჟიდან (ნუგზარი და მერაბი) მხოლოდ ნუგზარ კახნიაშვილია ცოცხალი. უმცროსი შვილი მერაბი, ანუ მამაჩემი, სამწუხაროდ, გარდაცვლილია. ვასოს სამი შვილიშვილი - სამივე ვაჟი ვაგრძელებთ მის გვარს. უფროსი გიორგი და უმცროსი კახი (კახაბერი) - ნუგზარის შვილები არიან. მერაბს კი მე ერთი ვაჟი მამუკა ვყავდი. ვასო შვილის გარდაცვალებას არ მოსწრებია, რადგან მამაჩემი 11 წლის წინ გარდაიცვალა, ხოლო პაპა - 1990 წელს 79 წლის ასაკში. 80-ის 9 მაისს უნდა გამხდარიყო და 25 მარტს წავიდა... მას სიკვდილამდე 2 წლით ადრე, 1988 წლიდან დემენცია დაეწყო. მანამდე კი ჩვეულებრივად საღ გონებაზე იყო, მუშაობდა და აქტიური გახლდათ.

- ალბათ თქვენ მაშინ პატარა იყავით...

- კი და 8-10 წლის ბავშვს, რაც შეიძლება ახსოვდეს, იმ პერიოდის პაპა ცუდად ნამდვილად არ მახსოვს. სასიამოვნოდ მეთამაშებოდა და მეც ვეთამაშებოდი. იმ მდგომარეობაშიც კი, რომელშიც ის იმყოფებოდა, ძალიან მოსიყვარულე იყო და ის ურთიერთობა მახალისებდა, რაც სულ კარგადა მახსენდება. მშვიდი და არააგრესიული გახლდათ...

- მისი ნათამაშევი როლები ქართულმა კინომ აღბეჭდა. არაერთ ცნობილ ფილმშია გადაღებული და ყველგან დასამახსოვრებელი სახე აქვს შექმნილი.

- ნამდვილად... თვითონ მორიდებული კაცი იყო. როგორც ბებიაჩემისგან, მამაჩემისგან და ბიძაჩემისგან ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი იყო და თავისთავად ყურადღების ცენტრში უწევდა ხოლმე ყოფნა, ეს დიდად არ უყვარდა. თავმდაბალი ადამიანი იყო. კინო მის პოპულარობას ზრდიდა, ამის გამო გულში ხინჯი ჰქონდა, რადგან არ სიამოვნებდა ქვეყნის მასშტაბით ზედმეტი პოპულარობა... როგორც ბებიაჩემი ამბობდა, ვასო საერთოდ თეატრის მსახიობი გახლდათ, დრამის მსახიობი. ასეც იყო, რადგან მთელი თავისი შეგნებული სიცოცხლე გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს მიუძღვნა. საერთოდ ძალიან უყვარდა თავისი ქალაქი. იქ იყო დაბადებულ-გაზრდილი და ამბობდა, - გორის გარდა ცხოვრებას ვერსად ვერ შევძლებ. ვენაცვალე ჩემს გორს და ჩემს გორელებსო. კითხვა უყვარდა, დიდი ბიბლიოთეკა ჰქონდა. ის ბიბლიოთეკა ახლაც არსებობს...

რამაზ ჩხიკვაძესთან ერთად

თავის შეძენილ წიგნებზე მისი ხელით წარწერების გაკეთება უყვარდა. აწერდა - ესა და ეს წიგნი როდის შეიძინა და ბოლოს ხელს ვასო კახნიგორი - ასე აწერდა. საერთოდ ქალაქშიც „კახნიგორად“ იცნობდნენ. მის მიერ გაკეთებული ეს ხელმოწერა ბევრჯერ მინახავს. გორის თეატრი მისთვის ყველაფერი იყო, ამას ყველა გრძნობდა და მეც ვგრძნობდი იმ პერიოდში, რაც შეიძლებოდა ბავშვს ეგრძნო... მსახიობები ოჯახზე მეტად დროს თეატრში ატარებენ და ბებიაჩემი ამაზე წუხდა ხოლმე, - ოჯახზე მეტად თეატრი უყვარსო. იმაში, რომ თავის საქმე ძალიან უყვარდა, განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, ჩვეულებრივი ამბავი იყო. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ შვილების ან შვილიშვილების მიმართ უყურადღებობას იჩენდა.

