ავტორი:

"უსაქმურ პერიოდში დავიწყეთ ამ რაღაც ვიდეოების ჩაწერა..." - "აცა- ბაცას" ისტორია: რას ჰყვება მამუკა ღლონტი მისი და ლევან სუხიტაშვილის ახალ წამოწყებაზე

"უსაქმურ პერიოდში დავიწყეთ ამ რაღაც ვიდეოების ჩაწერა..." - "აცა- ბაცას" ისტორია: რას ჰყვება მამუკა ღლონტი მისი და ლევან სუხიტაშვილის ახალ წამოწყებაზე

ცნობილი ტელე და მუსიკალური პროდიუსერი მამუკა ღლონტი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მუსიკალურ ინდუსტრიაში ახალი პროექტით "აცა-ბაცა" დაბრუნდა. ქართულ მუსიკალურ სივრცეში ახალდაბადებული ჯგუფი ჯერჯერობით მხოლოდ ორი წევრით არის წარმოდგენილი - თავად მამუკა ღლონტი და მსახიობი - ლევან სუხიტაშვილი. სოციალურ ქსელის, სხვადასხვა პლატფორმაზე უკვე საკმაოდ დიდი ნახვა აქვს მათ ნამუშევრებს. ცნობილი პროდიუსერის არაერთი პროექტი იცის მაყურებელმა და იმედოვნებენ, რომ „აცა-ბაცაც“ მორიგი წარმატების სამიზნეა.

როგორ იქმნება ამ ჯგუფის მუსიკა, რით არის ის გამორჩეული, როგორ მუშაობენ სიმღერებზე და რა გეგმები აქვთ, ამაზე თავად მამუკა ღლონტი გვესაუბრება.

- "მე დავბრუნდი" - ცოტა ხნის წინ, ასე უთხარით, სოციალურ ქსელში თქვენს გამომწერებს. ეს რას ნიშნავს?

- დაბრუნებას მუსიკალურ ინდუსტრიაში.

- მუსიკალური პროდიუსერობა გენატრებოდათ?

- "მაესტროს" ცნობილი მოვლენების შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს გარედან არ ჩანდა, მაგრამ ისე გამოვიფიტე, რომ აზრზე მოსასვლელად (შემოქმედებით საქმიანობის მიმართულებით) 10-12 წელი დამჭირდა.

- როდესაც სოციალურ ქსელში თქვენს ვიდეოებს ვუყურებდი, ჯერ კიდევ კარგა ხნის წინ გაისმა ეს „აცა-ბაცა,“ თავიდან მეგონა, რომ რაღაც ხუმრობა იყო...

- კი, ვხუმრობდით...

- და საბოლოოდ მიხვედით იქამდე, რომ ჯგუფად ჩამოყალიბდა? რას აკეთებთ ახლა და რისი თქმა გინდათ?

- მუსიკას ვაკეთებთ. ვწერ, ვმღერით და რაღაცებს ვმამაძაღლობთ...

- სახელწოდება „აცა-ბაცა“ საიდან მოვიდა?

- კოვიდის დროს მე და ლევანი ვისხედით და იმ უსაქმურ პერიოდში დავიწყეთ ამ რაღაც ვიდეოების ჩაწერა. ერთ-ერთი ჩაწერის დროს თვალები დავაელმეთ და მოდი, ჩვენს ამ დუეტს "აცა- ბაცა" დავარქვათო. მუსიკის წერა კი ბოლო სამი-ოთხი თვის ამბავია.

- და ამ მუსიკას ხელოვნური ინტელექტი ქმნის?

