პოლიციამ ქურდობისა და ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით სამი არასრულწლოვანი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობისა და ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით სამი არასრულწლოვანი, 2010 წელს დაბადებული ლ.ს, 2008 წელს დაბადებული მ.ხ. და 2009 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე „ნიკორა-ტრეიდის" კუთვნილი ერთ-ერთი ფილიალიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია, ასევე, თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანი თბილისში მდებარე ,,ორი ნაბიჯის“ მაღაზიათა ქსელის ერთ-ერთი ფილიალში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 800 ლარამდე თანხას.
არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამივე არასრულწლოვანი ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, ასევე, 177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - ნათქვამია ინფორმაციაში.