მეცნიერებმა აღმოაჩინეს გზა, რომელიც ადამიანებში ეგოისტური ქცევის შემცირებას უწყობს ხელს. ეს არის ტვინის ორი უბნის ერთდროულ სტიმულაცია.
კვლევა ციურიხის უნივერსიტეტში ჩატარდა, სადაც 44 მოხალისე მონაწილეობდა. ექსპერიმენტის ფარგლებში მათ უნდა გადაეწყვიტათ, როგორ გაენაწილებინათ გარკვეული თანხა საკუთარ თავსა და ანონიმურ პარტნიორს შორის. გადაწყვეტილება სრულად მათზე იყო დამოკიდებული — შეეძლოთ თანხის დიდი ნაწილი დაეტოვებინათ საკუთარი თავისთვის ან უცნობისთვის.
მონაწილეები გადაწყვეტილების მიღების პროცესში ტვინის შუბლისა და პარიეტალურ რეგიონებში სუსტი ინტენსივობის ელექტრულ სტიმულაციას იღებდნენ — ეს უბნები ტვინის წინა და უკანა ნაწილებში მდებარეობს და გადაწყვეტილებების მიღებასთან, სოციალური ქცევისა და ემპათიის რეგულაციასთანაა დაკავშირებული.
მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მიღებული შედეგები ადამიანის ხასიათის რადიკალური ცვლილებას არ გულისხმობს. თუმცა კვლევა აჩვენებს, რომ ტვინის კონკრეტული უბნების დროებითმა სტიმულაციამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ალტრუისტულ ქცევასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე.
ჟურნალ PLoS Biology-ში გამოქვეყნებული ახალი აღმოჩენა წინა კვლევას ეყრდნობა - იმ ექსპერიმენტში მკვლევრებმა დააფიქსირეს ტვინის ორი რეგიონი, რომლებიც, როგორც ჩანს, ერთმანეთთან კოორდინირებულად მუშაობდნენ — მათი ნეირონული აქტივობა ერთსა და იმავე რიტმსა და სიხშირეს მიჰყვებოდა.

ამჯერად მკვლევრებს სურდათ დაედგინათ, შესაძლებელი იყო თუ არა ამ ორი რეგიონის კოორდინირებული მუშაობის ხელოვნურად გაძლიერება — და, შედეგად, ადამიანების უფრო უანგარო არჩევანისკენ "ბიძგი".
ტვინის სტიმულაციის ექსპერიმენტში მონაწილე ერთ-ერთმა ანონიმურმა მოხალისემ პროცედურისას განცდილი შეგრძნება თავის კანზე „თბილ შხაპს ან წვრილი წვიმის წვეთებს“ შეადარა. მისი თქმით, დისკომფორტი არ უგრძნია და პროცესი მსუბუქად და თითქმის შეუმჩნევლად მიმდინარეობდა.
"სტიმულაციის დაწყებისთანავე ეკრანზე მოცემული ამოცანების მიხედვით ვიღებდი გადაწყვეტილებებს. არცერთ ეტაპზე არ მიგრძნია, რომ სტიმულაცია გავლენას ახდენდა ჩემს არჩევანზე"“ — აღნიშნავს ის.
აღმოჩენა მიუთითებს, რომ სხვებზე ზრუნვისკენ მიდრეკილება შესაძლოა ჩვენს ტვინში ღრმად, ბიოლოგიურ — შესაძლოა გენეტიკურ — დონეზე იყოს ჩამოყალიბებული. ეს ნიშნავს, რომ ალტრუისტული ქცევა ევოლუციური პროცესის შედეგად განვითარდა, როგორც მექანიზმი, რომელიც ადამიანებს ერთმანეთზე ზრუნვასა და თანამშრომლობას უბიძგებს.