- ხელოვნური ინტელექტი რომ წერდეს, მაგას ყველა გააკეთებდა. ხელოვნური ინტელექტი, რა თქმა უნდა, წერს მუსიკას, მაგრამ ის ჯერჯერობით არაფრად ვარგა. უბრალოდ შეიძლება „ლატარიაში“ ხანდახან რაღაც ამოგიგდოს. ჩვენი წერის პროცესი ასეთია: სიმღერას ასე ვიწყებ, ჯერ ლექსს ვწერ. უკვე თავში მთლიანად მიტრიალებს ყველაფერი, მაგრამ ჯერ მისამღერი უნდა დავწერო. მისამღერს რომ დავწერ, მელოდია მოდის. ამ მელოდიას წავუმღერებ, წაუღიღინებ და ვეუბნები, - აბა, ამ მელოდიიდან მუსიკა, ასე ვთქვათ, არანჟირება გამიკეთე-მეთქი. ხანდახან მაშინვე „გაარტყამს“, ხან - ვერა. როცა უკვე მიხვდება, რა მელოდია ვუთხარი, ლექსს ვაძლევ და, ასე ვთქვათ, პარტიტურას ვუწერ. ეს პარტიტურა შეიძლება ძალიან დიდი იყოს, ან პატარა. ვუწერ სტილს, ინსტრუმენტებს, პაუზებს, მიმართულებებს და ბევრ რამეს. იწყებს გაკეთებას...

ჰოდა, კოტე ნონიკოვი - არანჟირების სპეციალისტი, „მაესტროს“ პერიოდში დატანჯული რომ მყავდა, დღეებს და საათებს ანდომებდა, რადგან შრომატევადი სამუშაოა, - ეს უცბად ქმნის. მერე მე თითო სიმღერას ორას ორმოცდაათჯერ გადავაკეთებ ხოლმე, რამდენიმეჯერ ვუსმენ, ვცვლი, ვუსმენ, ვცვლი...ზოგი შეიძლება 100-ჯერ და 1000-ჯერაც შევცვალო. დღეს დავდე ერთი სიმღერა, რომელზეც ორი თვე ვიწვალე. ერთი შეხედვით ძალიან მარტივია, მაგრამ დრო დამჭირდა სანამ, ჩემი აზრით, კარგ მდგომარეობამდე მივიყვანე.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=420&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Freel%2F907564078322437%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="420" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

- "ვუსმენ, ვცვლი, ვუსმენ, ვცვლი" - ეს კიდევ კარგად რომ განვმარტოთ...

- ახლა ერთი სიმღერა მაქვს, სადაც არის ჩელო, მაგრამ ჩელოს ხმა არ მომეწონა. ვუთხარი, შემიცვალე და შეცვალა. თუ საქსოფონი არ მომეწონა, ვეუბნები, საყვირზე გადაიყვანე ან ფლეიტაზე, დასარტყამი ინსტრუმენტი „მომეცი“ საკლუბო ხმით და გიტარა როკის ხმით. შეიძლება ვიღაცამ თქვას - ეს ხომ არ აფრენსო, მაგრამ აი, ასეა, ასე იქმნება ეს მუსიკა...

- მუსიკალური განათლება გაქვთ?

- მყავს მამიდაშვილი ფისო, იგივე ჩემი დაა - ერთად გავიზარდეთ. მუსიკოსია, უდიდესი სპეციალისტი, კონსერვატორია დამთავრებული, მუსიკის მიმართ თავიდანვე განსაკუთრებული მიდრეკილება ჰქონდა, ამის გარდა არაფერი უნდოდა. ჰოდა, პატარა რომ ვიყავი, დამსვამდა და თუ რამე კლასიკური ნამუშევარი არსებობს, მასმენინებდა. მეხუთე კლასამდე ყველაფერი მოსმენილი მქონდა, სოლფეჯიო, მუსიკის ისტორია, დიდი კომპოზიტორების ბიოგრაფიები, რაც გინდა, ყველაფერი მასთან მაქვს გავლილი. ფისოს ჩემი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის... ფორტეპიანოზე ცოტა ხანს ვიარე. ბუნებრივია, ბავშვობის მერე სულ მქონდა მუსიკის მიმართ ინტერესი. ვერკვეოდი მიმდინარეობებში, სტილსა და ჟანრებში, ინსტრუმენტებში და ა.შ.

