დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, შვედეთისა და ნიდერლანდების მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, რუსი ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი რუსეთის სახელმწიფომ მოკლა - მისი გარდაცვალების მიზეზი სამხრეთ ამერიკული ბაყაყის ტოქსინი, ეპიბატიდინის შხამი გახდა.
ამბობენ, რომ ტოქსინი ეპიბატიდინი მორფინზე 200-ჯერ უფრო ძლიერია. სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი ადგილობრივი ტომი მას ნადირობისას ისრებისა და სასროლი იარაღის მოსაწამლად იყენებს. ტოქსინი ნერვულ სისტემას აზიანებს, რაც დაბუჟებასა და დამბლას იწვევს.
დიდმა ბრიტანეთმა და მისმა მოკავშირეებმა, შვედეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და ნიდერლანდებმა განაცხადეს, რომ ნეიროტოქსინის გამოყენება მხოლოდ ვლადიმერ პუტინის მთავრობას შეეძლო.

"დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, საფრანგეთი , გერმანია და ნიდერლანდები დარწმუნებულები არიან, რომ ალექსეი ნავალნი სასიკვდილო ტოქსინით მოწამლეს. რუსეთი აცხადებდა, რომ ნავალნი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, თუმცა ეპიბატიდინის ტოქსიკურობისა და აღწერილი სიმპტომების გათვალისწინებით, მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი მოწამვლაა. ნავალნი ციხეში გარდაიცვალა, რაც მიუთითებს, რომ რუსეთს ჰქონდა საშუალება, მოტივი და შესაძლებლობა, მისთვის შხამი მიეწოდებინა" - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

"დაადგინეს, რომ ჩემი ქმარი, ალექსეი ნავალნი, მოწამლეს ეპიბატიდინით — ნეიროტოქსინით, რომელიც დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ შხამად მიიჩნევა. ბუნებაში ეს შხამი ეკვადორული ისრისებრი ბაყაყის კანზე გვხვდება - იწვევს დამბლას, სუნთქვის გაჩერებას და მტკივნეულ სიკვდილს. პირველი დღიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ქმარი მოწამლეს, და ახლა ამის მტკიცებულებაც არსებობს: პუტინმა ალექსეი ქიმიური იარაღით მოკლა.
მადლობელი ვარ ევროპული სახელმწიფოების ორი წლის განმავლობაში გაწეული გულმოდგინე მუშაობისა და სიმართლის გამოვლენისთვის. ვლადიმერ პუტინი მკვლელია და მან ყველა დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგოს"
შეგახსენებთ, რომ ნავალნი ორი წლის წინ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. მედიის ინფორმაციით, ნომერ მე-3 კოლონიაში გარეთ სეირნობის დროს ნავალნიმ თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა.
მისი გარდაცვალების შესახებ რუსეთის ხელისუფლებამ 2024 წლის 16 თებერვალს განაცხადა. მაშინ ნავალნის მოკავშირეებმა მკვლელობაში კრემლი დაადანაშაულეს.