ფილმი "მეზობლები" - იპოლიტე ხვიჩია და ვასო კახნიაშვილი

როგორც ვთქვი, მე მისი საღ გონებაზე ყოფნა ნაკლებად მახსოვს, მაგრამ უფროსი შვილიშვილისგან, გიორგისგან ვიცი, რომ მისთვის ძალიან კარგი პაპა იყო. უბრალოდ გარეთ ყოფნა მეტად უწევდა ყოფნა, რადგან ასეთი პროფესია ჰქონდა... ძალიან სტუმრიანი კაცი გახლდათ, როგორც ამბობდნენ, მასთან ხშირად ჩამოდიოდნენ თბილისიდან მისი მეგობარი ცნობილი მსახიობები. ბუნდოვნად რამდენიმე მათგანი მეც მახსოვს. პაპა გიორგი/ჟორა შავგულიძესთან ძალიან მეგობრობდა. გორში ვასოსთან ხშირად ჩამოდიოდა და ვასო მასთან თბილისში ჩადიოდა. ერთხელ ბებიაჩემი ვიღაცას უყვებოდა - როგორი პატივსაცემი მსახიობია, ამხელა ადამიანი, მაგრამ არ მიყვარდა მისი გორში ჩამოსვლაო. რატომო? - ჰკითხეს. სახლში რომ მოდიოდნენ, გამუდმებით სვამდნენ და სვამდნენო. ნუ ეს ხუმრობით ნათქვამი იყო... საერთოდ ქალებს ხომ სახლში მამაკაცების გადამეტებული ქეიფი არ მოსწონთ და ამ მხრივ არც ბებია იყო გამონაკლისი...

- ბებიაზეც მოგვიყევით...

- თამარ გოჩიაშვილი ქართლიდან გახლდათ. მსახიობი არ ყოფილა, დიასახლისი იყო. ვასოს ოჯახის ბურჯი, კერის არჩამქრობი ქალბატონი ოჯახს ყოჩაღად უძღვებოდა. ბავშვების აღზრდიდან დაწყებული ოჯახის მთელი სადავეები ხელში ეჭირა...

მეუღლესთან ერთად

- კინო ვახსენეთ და კინომ ვასო კახნიაშვილს პოპულარობა მართლაც მოუტანა... მასობრივად იქიდან გაიცნეს...

- კი, მაგრამ ბევრ როლზე აქვს ქართულ კინოში უარი ნათქვამი, მაგრამ რა შემოთავაზებაც მიიღო და როლი შეასრულა, ყველგან მაქსიმუმი ჩადო. მისი პირველი როლი კინოში ფილმში „მაგდანას ლურჯა“ იყო. რეზო ჩხეიძისა და თენგიზ აბულაძის ერთობლივი ნამუშევარში, სადაც ეპიზოდური როლი აქვს. სასამართლოს აღმასრულებლების ხელმძღვანელია. ფილმს იღებდნენ ქართლში, უფლისციხის მიმდებარე სოფლებში და პაპაჩემი, როგორც იქაური მასპინძელი, მთელი გადამღები ჯგუფს ჩვენთან სახლში ხშირად მასპინძლობდა. ბებიაჩემი მაგ პერიოდს ძალიან ხალისიანად იხსენებდა... აქედან დაიწყო მისი კინოკარიერა. შემდეგ ისეთი შემთხვევებიც ჰქონია, ჩვენც კი რომ არ ვიცოდით, ისეთ ფილმებში გამოჩნდებოდა ეპიზოდებში, სადაც საერთოდ არ ველოდით, რომ იქ შეიძლებოდა ყოფილიყო.

- მისი ბოლო განსაკუთრებული ნამუშევარია "ცისფერი მთები", სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი აქვს...