- ბევრი წელი მუსიკალური არხის ხელმძღვანელიც იყავით და ალბათ ეს გამოცდილება თავისას შვრება...

- მუსიკის ასეთი ცოდნა და სიყვარული იმ საქმიანობაშიც დამეხმარა... ვიცოდი, რა გაჰიტდებოდა, რა არ გაჰიტდებოდა. ეს ყველაფერი მარტო ნიჭი არ არის, ცოტა განათლებაც და ბევრი რაღაცის ერთობლიობა. მოკლედ, დასკვნა ასეთია „აცა-ბაცას“ სიმღერას რომ გავაკეთებ და ვთქვათ, სხვას მოეწონება და მორჩა, მერე ასჯერ უნდა გადავაკეთო ანუ სანამ ბოლომდე არ მივიყვან იქამდე, რომ მართლაც კარგია. ოღონდ, ეს ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, რომ კარგია, მე პროფესიონალი ამ დარგში არ ვარ.

- ამ პროექტში სოლისტი მხოლოდ ლევან სუხიტაშვილია?

- ლევანი იმღერებს, ლევანია მომღერალი, მაგრამ ვაკეთებთ ბენდს „აცა-ბაცას,“ შეიძლება ავიყვანოთ კიდევ ერთი მომღერალი. გვექნება კლასიკური ბენდი - გიტარები, დასარტყამი ინსტრუმენტი, კლავიშები და აუცილებლად სასულე ინსტრუმენტიც. ჩვენი პროგრამა უფრო შოუ-კაბარე, მიუზიკლის მიმართულებით იქნება, რაღაც ამდაგვარი გვინდა გავაკეთოთ.

- ე.ი. იუმორნარევი, ოდნავ სარკასტულ-მუსიკალური შოუ, ხომ? ცოტა გაბედული და თამამი ტექსტები გაქვთ და ხომ არ არის მოსალოდნელი, ვინმე გაბრაზდეს?

- ჩემზე ვინც გასაბრაზებელი იყო, ყველა გაბრაზდა. ცხონებული შევარდნაძიდან დაწყებული, ივანიშვილით დამთავრებული. შუაში კიდევ - სააკაშვილი გაბრაზებულ-გამწარებული იყო ჩემზე. მოკლედ, სანამ ახალი არ მოვა, ესენი უკვე გაბრაზებულები არიან. მოდი, ახალს დაველოდოთ, იქნებ ის არ გაბრაზდეს, თუმცა ეჭვი მეპარება, იმასაც გავაბრაზებ.

- "აცა-ბაცას“ უკვე დიდი გამოხმაურება აქვს სოციალურ ქსელში, ე.ი. ხალხი მზად ყოფილა ამის მოსასმენად?

- როგორც ჩანს, ასეა.

- ამის მოლოდინი გქონდათ?

- ყოველთვის, როცა რამეს ვიწყებ, ფსონს დიდ წარუმატებლობაზე ვაკეთებ, ბიზნესსაც დიდ წაგებაზე ვთვლი. მერე თუ მოვიგე, ხომ კარგი. გადაჭარბებულ მოლოდინებს არ ვიქმნი, - ეგ დამღუპველია.

- ალბომის გამოცემაზე ფიქრობთ?

- არა, Spotify-ზე მაქვს დადებული და ვინმეს თუ უნდა იყიდის... თუ იყიდის, იყიდოს... ამერიკაში და ევროპაში არის ამის კულტურა. პიროვნებას, რომელსაც მოსწონს ჯგუფი, მიუხედავად იმისა, რომ აქვს საშუალება, მას ისე მოუსმინოს, ჯგუფის ნაშრომს ყიდულობს და ასე ეხმარება. არ ვიცი, ვინმე იყიდის თუ არა ჩვენს სიმღერას Spotify-ზე, მაგრამ იქ რომ დებ რაღაცას, საავტორო უფლებას მაშინვე იღებ. ამიტომ ჩემს რომელიმე სიმღერას მითითების გარეშე თუ ვინმე დადებთ, მაშინვე დაგიბლოკავთ.ალბომის რა გითხრათ, მაგრამ ჩვენს გეგმაში იქნება კაფეები, რესტორნები, კორპორატიული ღონისძიებები, დარბაზები და ა.შ. ნუ, საქართველოში მეტი არც არასდროს კეთდებოდა არაფერი.

