ავტორი:

“ბაჩო ახალაიას საქმეში ექსპერტიზის დასკვნა დევს, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა პაატა ბურჭულაძესთან საუბრის ჩანაწერი ყალბია“ - ანი ნადარეიშვილი

“ბაჩო ახალაიას საქმეში ექსპერტიზის დასკვნა დევს, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა პაატა ბურჭულაძესთან საუბრის ჩანაწერი ყალბია“ - ანი ნადარეიშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის განცხადებით, საქმეში ექსპერტიზის დასკვნა დევს, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა ბაჩო ახალაიას და პაატა ბურჭულაძის საუბრის ჩანაწერი ყალბია.

  • ამასთან, როგორც ნადარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, 4 ოქტომბრის მოვლენებთან ბაჩო ახალაიას კავშირის შესახებ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს.

“საქმეში დევს თავიანთი ექსპერტიზის დასკვნა, რომ ჩანაწერი არის ყალბი და ძალიან კარგად ვიცით, რომ იმ ჩანაწერის საფუძველზე არ დაუკავებიათ ბაჩო. ადამიანები ამბობდნენ თუ ეს ჩანაწერი არსებობს, მასზე მეტი მტკიცებულება რა უნდა იყოსო, მაგრამ ამ ჩანაწერის შესახებ დასკვნას, რომელიც საქმეში დევს, მიზანმიმართულად არ ასაჯაროებენ. ადვოკატებსაც გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი და ჩვენით ვერ ვასაჯაროებთ ამას, მაგრამ ახლა გავიგე, რომ ჟურნალისტებს მოუპოვებიათ და მაინც გამოქვეყნდება ეს დასკვნა.

მთელი პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს, საერთოდ მოწმეც არ ჰყავთ და ზუსტად აქედან გამომდინარე ხურავენ სასამართლო პროცესებს, რომ საზოგადოებამ არ გაიგოს სიმართლე.

პირდაპირ დასკვნა უდევთ, რომ ავთენტური არ არის ჩანაწერი. საქმის მასალებში დევს მთელი 4 ოქტომბრის მასალები, ანუ იმ ადამიანების, ვინც დაკავებულები არიან. ბაჩო ახალაიას ნაწილში საერთოდ არაფერი დევს. სახლიდან წაღებული ნივთების ექსპერტიზა მიმდინარეობს და დაამატეს მხოლოდ ის, რომ რაღაც დისკებში ვერაფერი ნახეს, ფილმების და მუსიკების გარდა. მეტი საერთოდ არაფერი დევს. ამიტომ არის ზუსტად დახურული პროცესები“, - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.

  • რაც შეეხება იმას, რომ ბაჩო ახალაიას საქმეში ანი ნადარეიშვილის მოწმის სტატუსი მიანიჭეს, მისი თქმით, აქვს უფლება მისი ოჯახის წევრის წინააღმდეგ არ იყოს მოწმე და ამ უფლებით ისარგებლებს.

„2 თვის განმავლობაში არცერთ წერილზე პასუხი არ მიმიღია პროკურატურისგან. ვითხოვდი, რომ ჩემი სტატუსი განესაზღვრათ. ბოლო, როცა ვესაუბრე პროკურორს მითხრა, რომ გამოძიების დამთავრებამდე გეტყვით, მანამდე უსტატუსო ვიყავი, რაც აბსურდია სამართლებრივად. ახლა, ამ წუთას გავიგე, რომ მოწმის სტატუსი მაქვს თურმე. მოწმე ნამდვილად ვერ ვიქნები იმიტომ, რომ კანონით მაქვს უფლება, არ ვიყო მოწმე ჩემი ოჯახის წინააღმდეგ და მე ამით ვისარგებლებ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ადვოკატთა ასოციაცია და ჩემი კოლეგებიც დამიდგებიან გვერდში და ჩვეულებრივად გავაგრძელებ მუშაობას, როგორც ადვოკატი“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.