- ელდარ შენგელაიასთან თანამშრომლობა „სამანიშვილის დედინაცვლით“ დაიწყო, სადაც ბეკინას როლი ითამაშა. „ცისფერ მთებში“ შესრულებული როლი კი უკვე ბატონ ელდართან თანამშრომლობის გვირგვინია... ელდარ შენგელაიასთან დიდი მეგობრობა აკავშირებდა. ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. ელდარი გორში რომ ჩამოდიოდა, ჩვენთან ყოველთვის მოდიოდა. ეს მეც მახსოვს. ისე არ ჩამოვიდოდა, რომ ვასოსთან არ შემოსულიყო, არ ენახა, არ მოეკითხა. კიდევ იყო ფილმი „ლომა, დავიწყებული მეგობარი“. ის ძაღლი „ლომაც“ მახსოვს, გორში მოიყვანეს პირველი სერიის გადაღების დროს. პაპას ცხოველების შიში ჰქონდა და მას შესაგუებლად მოუყვანეს. იქ ეზო გვაქვს, სადაც პატარა სახლიც მოუწყვეს და ძაღლი ჩვენთან გორში ცხოვრობდა.

"ცისფერი მთები"

მერე ამ ფილმის მეორე სერიას ბიძინა რაჭველიშვილი როცა იღებდა, პაპა უკვე ცუდად იყო. არადა, სულ ერთი კადრი სჭირდებოდა. ჩვენთან სახლში, ბებიაჩემთან დიდი თხოვნით მოვიდა, - ორი დღით წავიყვანთ, ცივ ნიავს არ მივაკარებთ. ექიმიც გვეყოლება და იქნებ გაგვატანოთ, ძალიან მჭირდება ეს კადრიო. ოჯახი დათანხმდა, პაპა გაუშვეს. ფილმი გადაიღეს. იმ მეორე სერიაში არის პირველი კადრი, სადაც ვასო მწყემსის სახით ჩანს. უკვე ვერც აცნობიერებდა, თუ რას აკეთებდა, მაგრამ მაინც კარგად გამოვიდა... ეს იყო მისი ფილმში ბოლო გამოჩენა...მისი მონაწილეობითაა ფილმი „კუჩხი ბედინერიც“ გადაღებული, რომელსაც საახალწლოდ შეგვახსენებენ ხოლმე. ბევრს უყვარს ეს ფილმი...

- მის სახლში გორში ახლა ვინ ცხოვრობს?

- სამწუხაროდ, არავინ. არც ჩვენ და არც ბიძაჩემი. ძალიან ძველი სახლია. 1900 წელსაა აშენებული. პაპაჩემის მამა გორში წარმატებული სოვდაგარი გახლდათ. იმ პერიოდის ერთ-ერთი ცნობილი სახლი, რომელიც ქალაქში ააშენა, მისი იყო, სადაც ქალაქის თავიც კი ქირით ცხოვრობდა. სხვათა შორის, სახლი შეტანილია ისტორიული შენობების ნუსხაში. ისტორიული ძეგლების კატალოგშიცაა შესული. მერე ერთი ნაწილი გაიყიდა. ნაწილი კი ჩვენ დაგვრჩა.

- მისი შთამომავლობა ყველანი თბილისში ცხოვრობთ?

- თბილისში მარტო მე ვარ. ბიძაჩემი ავსტრიაში ცხოვრობს. მისი შვილები ევროპაში არიან. მაგ სახლში მამაჩემი გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.

- თქვენ რამდენი შვილი გყავთ?

- ერთი შვილი მყავს, 13 წლის ნიკო. დიდ პაპაზე ბევრს ვუყვებით, ვაცნობთ მის ფილმებს და ძალიან დაინტერესებულია, ბევრი რამ გაიგოს პაპის შესახებ. რამდენიმე წლის წინ თბილისობაზე რომ ვიყავით, ერთ-ერთი ღონისძიება ტარდებოდა, სადაც ცნობილი ფილმების პავილიონები იყო გაკეთებული. იქ შემთხვევით გავიარეთ და დავინახეთ „ცისფერი მთებიდან“ პაპის მაგიდა ჰქონდათ გამოტანილი. ნიკო მაგიდასთან დავსვით და ფოტო გადავუღეთ...

