ავტორი:

“40 წუთი მკვდარი ვიყავი“ -  რას ჰყვება ბრიტანელი მამაკაცი, რომელმაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანა?

“40 წუთი მკვდარი ვიყავი“ -  რას ჰყვება ბრიტანელი მამაკაცი, რომელმაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანა?

როგორც წესი, სიკვდილი ახალი ცხოვრების დასაწყისს არ ნიშნავს, თუმცა, ზუსტად ეს დაემართა პატრიკ ჩარნლის. ის დიდი ბრიტანეთში წარმატებული იურისტი იყო, რომელიც დაუღალავად შრომობდა ახალი მიღწევებისთვის, მაგრამ 2021 წელს, პანდემიის დროს ზეგანაკვეთური მუშაობის დროს, 39 წლის სპორტსმენს, ორი შვილის მამას, გულის შეტევა დაემართა.

ის საბედისწერო, არაფრით გამორჩეული საღამო სახლის ვახშმით დაიწყო - პატრიკი დივანზე იჯდა, ძეხვეულსა და ჩიფსებს შეექცეოდა, როდესაც მოულოდნელად გონება დაკარგა...

  • როგორც მოგვიანებით გაირკვა, მისი გული მემკვიდრეობით მიღებული დაავადების გამო გაჩერდა. პატრიკი 40 წუთის განმავლობაში იყო კლინიკურად მკვდარი. მისმა მეუღლემ გულ-ფილტვის რეანიმაცია სცადა, ხოლო ქალიშვილი და ვაჟი, რომლებიც მაშინ ცხრა და შვიდი წლის იყვნენ, დახმარებისთვის გაიქცნენ.

დეფიბრილაციის მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. პატრიკის ცოლმა გააცნობიერა, რომ ქმარი უკვე გარდაცვლილი იყო...

ბოლო იმედი ადრენალინის ინიექციები იყო, რომელიც მედიკოსებმა მას ფორმალურად გაუკეთეს და უცებ, მისმა გულმა ისევ დაიწყო ფეთქვა.

ამ შემთხვევის შემდეგ პატრიკს ცხოვრება და ცნობიერება მკვეთრად შეიცვალა. მას ტვინის ტრავმული დაზიანება დაუდგინდა, რამაც გავლენა მოახდინა მხედველობაზე, მეხსიერებასა და გამძლეობაზე.

მას აღარ შეუძლია ისე იმუშაოს და იცხოვროს, როგორც ადრე, მაგრამ რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ახლა უფრო სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს, ვიდრე ოდესმე. როგორც მან ბარნეტის პოდკასტში, "მზად ვარ სასაუბროდ“ განაცხადა, ძველ ცხოვრებას აღარ დაუბრუნდება მაშინაც კი, თუ შანსი მიეცემა და სრულყოფილად აღუდგება ჯანმრთელობა.

  • "მე ბრმამ გავიღვიძე“

მიუხედავად ყველაფრისა, პატრიკმა საკმაოდ რთული გზა გაიარა.

"მე ბრმამ გავიღვიძე. განვიცდიდი ამ ყველაფერს", - იხსენებს პატრიკი თავის პირველ მოგონებას.

მხედველობის დაკარგვამ გამოიწვია ნათელი ჰალუცინაციები. ეს ფენომენი ცნობილია როგორც “ჩარლზ ბონეს სინდრომი“ და არის ტვინის ფუნქცია, რომელიც მოულოდნელად გამქრალ ვიზუალურ შთაბეჭდილებებს “ავსებს“. პატრიკის თქმით, მის მიერ განცდილი ზოგიერთი ჰალუცინაცია "საშინელი“ იყო, ზოგი კი უცნაურად ლამაზი“.

გულის ოპერაციის შემდეგ ერთ-ერთ ასეთ მდგომარეობაში ყოფნისას, ის დარწმუნებული იყო, რომ ამერიკელი ექთანი მის მოკვლას ცდილობდა. მაგრამ ამ ჰალუცინაციებმა სიმშვიდეც მოუტანა. ერთ-ერთმა ჰალუცინაციამ ის ალპებში, სანატორიუმში გადაიყვანა, სადაც თოვლით დაფარულ მთებს გაჰყურებდა...

როდესაც მხედველობა თანდათან დაუბრუნდა, ექიმები მიხვდნენ, რომ მისი მხედველობის პრობლემები ტვინის დაზიანებით იყო გამოწვეული.

კომის შემდეგ ჩატარებულმა კოგნიტიურმა ტესტებმა აჩვენა, რომ მისი მეხსიერების მოცულობა და ინფორმაციის დამუშავების სიჩქარე 2%-მდე შემცირდა. პატრიკს მცირე კოგნიტიური პრობლემები ისევ შემორჩა.

  • "უფრო მდიდარი ცხოვრებით ვცხოვრობ“

მას მოუწია ფსიქიკურ ცვლილებებთან ადაპტაცია. ეს იყო არა დეპრესია, არამედ მდგომარეობა, რომელიც ცნობილია, როგორც პათოლოგიური აპათია, რომელსაც პატრიკი აღწერს, როგორც "დროში ტივტივის“ შეგრძნებას მყარი საფუძვლის გარეშე.

თერაპია და მედიკამენტები მოტივაციის აღდგენაში დაეხმარა. ხოლო ფსიქოლოგმა ურჩია, რომ საკუთარი თავისთვის სივრცე მიეცა.

უზარმაზარი ცვლილებების მიუხედავად, პატრიკი ამბობს, რომ დიდწილად ტკბება ამ ცხოვრებით. მან კარიერა შეიცვალა და მწერალი გახდა და ახლა უფრო მეტი დრო აქვს ცხოვრებით ტკბობისთვის.

"ახლა უფრო ნელა ვცხოვრობ, არა იმიტომ, რომ მინდა, არამედ იმიტომ, რომ აუცილებელია. მაგრამ ამას ნამდვილად ვაფასებ. სილამაზეს ბევრად უკეთ ვხედავ ყველაფერში, ვიდრე ადრე... ვგრძნობ, რომ ჩემი ცხოვრება გამდიდრდა. ჩემი ხედვა სამყაროზე რადიკალურად შეიცვალა. მადლობელი ვარ, რომ ცოცხალი ვარ“, - დასძენს პატრიკი.

  • გაუმჯობესდა პატრიკის ოჯახთან ურთიერთობაც.

"ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე... გაცილებით მჭიდრო კავშირი გვაქვს. ოჯახი ჩემთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იყო, მაგრამ ახლა შემიძლია ბევრად უფრო მეტად ჩავერთო ყოველდღიურობაში.

ახალი შეზღუდვების მიუხედავად, ახლა მიყვარს ჩემი ცხოვრება. მიყვარს სახლში ყოფნა, როდესაც ბავშვები სკოლიდან ბრუნდებიან. მსიამოვნებს მათთან დროის გატარება...“ - ამბობს ის.

წყარო

იხილეთ ასევე: