საქართველოს წარმომადგენელმა, ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა მილანში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ფიგურული ციგურაობის მოკლე პროგრამაში 75,46 ქულა დაიმსახურა და თავისუფალი პროგრამის წინ, მე-2 ადგილი დაიკავა. მაღალი კონკურენციის პირობებში ჩვენი წყვილი სერიოზულ შანსებს ინარჩუნებს ოლიმპიური მედლებისათვის ბრძოლაში.

თავდაპირველი პროგნოზით, მედლებისთვის ბრძოლა ოთხ წყვილს შორის უნდა წარმართულიყო: მიურა-კიხარა (იაპონია), ფაბიენ-ჰაზე და ვოლოდინი (გერმანია), ბერულავა-მეტელკინა (საქართველო), კონტი - მაჩი (იტალია).
მოკლე პროგრამაში იაპონელებმა მათთვის უჩვეულოდ, შეცდომებით იასპარეზეს და მხოლოდ მე-5 პოზიციაზე არიან, კიდევ უფრო უარესად გამოვიდნენ იტალიელები, ისინი ამ ეტაპზე მხოლოდ მე-8 ადგილზე გავიდნენ. პირველ ადგილს იკავებს გერმანელი წყვილი, რომელიც მეორეადგილოსან ბერულავა-მეტელკინას 5 ქულამდე უპირატესობით უსწრებს. მესამე ადგილს იკავებენ კანადელები პერეირა- მიჩაუდი, ხოლო მე-4 პოზიციაზე არიან უნგრელები პავლოვა-სვიატჩენკო.
აღსანიშნავია, რომ მე-2-მე-8 აგილზე გასულ წყვილებს შორის განსხვავება ქულებში, სადღაც 4-ქულამდე მერყეობს, შესაბამისად თავისუფალ პროგრამაში გამოსვლისას შეიძლება ყველაფერი მოხდეს.

ლუკა მოსკოვში დაიბადა და ფიგურულ სრიალში ვარჯიში ბაღის ასაკში დაიწყო. პირველ წარმატებასაც მოსკოვში მიაღწია. წლების შემდეგ, ჯერ სანქტ-პეტერბურგში გადავიდა, მერე კი პერმში, 2019 წელს ლუკამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო - საქართველოს ნაკრების წევრი გახდა და ჩვენს ქვეყანას არაერთი წარმატება მოუტანა უკვე.

"ჩემი მშობლები სოხუმში ცხოვრობდნენ. აფხაზეთის ომის შემდეგ კი რუსეთში გადავიდნენ. მე მოსკოვში დავიბადე, 2002 წელს. ოთხ წელიწადში ოჯახში მეოთხე წევრი გაჩნდა - ჩემი და.
სამი წლის ვიყავი, როდესაც ტელევიზორში ვუყურე ფიგურული სრიალის კადრებს და დედას ვთხოვე, ყინულზე დავეყენებინე. როგორც თავად ამბობს, ჩემი თხოვნით დიდად აღფრთოვანებული არ დარჩა. მამისგან განსხვავებით, დედას არ უნდოდა, სპორტის ამ სახეობაზე ვეტარებინე, მაგრამ მაინც მიმიყვანა. პირველი ნაბიჯები ერთეულებში გადავდგი და პირველ წარმატებასაც ამ დისციპლინაში მივაღწიე - მოსკოვის პირველობაზე ჩემპიონი გავხდი", - ჰყვებოდა ლუკა ერთ-ერთ ინტერვიუში".
მიუხედავად იმისა, რომ ლუკა რუსეთში დაიბადა და გაიზარდა, ქართულად საკმაოდ კარგად ლაპარაკობს.
"ეს ჩემი მშობლების დამსახურებაა. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები სწორედ ოჯახის წევრები არიან. ჩემთან ერთად ნერვიულობენ და ჩემთან ერთად უხარიათ". - ამბობს ლუკა.
ლუკა თავდაპირველად ალინა ბუტაევასთან ერთად გამოდიოდა - წყვილმა 2020 წლის იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე მე-7 ადგილი დაიკავა. იმავე სეზონში დუეტმა ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
2021/2022 წლების სეზონში შედგა კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილის დებიუტი. მოციგურავეები უკვე პირველივე ეტაპზე მოიპოვეს მედალი იუნიორთა გრან-პრის სერიაში. სლოვაკეთში ისინი ვერცხლის პრიზიორები გახდნენ, ხოლო იუნიორთა გრან-პრის მეორე ეტაპზე, ავსტრიაში, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე კარინამ და ლუკამ მეოთხე ადგილი დაიკავეს.
პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე დუეტმა გუნდურ ტურნირში მოკლე პროგრამაში მე-6 ადგილი დაიკავა, ხოლო ინდივიდუალურ შეჯიბრებაში - მე-9.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ისევე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე, მათ პოდიუმამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ.
2022/2023 სეზონის დიდი ნაწილი წყვილმა იძულებით გამოტოვა, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ მე-19 ადგილი დაიკავა. ტურნირიდან ერთი თვის შემდეგ წყვილი დაიშალა.
2023 წლიდან კი ლუკა ანასტასია მეტელკინასთან ერთად გამოდის, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.

ანასტასია რუსეთში, ქალაქ ვლადიმირში 2005 წლის 10 მარტს დაიბადა. ის პატარა ასაკიდან დადგა ყინულზე. ბერულავამდე სხვა პარტნიორთან გამოდიოდა, თუმცა თავის მთავარ წარმატებებს ლუკასთან ერთად მიაღწია. ისინი ერთად გახდნენ ევროპის სამივე სინჯის მედლის მფლობელები - ვერცხლი 2024 წელს, ბრინჯაო 2025 წელს და ოქრო 2026 წელს.
ზამთრის ოლიმპიადაზე კი სპორტული წყვილების თავისუფალი პროგრამა 16 თებერვალს გაიმართება.
წარმატებები ლუკასა და ანასტასიას მილანის ყინულის არენაზე.