- მუსიკოსები, პროდიუსერები თუ გეხმაურებიან, მათი მოსაზრება იცით?

- იმდენად ახალი ამბავია, თან ჯერ სათქმელიც რა არის?! ამ ეტაპზე სამზადის პროცესია - რაღაცებს ვწერთ, ვდებთ. ახლა, რომ გავაქანო და სპორტის სასახლე გავავსო, მერე იტყვიან, რა საშინელებას აკეთებენ და რა ცუდი მომღერალია ეს ლევანიო... სხვადასხვანაირი მოსაზრება წამოვა... საერთოდ, ყველა პროექტი, რომელიც დავიწყე, კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. შეიძლება არ მოგწონდეს პირობითად რეპი, მაგრამ ლექს-სენი ფაქტია, რომ სტადიონებს ავსებდა. მოწონებაზე თუ წავა საქმე, მე „პინკ ფლოიდის“ „რედიოჰედის“ გარდა საერთოდ არ ვუსმენ არანაირ მუსიკას. ბავშვობიდან მომწონდა და ასევე ვუსმენდი აქტიურად, როგორც ვთქვი, კლასიკას. ვერც კი გადმოვცემ, კლასიკა როგორ მიყვარს. ასე რომ წავყვეთ, გამოვა, რომ ადამიანმა არაფერს უნდა უსმინოს...

- თქვენს ერთ სიმღერაზე, რომელზეც ცნობილი სიმღერის ტექსტი - "ლურჯი იებით ხელში, წამწამებს ხედი მორცხვად“ გამოიყენეთ, კომენტარი წავიკითხე - ამ სიმღერას რას ერჩოდა, ხომ ჰქონდა თავის მუსიკაო?

- ეს დოგმებია. რას ვერჩოდი? მისთვის ხელი არ გვიხლია, პატიოსნად თავისთვის არსებობს, გადასარევი სიმღერაა, უბრალოდ სხვა მელოდია გავაკეთეთ. ყველაზე მეტი ნახვა მაგას აქვს... მუსიკაში, რომელსაც ახლა ვაკეთებთ, არის მეტწილად საყვირები. ასევე ძალიან მიყვარს ჩელო და ერთი სიმღერაა, რომელშიც ჩელო გამოვიყენე. კონკრეტული აუდიტორიისთვის ვწერ მუსიკას. უმრავლესობა არის არაკლასიკური სვინგი, მაგრამ სვინგი. ელექტროც არის და როკიც მაქვს სიმღერაში - „დედამიწა ბრტყელია“. უმრავლესობა კი, როგორც ვთქვი, არის არაკლასიკური, თანამედროვე სვინგი.

- ალბათ კონცერტსაც დაგეგმავთ?

- არ ვიცი, რამდენ ხანში შევკრებ ბენდს. მერე მისი აზრზე მოყვანა იქნება საჭირო, რომ ისე და დაუკრან, როგორც მე მინდა. ზაზა ხუციშვილი დახმარებას დამპირდა. სანოც მეხმარება.შეიძლება ბენდში ისეთი ბიჭები მოვიდნენ, რომ მაშინვე მიხვდნენ, რა გვინდა და პირველივე ცდაზე დაუკრან. ისეთი ახალგაზრდები მინდა ავიყვანო, ნიჭი რომ აქვთ და გასაქანი არა. როგორც „მაესტროში“ ავიყვანდი ხოლმე და მერე ჩამოვაყალიბებდი პროფესიონალად. აი, ასე მინდა ეს ბენდიც გავაკეთო.

- წარმატებებს გისურვეთ და ველოდებით თქვენს ახალ-ნამუშევრებს.