ავტორი:

პლასტიკური ქირურგია ზენიტში - რატომ "გაგიჟდა“ მსოფლიო, როგორ იქცა თურქეთი ამ მიმართულების "მექად" და რა ხდება საქართველოში?

პლასტიკური ქირურგია ზენიტში - რატომ "გაგიჟდა“ მსოფლიო, როგორ იქცა თურქეთი ამ მიმართულების "მექად" და რა ხდება საქართველოში?

მსოფლიო სილამაზის ინდუსტრია დიდი ხანია გასცდა უბრალო "თავის მოვლის“ ფარგლებს და მულტიმილიარდიან იმპერიად იქცა, სადაც სკალპელი და ლაზერი მთავარი ინსტრუმენტებია. თუ ადრე პლასტიკური ქირურგია მხოლოდ ჰოლივუდის ვარსკვლავების პრივილეგია იყო, დღეს ის ყოველდღიურობის ნაწილია. 2025 წლის შეჯამებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ კაცობრიობა სილამაზის ძიებაში რეკორდებს ხსნის: წუთში საშუალოდ 35-ზე მეტი პლასტიკური ოპერაცია ტარდება.

რა შეიცვალა გასულ წელთან შედარებით? რატომ იქცა თურქეთი მსოფლიოს "საოპერაციო მაგიდად“ და რომელი პროცედურებია ქალების ფავორიტი? - ჩვენ შევკრიბეთ უახლესი მონაცემები.

  • ციფრები: რატომ "გაგიჟდა“ მსოფლიო?

თუ 2024 წელს მსოფლიოში 17 მილიონი პლასტიკური ოპერაცია ჩატარდა, 2025 წლის წინასწარი მონაცემებით, ეს რიცხვი 18 მილიონს გადასცდა. თუმცა, ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. თუ ამ ციფრებს არაქირურგიულ პროცედურებს (ბოტოქსი, ფილერები, აპარატურული კოსმეტოლოგია) დავუმატებთ, საერთო რაოდენობა 40 მილიონს უახლოვდება.

  • რა უბიძგებს ადამიანებს ქირურგიისკენ?

ექსპერტები ამას "Zoom-ის ეფექტის“ ახალ ტალღას უწოდებენ. მაღალი რეზოლუციის კამერები, ვიდეოზარები და სოციალური ქსელები გვაიძულებენ, საკუთარ ნაკლოვანებებს 4K ფორმატში ვუყუროთ. 2025 წელს განსაკუთრებით გაიზარდა ახალგაზრდა თაობის (Gen Z) მომართვიანობა - ისინი აღარ ელოდებიან დაბერებას, ისინი "პრევენციულ“ ქირურგიას ირჩევენ.

  • ქალების არჩევანი: სილამაზის ტოპ-5 რეიტინგი

ქალბატონებისთვის პრიორიტეტები 2025 წელს მკაფიოდ არის განსაზღვრული. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრიობა ტრენდშია, ქირურგიული ჩარევის მასშტაბები მაინც იზრდება.

I ადგილი: მკერდის გადიდება - უცვლელი ლიდერი

წელიწადში 2.2 მილიონზე მეტი ოპერაცია ტარდება, თუმცა, 2025 წლის მთავარი სიახლე "მოცულობა“ კი არა, "წონაა“. პოპულარობის პიკზეა B-Lite იმპლანტები, რომლებიც ჩვეულებრივზე 30%-ით მსუბუქია. ქალებს აღარ სურთ ზედმეტი სიმძიმე, მათ სურთ ფორმა, რომელიც წლების განმავლობაში შენარჩუნდება.

II ადგილი: ლიპოსაქცია - სხეულის სკულპტურა

ეს აღარ არის უბრალოდ "ცხიმის მოცილება“. თანამედროვე ქალები ითხოვენ High-Definition ლიპოსაქციას, რაც გულისხმობს კუნთების რელიეფის გამოკვეთას. 2025 წელს ეს პროცედურა განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, როცა მშობიარობის შემდეგ ქალები ერთდროულად რამდენიმე ზონას იკორექტირებენ.

III ადგილი: ბლეფაროპლასტიკა - "გახსნილი“ მზერა

ქუთუთოების პლასტიკა სახის ოპერაციებს შორის პირველ ადგილზეა. რატომ? პასუხი მარტივია: მინიმალური რეაბილიტაცია და მაქსიმალური ეფექტი. 2025 წელს ბლეფაროპლასტიკამ რეკორდი მოხსნა აზიის ქვეყნებსა და ევროპაში, როგორც ყველაზე ეფექტურმა გამაახალგაზრდავებელმა საშუალებამ.

