ამერიკის შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მორიგ განცხადებას, დიდი გამოხმაურება მოჰყვა - მსოფლიო მედიამ აიტაცა პოპულარულ პოდკასტერ ბრაიან ტაილერ კოენთან ინტერვიუში, ობამას პასუხი არამიწიერი ცივილიზაციების შესახებ დასმულ კითხვაზე.
"ისინი რეალურები არიან, მაგრამ მე ისინი არ მინახავს“ - თქვა ექსპრეზიდენტმა ღიმილით.
ერთი შეხედვით თითქოს ხუმრობით ნათქვამი, ინტერნეტსივრცის მთავარ თემად იქცა. თუმცა მან იქვე უარყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კონსპირაციული თეორია ნევადის უდაბნოში მდებარე საიდუმლო ბაზის, ე.წ. 51-ე ზონის (Area 51) შესახებ. ობამას თქმით, იქ არანაირი მიწისქვეშა ლაბორატორია არ არსებობს, სადაც უცხოპლანეტელებს მალავენ." თუ, რა თქმა უნდა, არ არსებობს რაღაც გრანდიოზული შეთქმულება და ეს ინფორმაცია თვით ამერიკის პრეზიდენტსაც კი არ დაუმალეს", - იხუმრა მან.

ინტერვიუს დროს ობამამ გაიხსენა ის მომენტიც, როდესაც 2009 წელს პირველად შევიდა ოვალურ კაბინეტში. კოენის კითხვაზე, თუ რა იყო პირველი, რისი გარკვევაც უნდოდა გაპრეზიდენტების შემდეგ, ობამამ სიცილით უპასუხა: "სად არიან უცხოპლანეტელები?“
იმ რეაქციის შემდეგ, რაც მის განცხადებებს მოჰყვა, ობამას განმარტების გაკეთება მოუწია. "ნება მომეცით დავაზუსტო. სტატისტიკურად, სამყარო იმდენად უსაზღვროდ დიდია, რომ დიდი ალბათობით სადღაც სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს. თუმცა მზის სისტემებს შორის მანძილები იმდენად უზარმაზარია, რომ იმის შანსი, თითქოს უცხოპლანეტელები გვწვეოდნენ, ძალიან მცირეა. და ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში მე არ მინახავს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ დედამიწასთან კოსმოსური ცივილიზაციების კონტაქტი შედგა. მართლა!" - წერს ის "ინსტაგრამზე.