შვილთაშვილი - ნიკო კახნიაშვილი

მიხარია, რომ გორში დარჩენილია ვასო კახნიაშვილის სახელობის ქუჩა და მისი სახლიც მისსავე სახელობის ქუჩაზეა. ხომ ვამბობ, თავისი ქალაქის ისეთი დიდი სიყვარული ჰქონდა, რომ მარჯანიშვილის თეატრიდან შემოთავაზება რომ მიიღო იქ გადასვლაზე ისე, რომ თბილისში ბინასაც სთავაზობდნენ (თან მარჯანიშვილის სტუდია ჰქონდა დამთავრებული) უარი თქვა. ეს იმის მიუხედავად, რომ მარჯანიშვილის თეატრის კოლექტივი ძალიან უყვარდა. ჩემს გორს და გორელებს ვერ ვუღალატებ, არც ბინა მინდა და არც არაფერიო. მართლაც საჩუქრად არასდროს არაფერი მიუღია - ყველაფერს უკუაგდებდა ხოლმე. მის მიღებას საჭიროდ არ თვლიდა. ბოლოს 1989 წელს საკავშირო სახელმწიფო პრემია მიენიჭა, რაც თვითონ თავისი ავადმყოფობის გამო ვერ გაიგო. არადა, სიგელი სახლში მოუტანეს, სიგელთან ერთად მედალიც. საჩუქრად ავტომანქანა ახალი თაობის „მოსკვიჩიც“ ჰქონდათ გამზადებული - ეს მაინც უნდა გადავცეთო. საღ გონებაზე აუცილებლად უარს იტყოდა, მაგრამ იმ ხალხმაც ჩვენს ოჯახს გასაქანი არ მისცა, რადგან „მოსკვიჩი“ საკავშირო პრემიის თანდართული საჩუქარი იყო. მოკლედ, მანქანა ძალით აგვაღებინეს. თვითონ იმ მიღებას პაპამ ხელი გაუაზრებლად მოაწერა - არც იცოდა, ხელს რას აწერდა...

"სამანიშვილის დედინაცვალი"

- საამაყოა, როცა ასეთი ადამიანის შთამომავალი ხართ...

- როდესაც გორში ჩავდივარ, სადაც ჩემი გვარის ქუჩა ვხედავ, რა თქმა უნდა, საამაყოა... ერთი ამბავიც მინდა, გავიხსენო - პაპას დაკრძალვისას ადგილობრივ მთავრობას სურვილი გაუჩნდათ, ვასო გორში არსებულ პანთეონში დაეკრძალათ, სადაც მხოლოდ ერთი პიროვნება ესვენა - საბჭოთა კავშირის გმირი, მებრძოლი გალუსტაშვილი და მის გვერდით. ბებიაჩემმა უთხრა, საგვარეულო სასაფლაო გვაქვს და ვასო იქ უნდა დაიკრძალოს, სადაც მეც, როცა იქნება, იქ დავიკრძალებიო. მართლაც, ახლა საგვარეულო სასაფლაოზე გვერდი-გვერდ არიან. გორში ასევე მეორე დიდი მსახიობი შალვა ხერხეულიძე იყო. ვასო და შალვა ერთი ასაკის იყვნენ, თან, ძმაკაცები. საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ, ადამიანებს შორის ურთიერთობის მაგალითები იყვნენ. ორივე გორის თეატრის სული და გული იყო. გორში მისი სახელობის ქუჩაც არის...

მამუკა კახნიაშილი

- პაპას რაში გავხართ?

- გარეგნულად ნაკლებად ვგავარ. ასაკში უფრო ბიძაჩემი, ნუგზარი დაემსგავსა. მამაჩემი 63 წლის გარდაიცვალა, მაგრამ ბოლო პერიოდში ისიც ჰგავდა. შვილიშვილები ნაკლებად ვგავართ. შინაგანდ და ადამიანურად კი პაპას ნამდვილად ვგავარ. მეც არ მიყვარს მასავით ჩემი წარმატების დაფასება. შექებაც კი არ მსიაოვნებს. საქმისადმი მიდგომაში მას ვგავარ, რასაც ემსახურები, ის რომ მთელი გულით უნდა აკეთო. კი, მისგან ეს გამომყვა.