IV ადგილი: რინოპლასტიკა – ცხვირი, როგორც ხელოვნება

ცხვირის პლასტიკა წელს სრულიად გარდაიქმნა. "ინსტაგრამული“, ერთნაირი ცხვირების ეპოქა დასრულდა. ახლა პაციენტები ითხოვენ "უხილავ რინოპლასტიკას“ - ისეთ შედეგს, რომ ვერავინ მიხვდეს, ოპერაცია თუა გაკეთებული. გარდა ამისა, 2025 წელს ოპერაციების 40% ფუნქციურია, ანუ სილამაზესთან ერთად სუნთქვის პრობლემის მოგვარებასაც ითვალისწინებს.

V ადგილი: აბდომინოპლასტიკა - მუცლის დაჭიმვა

კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე რთულ, მაგრამ სასურველ ოპერაციად. 2025 წელს ტექნოლოგიებმა მედიცინას საშუალება მისცა, ნაკერები კიდევ უფრო შეუმჩნეველი გამხდარიყო, რამაც მოთხოვნა 10%-ით გაზარდა.

  • თურქეთი: სამედიცინო ტურიზმის "მექა“

თუ ვსაუბრობთ 2025 წლის სტატისტიკაზე, გვერდს ვერ ავუვლით თურქეთს. სტამბოლი დღეს მსოფლიოს პლასტიკური ქირურგიის ცენტრია.

  • რატომ თურქეთი? აქ ფასი და ხარისხი იდეალურ ბალანსშია. ევროპასთან შედარებით ფასები 60-70%-ით დაბალია, ხოლო კლინიკების აღჭურვილობა ხშირად ამერიკულ სტანდარტებსაც კი აღემატება.
  • რინოპლასტიკის დედაქალაქი: სტამბოლში წელიწადში იმაზე მეტი ცხვირის ოპერაცია ტარდება, ვიდრე ნებისმიერ სხვა ევროპულ ქალაქში. 2025 წელს თურქეთში სამედიცინო ტურისტების ნაკადი 15%-ით გაიზარდა.
  • სერვისი: თურქულმა კლინიკებმა დანერგეს "All-inclusive“ სისტემა პლასტიკურ ქირურგიაში - აეროპორტში დახვედრა, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და ოპერაცია ერთ პაკეტში.

  • მომავლის ტენდენციები: რა გველოდება ხვალ?

2026 წლისკენ მიმავალ გზაზე, პლასტიკური ქირურგია სულ უფრო მეტად უახლოვდება ტექნოლოგიურ რევოლუციას.

1. 3D მოდელირება: დღეს პაციენტი ოპერაციამდე საკუთარ სახეს ეკრანზე ხედავს. 2025 წელს ვირტუალური რეალობის (VR) სათვალეებით პაციენტს შეუძლია "მოიზომოს“ ახალი ცხვირი ან მკერდი.

2. მამაკაცების ბუმი: სტატისტიკა აჩვენებს, რომ მამაკაცების წილი ყოველწლიურად იზრდება. ისინი ყველაზე ხშირად ლიპოსაქციას და თმის გადანერგვას ირჩევენ.

3. სწრაფი აღდგენა: "Week-end surgery“ (შაბათ-კვირის ქირურგია) 2025 წლის ტრენდია. ოპერაციები კეთდება პარასკევს, ორშაბათს კი პაციენტი სამსახურში ბრუნდება.

  • საქართველო 2025: სილამაზის ლოკალური ტრენდები

საქართველოში პლასტიკური ქირურგიის ბაზარი 2025 წელს სტაბილურ 10-12%-იან ზრდას აჩვენებს. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ჩვენი მთავარი კონკურენტია.

1. რინოპლასტიკა - "ეროვნული ოპერაცია“საქართველოში

რინოპლასტიკა კვლავ უკონკურენტოა. თუ მსოფლიოში ის მე-4 ადგილზეა, ჩვენთან მყარ პირველ ადგილს იკავებს. საინტერესოა, რომ ქართველი მამაკაცების მიმართვიანობა ცხვირის ოპერაციაზე 2025 წელს ბევრად გაიზარდა - ძირითადად ტრავმული და სუნთქვის პრობლემების მოსაგვარებლად, რასაც ხშირად ვიზუალური კორექციაც ემატება.

2. მკერდის გადიდება

მსოფლიო ტრენდი საქართველომაც აიტაცა. ქართველი ქალები სულ უფრო ხშირად ირჩევენ კომბინირებულ ოპერაციებს. 2025 წელს საქართველოში ჩატარებული მკერდის ოპერაციების თითქმის 40% მკერდის ლიფტინგს (აწევას) და გადიდებას ერთდროულად მოიცავდა.

3. ბლეფაროპლასტიკა

საქართველოში ასევე წლებია პოპულარობას ინარჩუნებს ბლეფაროპლასტიკა. სხვათა შორის, როგორც ერთ-ერთი ცნობილი პლასტიკური ქირურგი ჩვენთან საუბარში ამბობს, ეს მცირე ჩარევა, პოპულარულია როგორც ქალებში ასევე მამაკაცებში. მათ ბევრი პოლიტიკოსი მამაკაცი აკითხავთ მსგავსი პრობლემით.